ჩერნოგორიის პარლამენტმა 28 აპრილს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამასთან დაკავაშირებით
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი მიხეილ სმოტრიაევი ესაუბრა ჰელსინკში (ფინეთი) არსებულ საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორს არკადი მოშესს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს საუბრიდან:
- შეიცვლება თუ არა ძალთა ბალანსი ევროპაში?
- ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანება ევროპაში ძალთა ბალანსის ცვლელებას არ გამოიწვევს, რადგან ამ ქვეყნის მიღება წმინდა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ჩერნოგორიის არმია სულ ორიოდე ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის და ტექნიკაც უმნიშვნელო რაოდენობთ აქვს. სხვა საქმეა გაწევრიანების პოლიტიკური მნიშვნელობა: პოდგორიცის მიღება ნატოში ნიშნავს, რომ ალიანსი ფართოვდება, რაც რუსეთის გაღიზიანებას და ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. იბადება კითხვები ევროპულ უსაფრთხოების ირგვლივ თურქეთთან დაკავშირებითაც, ანკარისა და მოსკოვის ინტეგრირების ფონზე. ამ შემთხვევაში პრობლემა უფრო სერიოზული და ღრმაა, თუმცა რუსეთ-თურქეთის ერთმანეთთან დაახლოების პროცესის მიუხედავად, ამ ორ ქვეყანას შორის, საბოლოო ჯამში, სამხედრო-პოლიტიკური კავშირი არ გაფორმდება.
- ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას - მაგალითად, საქართველოს - ნატო დაპირდა, რომ თავის რიგებში მიიღებდა, მაგრამ ახლო პერსპექტივაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვებს იწვევს...
- ვფიქრობ, ალიანსს არასდროს არ ჰქონია იმის რეალური, ბუნებრივი სურვილი, რომ საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნები ნატოს წევრები გამხდარიყვნენ. კი, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებაში მათი მიღების საკითხი ჩაწერილია, მაგრამ ეს იყო ერთგვარი კომპრომისი, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში სიტუაციიდან გამოსასვლელ ელეგანტურ დიპლომატიურ ნაბიჯად იქნა წარმოდგენილი. ალბათ, უფრო უკეთესი იქნებოდა შედარებით მტკიცე და მკაფიო პოზიციის გამოჩენა... ჩემი აზრით, დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს გაფართოების რეალური პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა მოსკოვი ამ ფაქტორით მაინც ისარგებლებს და საფრთხობელასავით გამოიყენებს.
- როგორ მიგაჩნიათ - როცა ნატო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უარს ეუბნება ნატოში გაწევრიანებაზე პერსპექტივაშიც კი, ამით ალიანსი ამ ქვეყნებს მოსკოვის გავლენის ზონაში ხომ არ მიერეკება?
- არა, ამაში ვერ დაგეთანხმებით. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების მანძილზე ამ ქვეყანასთან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, ასეთმა კურსმა უკვე გამოიღო გარკვეული შედეგები, თუმცა ეს არ ნიშნავს თბილისის ოფიციალური პოზიციის შეცვლას. თბილისს კვლავ სურს, რომ იყოს უსაფრთხოების დასავლური სისტემის მონაწილე. საქართველოში არ გამქრალა დასავლური გარანტიების მიღების სურვილი. ამ შემთხვევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მტკიცედ დასვამენ საკითხს მოსკოვი და ბრიუსელი დღის წესრიგში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დასავლეთი ამ საკითხის გატანას მაინცდამაინც არ მიაწვება, მოსკოვიც, ალბათ, სიფრთხილეს და ზომიერებას გამოიჩენს. თუმცა ამ ფონზე საქართველო თავის საგარეოპოლიტიკურ კურსს მაინც არ შეიცვლის, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერსპექტივაში მაინც. რაც შეეხება უკრაინას, სანამ მის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტი მიმდინარეობს, ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრი თეორიულადაც კი ზედმეტია.
http://www.bbc.com/russian/features-39734726

















