ამერიკულ რადიოსადგურ "Радио Голос Америки"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის
შეხვედრები და მოლაპარაკებები აშშ-ში ვიზიტის დროს. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა შეთანხმების გაფორმებას სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლის თაობაზე და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარებიც.
საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაგეგმილი აღნიშნულ შეთანხმების დადება და ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო: „ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობას როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სხვა მიმართულებებითაც, რომლებიც უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება და ორივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომლის მიხედვით, საქართველო აშშ-ის თანაბარუფლებიან პარტნიორი ხდება“, - ხაზი გაუსვა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის უწყების ექს-ხელმძღვანელმა განაცახდა, რომ ადრე, კონკრეტულ შემთხვევებში, როცა საჭირო იყო ინფორმაციების გაცვლა, ერთჯერადი შეთანხმება ფორმდებოდა, ახლა კი, როცა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, პროცესი უფრო სრულფასოვანი და მუდმივი ხდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორის კორნელი კაკაჩიას თქმით, ახალი გამოწვევების პირობებში, ტერორიზმისა და კიბერნეტიკული უსაფრთხოების პრობლემების ჩათვლით, გიორგი კვირიკაშვილისა და რექს ტილერსონის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს: „ჰიბრიდული ომების პირობებში და ახალი გამოწვევების დროს მხარეებს შორის კოორდინირების აუცილებლობა მატულობს, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. მოსკოვი კვლავ ცდილობს დაკარგული გავლენის აღდგენას, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წვდომას აშშ-ის ხელში არსებული ინფორმაციისადმი“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში.
ზოგადად, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის გარდა, დოკუმენტი ისეთი საკითხებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება „უმაღლესი სტანდარტების“ დონეზე. როგორც ჩანს, აღნიშნული შეთანხმება წინამძღვარია იმისა, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის სხვა უფრო მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტები გაფორმდება, - თვლის კორნელი კაკაჩია.

















