logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): სალობიე, იური ლუჟკოვი და ოკუპაციის ფარატინა კანონი
«Radio Voice of America» (აშშ): სალობიე, იური ლუჟკოვი და ოკუპაციის ფარატინა კანონი
12:19 10.05.2017
მოსკოვის ექს-მერი, 80 წლის იური ლუჟკოვი, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა - „აფხაზეთი და ცხინვალი აღარასოდეს იქნებიან საქართველოს შემადგენლობაშიო“ - მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად, საქართველოს ქრისტიანული სიწმინდეების მოლოცვას განაგრძობს. იური ლუჟკოვმა უკვე მოინახულა ვარძია, უფლისციხე, ბორჯომი, სვეტიცხოველი, ჯვარი და დაესწრო ქართველ ასურიელთა სულიერი მოძღვრის, სქემარქიმანდრიტ სერაფიმე ბიტ-ხარიბის გალობას არამეულ ენაზე, სოფელ ქანდის წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერში.

მცხეთაშივე იური ლუჟკოვმა, მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის არის მოსკოვის მთავრობის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლეონიდ ბოჩინი, „საქართველოს ყველაზე სახალხო“ რესტორან „სალობიეში“ მოილხინა, შემდეგ კი ნადიმი თბილისში, რესტორან „კახელებში“ განაგრძო.

აღსანიშნავია, რომ იური ლუჟკოვს არათუ დარღვეული აქვს (თანაც არაერთხელ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ მოსკოვის მერად მუშაობის დროს, არამედ იგი გამოირჩეოდა უკიდურესად მტრული მოქმედებებით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ისე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც მისცა უფლება იური ლუჟკოვს გადმოეკვეთა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ამ გადაწყვეტილებას შემდეგი ახსნა მოუძებნა: „იური ლუჟკოვის პასპორტიდან გამომდინარე, მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა დაედგინა. დანარჩენი, სჯობს, როცა საკითხი ბოლომდე გაირკვევა, რეაგირება მას შემდეგ მოხდეს“.

იური ლუჟკოვს 1990-2010 წლებში, მოსსოვეტის თავმჯომარისა და მოსკოვის მერის თანამდებობა ეკავა, 2001-2010 წლებში კი რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ უმაღლესი საბჭოს თანათავმჯდომარე იყო. რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა იური ლუჟკოვი თანამდებობიდან, ნდობის დაკარგვისა და კორუფციის ბრალდებით, 2010 წლის 28 სექტემბერს მოხსნა. ამის შემდეგ, ცოლ-ქმარი ლუჟკოვები რუსეთიდან მცირე ხნით გაიხიზნენ - ჯერ ვენაში, შემდეგ კი ლონდონში ცხოვრობდნენ.

იური ლუჟკოვი რუსული დერჟავნიკული პოლიტიკის ტიპიური წარმომადგენელია. იგი აქტიურად უჭერდა მხარს 1991-92 წლებში საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობას, სამხედრო პუტჩის შემდეგ კი გადამწვარ თბილისს ეწვია და დანგრეული პირველი კლასიკური გიმნაზიის აღდგენა მოსკოვის ბიუჯეტიდან დააფინანსა.

მოსკოვის მერი ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ოფიციალური პირებიდან, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე“, ჯერ კიდევ 2004 წლიდან ღიად საუბრობდა. იური ლუჟკოვი ხშირად ჩადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე ღიად უჭერდა მხარს აჭარის ავტონომიაში ასლან აბაშიძის სეპარატისტულ მმართველობას. იგი კიდევ ერთ „დერჟავნიკ“ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან ერთად, 2004 წელს, დემონსტრაციულად გაემგზავრა გემით სოხუმიდან ბათუმში იმის ხაზგასასმელად, რომ ოფიციალური თბილისის პოზიცია „ტერიტორიულ მთლიანობასთან“ დაკავშირებით მოსკოვისთვის უინტერესოა.

სოხუმში, ცხინვალსა და ბათუმში იური ლუჟკოვს პოლიტიკურთან ერთად პირდაპირი ეკონომიკური ინტერესიც ჰქონდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ფლობდა რამდენიმე სანატორიუმს (მათ შორის სანატორიუმ „მოსკოვს“ ქალაქ გაგრაში), ხოლო ბათუმში - სამშენებლო და სანავთობო ბიზნესს. აჭარაში იური ლუჟკოვი სულ ბოლოს 2004 წლის მარტში, ასლან აბაშიძის მხარდასაჭერად იმყოფებოდა, 6 მაისს კი ბათუმიდან გახიზნულ ასლან აბაშიძეს მოსკოვის „ვნუკოვო-2“-ის აეროპორტში პირადად დახვდა და მალევე რუსეთის დედაქალაქში დაასაქმა.

2005 წელს, იური ლუჟკოვის ბრძანებით, ოკუპირებულ სოხუმში, წულუკიძის ქუჩაზე, „მოსკოვის სახლის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, იური ლუჟკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა განხორციელდა, სრულიად გადამწვარი ქართული ისტორიული სოფლის - თამარაშენის ტერიტორიაზე, მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორაიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც „მოსკოვსკი“ უწოდა.


თავისი დერჟანვიკული რიტორიკა მოსკოვის ყოფილმა მერმა ახლაც, საქართველოშიც ყოფნის დროსაც განაგრძო. დღეს, ბორჯომში, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, იური ლუჟკოვი პირდაპირ ამბობს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველო უკეთ იგრძნობს თავს“: „ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვები არ დაუსვამთ. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება წარსულში უნდა დარჩეს. ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონებიდან განთავისუფლების შემდეგ, მომავალში უფრო უკეთ იგრძნობს თავს“.

ჯერჯერობით უცნობია, ვისი მოწვევით ჩამოვიდნენ საქართველოში იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი ელენა ბატურინა („ფორბსის“ შეფასებით, მისი ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს) და რატომ შემოუშვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი ქვეყანაში.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს თავი შეიკავეს განემარტათ, ჰქონდა თუ არა იური ლუჟკოვს შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

იური ლუჟკოვი რამდენიმე ქვეყანას (უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი. 2011 წელს, ლატვიამ იური ლუჟკოვი (და მისი ოჯახის წევრები) „არასასურველი პირების კატეგორიაში“ შეიყვანა იმ მოტივით, რომ მას „ლატვია არ უყვარს და ქვეყნის დამოუკიდებლობას პატივს არ სცემს“. იური ლუჟკოვი და ელენა ბატურინა მაშინ ლატვიის მოქალაქეობის მიღებას ცდილობდნენ, დიდი ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ, რაზეც ოფიციალურმა რიგამ უარი განაცხადა.

იური ლუჟკოვს შარშან 80 წელი შეუსრულდა, იუბილეზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ძველი წყენის დასავიწყებლად, იგი ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა, იური ლუჟკოვმა ეს ჯილდო „გადასახლებიდან დაბრუნებას“ შეადარა.
-------------
საქართველოში იური ლუჟკოვის ყოფნის თაობაზე მასალა გაავრცელა ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმაც სათაურით „საქართველოში იური ლუჟკოვის შესვლის გამო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახსნა-განმარტების მიცემა მოუწია“ (იხილეთ წყარო: http://www.bbc.com/russian/news-39853202).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა