საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე პანკისის ხეობის მცხოვრებნი იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც
ადგილობრივი უძველესი სამლოცველო დაანგრიეს. როგორც ცნობილია, პანკისის ხეობა ბოლო წლებში რადიკალური ისლამის მქადაგებლების გავლენის ქვეშ მოექცა. ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია: სამლოცველოს დანგრევა სწორედ მათი, რადიკალი ისლამისტების ბრალია. ტელეკომპანია „მირ-24“-ის კორესპონდენტი მიხეილ რობაქიძე პრობლემაში გარკვევას ცდილობდა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რეპორტაჟის ქართულენოვან რეზიუმეს:
---------
ტყის განაპირას, სადაც ახლა ქვებია გაფანტული, ადრე პატარა სამლოცველო იდგა - საკულტო ნაგებობა, სადაც ქრისტიანებიც და მაჰმადიანები დადიოდნენ... პანკისის ხეობაში უკვე ორი საუკუნეა ორივე რელიგიის მიმდევრები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ.
„ეს აშკარად არაა შემთხვევითობა. განა ვის უშლიდა ხელს ეს ნაგებობა? ჯერ კიდევ აღდგომამდე შენობა ხელუხლებელი იდგა, ის ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს. როგორ შეიძლებოდა მისი დანგრევა? თანაც ისე გაშმაგებით, რომ ქვები ირგვლივ მიმოფანტულიყო?“, - ჩივის ადგილობრივი მცხოვრები ჯარაფ ხანგოშვილი.
მოსახლეობის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რაიონში საკულტო ნაგებობას ანგრევენ. „არანაირი განსხვავება არ არის იმაში, მოქმედებდა თუ არა ეს სამლოცველო. ჩვენთან ეკლესიები არც ისე ბევრია. სამაგიეროდ მეჩეთები, სადაც რადიკალური ისლამის ქადაგება მიმდინარეობს, ბოლო დროს უკვე რამდენიმე სოფელში ააშენეს“, - გვიამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნინელი ციხელაშვილი.
პანკისის ხეობის უხუცესები ხაზს უსვამენ: ტრადიციული ისლამი სხვა რელიგიების მიმდევრების მიმართ ყოველთვის თმენას და მათი რწმენისადმი პატივისცემას ითვალისწინებს. შესაბამისად, ადგილობრივები ამგვარ დანაშაულებრივ ნაბიჯს არ გადადგამდნენ.
„გვინდა გვჯეროდეს, რომ ეკლესიის დანგრევა რაიმე ბოროტი განზრახვით არ მომხდარა. შესაძლოა, ეს მოზარდებმა გააკეთეს, რომლებიც ჩვენს ხეობაში შემთხვევით აღმოჩნდნენ. ძალიან აღშფოთებულნი ვართ მომხდარით“, - ამბობს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი.
პოლიციის ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები გამოძიებას აწარმოებენ. ჯერ-ჯერობით დეტალები უცნობია. მიმდინარეობს იმ პირების დაკითხვა, რომლებთაც ვანდალების კვალზე გაყვანა შეუძლიათ.
შარშან გაზაფხულზე პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში მოქმედი ტაძრის დაწვას შეეცადნენ, რაც, საბედნიეროდ, აღკვეთილი იქნა. მთის ერთ-ერთ უღელტეხილზე კი უცნობმა პირებმა ქრისტიანული ჯვარი კვარცხლბეკიდან გადმოაგდეს.
http://mir24.tv/news/society/16026335

















