ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 30 კონგრესმენის წერილით, რომელიც მათ საქართველოს მხარდასაჭერად პრეზიდენტ
დონალდ ტრამპს გაუგზავნეს, აშშ-თან „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ (FTA) გაფორმების მივიწყებული თემა ისევ „გაცოცხლდა“.
კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რესპუბლიკელი თედ პოსა და დემოკრატი ჯერალდ კონოლის ინიციატივით, გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება ამერიკის, საქართველოს, მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“.
პირველად ეს იდეა სენატორებმა ჯონ კერიმ და დევიდ დრაიერმა გააჟღერეს, როცა 2009 წლის მაისში, „ვაშინგტონ პოსტში“ რუსეთთან ომგადახდილი მოკავშირის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს, თუმცა მომდევნო წლებში რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.
ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, რომ ეს უმნიშველოვანესი პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა, ხელისუფლება მუდმივად პასუხობდა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკება არც დაწყებულა.
პარლამენტის ვიცე სკიპერმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს განმარტა, რომ მოლაპარაკების შეფერხებას „ობიექტური პირობები ჰქონდა, რომელიც ამერიკული მხრიდან მომდინარეობდა“ და ახალმა გზავნილმა მოლაპარაკებას ძლიერი იმპულსი უნდა მისცეს: „კონგრესმენების წერილში ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის საკითხი, ანუ ის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარებები უნდა დაიწყოს. როგორც წერილის შინაარსი, ისე ის ფაქტი, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მხარდამჭერი კონგრესმენების რიცხვი სულ უფრო იზრდება, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის ბაზრების გახსნას, ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს მოიცავს.
საქართველოს ამჟამად ასეთი რეჟიმი ევროკავშირთან (DCFTA, EFTA), თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან აქვს დაწესებული. 2017 წელს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ასევე უნდა ამოქმედდეს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან. აპრილის დასაწყისში, დელისა და თბილისს შორის მოხდა შეთანხმება წინასწარი კვლევის დაწყების თაობაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი რეჟიმის ინდოეთთან დაწესება.
აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამ დროისთვის 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის, ევროპული სახელმწიფო არ არის. ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის (T-TIP) ამბიციურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ პრობლემატურად მიდის.
2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ საქართველოსთან მიმართებაში „ჯექსონ-ვენიკის 1974 წლის შესწორებით“ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები მოხსნა, 3700 დასახელების ქართული საექსპორტო პროდუქცია, ამერიკის ბაზარზე, პრეფერენციების განზოგადებული სისტემით GSP (Generalized System of Preferences) გათვალისწინებული შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი წერილის კომენტარისას, კერძოდ, ბრძანა: „საქართველოს აქვს ორპარტიული, მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს და პრეზიდენტს საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდებს“.
ეკონომიკის ექსპერტების აზრით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ხანგრძლივი პროცესია. მაღალ გადახდისუნარიან და სტაბილურ საექსპორტო ბაზართან თავისფლად დაკავშირება კი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით, ინვესტიციებს იმ სექტორებში გაზრდის, საიდანაც ამერიკაში ექსპორტი ხორციელდება.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 68 მილიონ დოლარზე მეტი საექსპორტო პროდუქცი გავიდა, აშშ-დან კი 213 მილიონი (აშშ-ის ცნობით - 324 მილიონი) დოლარის იმპორტი განხორციელდა. 2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლით, საქართველო-აშშ-ს შორის ექსპორტი - 30 მილიონს, ხოლო იმპორტი - 55 მილიონ დოლარს აღემატება.
----------
საქართველო-აშშ: ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, აშშ დოლარებში (1995-2017 წლებში):
1995 – 628 000 (ექსპორტი) - 43 300 000 (იმპორტი);
1996 – 1 137 000 - 59 159 000;
1997 – 4 247 000 - 102 510 000;
1998 – 10 978 000 - 80 832 000;
1999 – 10 148 000 - 79 487 000;
2000 – 7 138 000 - 69 567 000;
2001 – 8 752 000 - 64 073 000;
2002 – 13 453 000 - 68 788 888;
2003 – 15 357 000 - 90 728 000;
2004 – 21 230 00 - 110 877 000;
2005 – 26 748 000 - 146 854 000;
2006 – 58 509 000 - 129 608 000;
2007 – 149 036 000 - 203 891 000;
2008 – 102 197 000 - 358 084 000;
2009 – 36 933 000 - 231 622 000;
2010 – 187 225 000 - 180 959 000;
2011 – 143 466 000 - 245 871 000;
2012 – 226 194 000 - 213 468 000;
2013 – 137 551 000 - 254 266 000;
2014 – 207 365 000 - 287 172 000;
2015 – 104 190 000 - 252 974 000;
2016 – 68 250 000 - 213 763 000;
2017 – 30 222 000 - 55 034 000 (სამი თვე).
-------------
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აშშ-დან (1997-2017 წლებში):
1997 – 96 651 000;
1998 – 104 427 000;
1999 – 59 151 000;
2000 – 38 717 000;
2001 – 23 281 000;
2002 – 82 183 000;
2003 – 72 064 000;
2004 – 81 164 000;
2005 – 15 025 000;
2006 – 182 651 000;
2007 – 84 412 000;
2008 – 167 920 000;
2009 – 59 000 000;
2010 – 135 818 000;
2011 – 28 106 000;
2012 – 20 254 000;
2013 – 44 813 000;
2014 – 181 866 000;
2015 – 18 449 000;
2016 – 45 017 000;
2017 – ?

















