ბრიტანული «ВВС»-ს რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს შიდა ქართლის მხარეში
მდებარე ცხინვალის რეგიონში (სეპარატისტულ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“) ჩატარებული "რეფერენდუმი", "საპრეზიდენტო არჩევნები" და არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები: საქართველოსა და რუსეთის რეაქცია, დასავლეთის სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება და ა.შ. გარდა ამისა, პუბლიკაციაში მოცემულია ინტერვიუ "არჩევნებში" გამარჯვებულ ანატოლი ბიბილოვთან.
„იმის ალბათობა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, თითქმის 100%-იანია. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რასაც ვამბობთ. სამი წელი დარჩა იმ მომენტამდე, როცა ასი წელი შესრულდება ოსი ხალხის გაყოფის დღიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღეს არსებული ისტორიული უსამართლობა აღმოიფხვრას და აღარ იყოს. ყველა ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ თუ სიტუაციაში უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ორად გაყოფილ ეთნოსს დავინახავთ“, - ამბობს ანატოლი ბიბილოვი „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში და აკონკრეტებს, რომ „სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში მოხდება“. მისი თქმით, ამ საკითხზე მოსკოვში მისი ვიზიტის დროსაც იმსჯელეს. ამასთან, ანატოლი ბიბილოვს არ დაუზუსტებია, ვისთან ჰქონდა მოლაპარაკება და აღნიშნა, რომ საკითხის „გაცნობიერება ერთია, პოლიტიკური პროცესები კი მეორე“.
ანატოლი ბიბილოვის განცხადების თაობაზე „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტმა კომენტარი სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილის თქმით, „ცხინვალის რეგიონში ოსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სახელწოდების შეცვლის მიზნით არალეგიტიმურია. მასში მონაწილეობა არ მიუღიათ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგიონიდან იძულებით არიან გამოდევნილნი. რაც შეეხება რუსეთთან გაერთიანების თემას, ეს ახალი არაა, ამ საკითხით სპეკულირება ადრეც ხდებოდა. ეს ყველაფერი რეალურად გაერთიანება კი არა, არამედ ანექსიის მცდელობაა და მასზე სხვაგვარად ვერ ვისაუბრებთ. ანატოლი ბიბილოვის განცხადება აშკარად პროვოკაციულია.... ჩემთვის მნიშვნელოვანია ორი მომენტი: პირველი - [რუსეთის შემადგენლობაში შესვლა] არალეგიტიმური იქნება და მეორე - ამას არანაირი საერთო არ აქვს რეგიონის მოსახლეობის ნების გამოხატვასთან, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქ არ ცხოვრობს“.
http://www.bbc.com/russian/features-39568851

















