საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის დამაჯერებელ გამარჯვებას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, დიდი
კმაყოფილებით შეხვდნენ საქართველოში. გასაგებია კმაყოფილების საფუძველიც, რადგან პოლიტიკური მოძრაობის „წინ“ ლიდერის, ცენტრისტი პოლიტიკოსის - 39 წლის ემანუელ მაკრონის - გამარჯვება ერთიანი, ძლიერი ევროპისა და ევროინტეგრაციის მომხრეთა გამარჯვებად აღიქმება.
ანალიტიკოსები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჭრილში განიხილავენ. მათი აზრით, „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის, ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსის - მარინ ლე პენის - გამარჯვება, რაც რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს, საქართველოსთვის ისტორიული შანსის წართმევის მანიშნებელი იქნებოდა, რადგან სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა ქვეყნის წინსვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
რამდენად ჩავლილად შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს საფრთხე თვალსაწიერ მომავალში?
„დღევანდელი არჩევანით ფრანგმა ხალხმა დაადასტურა თქვენდამი განსაკუთრებული ნდობა და სწრაფვა კეთილდღეობისა და შემდგომი განვითარებისათვის. ეს არის არჩევანი ძლიერი საფრანგეთისა და ძლიერი ევროპის მხარდასაჭერად, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის მომავლისათვის“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველი წინასწარი შედეგები გახმაურდა. გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის პირობებში, კიდევ უფრო გაღრმავდება საფრანგეთისა და საქართველოს შედეგიანი პარტნიორობა.
პოლიტიკური მოძრაობის „წინ“ ლიდერის გამარჯვებას ასევე სწრაფად გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ვულოცავ ემანუელ მაკრონს და საფრანგეთს. მოუთმენლად ველი ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, - დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა 7 მაისს, ღამით, Twitter-ზე.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამხარ, თბილისის კმაყოფილება სავსებით გასაგებია ანალიტიკოსებისთვის და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრისტი ემანუელ მაკრონი ერთიანი, ძლიერი ევროპის იდეას უჭერს მხარს და კრიტიკულად აფასებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, ხოლო ულტრანაციონალისტ მარინ ლე პენის რიტორიკა და მიზნები დიდწილად ემთხვევა მოსკოვის მიზნებსა და მისწრაფებებს. მარინ ლე პენი მხარს უჭერს, მაგალითად, ევროკავშირიდან საფრანგეთის რაც შეიძლება მალე გასვლას, ევროკავშირისა და ნატოს დასუსტებას და რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას. ამ შინაარსის განცხადება მარინ ლე პენმა გააკეთა, მაგალითად, მარტში, მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ: „რასაკვირველია, მიზნად დავისახავდი სანქციების რაც შეიძლება მალე გაუქმებას იმის იმედითა და იმ პირობით, რომ, თავის მხრივ, რუსეთიც გააუქმებს სანქციებს, რომლებიც, მაგალითად, საკვები პროდუქტების იმპორტზე შემოიღო“. (...)
როგორც "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) წარმომადგენელმა ნოდარ ტანგიაშვილმა აღნიშნა 8 მაისს რადიო „თავისუფლების“ პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, რუსეთი იმედგაცრუებულია, რადგანაც მოსკოვი ცდილობდა, მაგრამ მას შედეგი ვეღარ მოუტანა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აპრობირებული კიბერთავდასხმათა მეთოდების საფრანგეთში გამოყენების მცდელობამ.
თუმცა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთში ამ ეტაპზე არც ჰქონდათ ილუზიები მარინ ლე პენის გამარჯვებასთან დაკავშირებით, რადგან საფრანგეთში ჯერ-ჯერობით ისევ მძლავრია პოლიტიკური მექანიზმები, რომლებიც არ დაუშვებენ რადიკალი პოლიტიკოსის მოსვლას ქვეყნის სათავეში. არადა, ნაციონალისტური იდეების მქადაგებელი ულტრარადიკალი ლიდერის გამარჯვება ნამდვილად მოსკოვის წისქვილზე დაასხამდა წყალს: „რუსეთს აწყობს ევროკავშირის დასუსტება და დეზინტეგრაცია; რუსეთს აწყობს ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანების მიმართ; რუსეთს აწყობს, რადგან მას ყოველთვის ეყოლება ევროპაში თავისი ერთგვარი ლობი... ბევრი მიზეზი არსებობს, რატომაც შეიძლება აწყობდეს რუსეთს. რუსეთი ყოველთვის, სადამდეც მას თავისი რესურსი ეყოფა, ევროპაში მოძებნის მისდამი ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსებს, როგორიც არის, თუნდაც, მაგალითად - მარინ ლე პენი“.
ის, რაც მომგებიანია რუსეთისთვის, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მნიშვნელოვან ინტერესებს. როგორც საქართველოს ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ უთხრა რადიო „თავისუფლებას“, თუკი მარინ ლე პენი დაიკავებდა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს და წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებდა, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებდა საქართველოს ინტერესებსაც: „თუკი საფრანგეთი გავიდოდა შენგენიდან, ევროზონიდან და ევროკავშირიდან, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ნაკლებად მიმზიდველი გახდებოდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასათვის... ნაკლები იქნებოდა საქართველოს მიმზიდველობა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შეიძლება საქართველოში შეიქმნას ან იქმნება იმ მიზნით, რომ მერე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლონ და ევროკავშირის 500- მილიონიან ბაზარზე გაიტანონ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია. მნიშვნელობა არა აქვს, ეს აზიური თუ სადაური ინვესტიციები იქნებოდა... ეს იმოქმედებდა თავისუფალ მიმოსვლაზეც. კი, შენგენის სხვა ქვეყნებში ჩავიდოდით, მაგრამ ვერ ჩავიდოდით საფრანგეთში. ეს ყველაფერი პრესტიჟის და იმიჯის მომენტიც არის და ეს ფაქტორი ძალიან ცუდად იმოქმედებდა ჩვენზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთოდ, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წევრობაზე - ეს საკითხები კიდევ უფრო ჩაიჩოჩებდა და არააქტუალური იქნებოდა. მართალია, ეს არ არის დღეს და ხვალ გადასაწყვეტი საკითხები, მაგრამ ამ საკითხების საერთოდ გაქრობა, პრინციპული უარის მიღება, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს“.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მართალია, ემანუელ მაკრონმა 7 მაისს არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მაგრამ ულტრანაციონალისტური ტენდენციების საფრთხე არ გამქრალა და თვალსაწიერ მომავალში მან, შესაძლოა, ახალი ძალით იჩინოს თავი. ასეთი პროგნოზის წინაპირობად განიხილება ულტრანაციონალისტური იდეებისა და კონკრეტულად მარინ ლე პენის მისამართით გამოვლენილი მზარდი მხარდაჭერა. ზაალ ანჯაფარიძის თქმით, „სამომავლო გამარჯვების იმედით, რუსეთი მარინ ლე პენს ხელს არ გაუშვებს და გააგრძელებს მასთან მუშაობას“. მამუკა კუდავას აზრით კი, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული პრეზიდენტი იქნება ემანუელ მაკრონი და რამდენად შეძლებს ის ქვეყნის წინ წაწევას, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
----------
საფრანგეთის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის არჩევასთან და სამხრეთ კავკასიაში მის სავარაუდო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო «Trend»-ის თხოვნით, კომენტარი გააკეთა რუსმა პოლიტოლოგმა ევგენი მიხაილოვმა: „სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი მოთამაშეები მხოლოდ რუსეთი და თურქეთი არიან. საფრანგეთის პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებისადმი ევროკავშირის კოლექტიური პოზიციის ამსახველი იქნება. აქედან გამომდინარე, პარიზისთვის სპეციალური სამხრეთ კავკასიური დიპლომატიის გატარება, თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, აბსოლუტურად არააქტუალურია“ (იხილეთ წყარო: http://www.trend.az/world/europe/2751335.html).

















