„აფხაზეთში ამას წინათ ჩატარებული "საპარლამენტო არჩევნების", ხოლო სამხრეთ ოსეთში - "საპრეზიდენტო არჩევნებისა" და სახელწოდების შეცვლის
თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ დასავლურმა საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ადრე გაკეთებულ განცხადებებს, რომ სოხუმი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიანო და მოსკოვისადმი მოწოდებას - 2008 წლის შეთანხმების პირობებს ნუ არღვევო, დღეისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი დაემატა, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტული შედეგი იქნეს მიღწეული ქართული მიწების გაერთიანების საქმეში“, - ნათქვამია პოლონურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ვოიცეხ ვოიტასოვიჩი).
პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები, სოხუმისა და ცხინვალის ურთიერთობა მოსკოვთან, ეთნიკურ ქართველთა სტატუსი აფხაზეთში (გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის პრობლემა) და ა.შ. ავტორის აზრით, კრემლი სოხუმს და ცხინვალს კვლავ „მფარველობს“ და სხვადასხვა ხელშეკრულებების გაფორმებით მათთან კავშირებს აძლიერებს, თუმცაღა ენთუზიაზმის გარეშე ეკიდება სამხრეთ ოსეთის რუსეთისადმი მიერთების იდეას („მოსკოვი ამით ვერანაირ სარგებელს ვერ ღებულობს“).
ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსადმი დასავლეთის მიერ გამოჩენილ მხარდაჭერაზე, კერძოდ, აპრილის მეორე ნახევარში ევროპის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისატრების მოადგილეების სხდომაზე ორგანიზაციის გენმდივანმა ტუბიორნ იანგლადმა წარადგინა ვრცელი მოხსენება საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ. მის დასკვნაში მტკიცედაა დაფიქსირებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„საქართველოს პოლიტიკას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მიმართებით მხარს უჭერს ვაშინგტონიც“, - ხაზს უსვამს ავტორი და მკითხველს აცნობს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ [და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ] ცნობილ გადაწყვეტილებას (კანონს), რომელიც ადმინისტრაციას უკრძალავს იმ ქვეყნებისადმი ფინანსურ დახმარებას, რომლებიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად აღიარებს. გარდა ამისა, პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველო-აშშ-ის მოლაპარაკების მნიშვნელობას, რომელიც რვა მაისს ვაშინგტონში გაიმართა (პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა რექს ტილერსონთან და დონალდ ტრამპთან) და რომლის დროსაც შეერთებულმა შტატებმა კვლავ მტკიცედ გამოხატა თბილისისადმი მხარდაჭერა.
„მართალია, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობისა და აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციას კარდინალურად არ ცვლიან, მაგრამ იმავდროულად, ეს არის მკვეთრი სიგნალი მოსკოვისათვის. ეს ნაბიჯები მოწმობს იმა, რომ დასავლური საზოგადოება არ შერიგებია საქართველოს ნაწილების ოკუპაციას რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ შემცირდა, ამ ფონზე ქართულმა დიპლომატიამ მაინც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. იმას, რასაც დასავლეთი და განსაკუთრებით ვაშინგტონი აკეთებს საქართველოსთვის, სამომავლოდ საგრძნობი პოზიტივის მოტანა შეუძლია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების საქმეში“, - აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.
http://www.new.org.pl/5510-walka-o-parapanstwa

















