ვრცელ ინტერვიუში, რომელიც „ინტერფაქსმა“ მოსკოვში მყოფ სომხეთის თავდაცვის მინისტრს ვიგენ სარქისიანს ჩამოართვა, მინისტრი საუბრობს
პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოების პრობლემებზე, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან დამოკიდებულებაზე და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს მინისტრის ინტერვიუდან:
კითხვაზე: საქართველო ბოლო დრომდე აქტიურად მიისწრაფვოდა ნატოში გასაწევრიანებლად...., სომხეთის თავდაცვის მინისტრი პასუხობს:
- მე არ ვიცი, თუ რას გადაწყვეტს საქართველო თავისი საგარეოპოლიტიკური ვექტორის შესაბამისად. ვფიქრობ, ქართველებს თავიანთი პოზიცია აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე რეგულარულად მესმოდა იმის თაობაზე, რომ მათ მიზნად აქვთ დასახული ქვეყნის მომზადება ნატოსთან მჭიდრო კავშირურთიერთობისათვის, მასში გაწევრიანების ჩათვლით.
საქართველოსთან ურთიერთობისას მხედველობაში გვაქვს, რომ ჩვენი მეზობელი რეგიონის უძველესი ქვეყანაა, რომელთანაც ათასწლოვანი საერთო ისტორია გვაკავშირებს. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო საზღვარი, რომელიც, ალბათ, ყველაზე უძველესია მსოფლიოში, და გვაქვს ძალიან ღრმა ძმური დამოკიდებულება.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს - სომხეთ-საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ღერძი რეგიონში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ჩვენ დიდ ტკივილს ვგრძნობთ და დიდად ვდარდობთ იმ ყოველ გამწვავებაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ხდება ხოლმე. 2008 წელს ჩვენ სერიოზული დილემის წინაშე ვიდექით: ერთი მხრივ - რუსეთთან მოკავშირეობითი ურთიერთობა, მეორე მხრივ კი - კეთილმეზობლობა, უძველესი მეგობრობა საქართველოსთან. ძალიან ვამაყობ იმით, რომ სომხეთმა ურთულეს სიტუაციაში დამაბალანსებელი პოლიტიკის გატარება მოახერხა, საკუთარ თავზე აიღო ის მისია, რომელიც ესოდენ აუცილებელი იყო 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ ყველაზე დაინტერესებული მხარე ვართ იმაში, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საკეთესო, ტრადიციულად არსებული ურთიერთობა დამყარდეს. მე ვიცი, თუ როგორ უყურებენ ქართველებს რუსეთში და როგორ დამოკიდებულება აქვთ ქართველებს რუსეთის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ დრო გავა და არსებული უთანხმოება მოგვარებული იქნება.
http://www.interfax.ru/interview/561448

















