იტალიურ გამოცემა «La Stampa»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ბოლო დროს ევროპასა და რუსეთში მომხდარი ტერორისტული
აქტები და აღნიშნულია, რომ ამ ტერაქტების შემსრულებლები ძირითადად უზბეკები არიან. ამ ფონზე პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა სტამბოლის ათა-თურქის სახელობის აეროპორტში 2016 წელს მომხდარ ტერაქტს, რომელშიც უზბეკი „სმერტნიკები“ და ერთი დაღესტანელი მონაწილეობდა და რომელიც ჩეჩენი აჰმად ჩატაევის მიერ იყო ორგანიზებული (ავტორი - ჯორდანო სტაბილე).
გთავაზობთ სტატიის ფრაგმენტს, რომელშიც ავტორი აჰმად ჩატაევის ტერორისტულ საქმიანობას ასახავს და მასში საქართველოც არის მოხსენიებული:
„აჰმად ჩატაევმა, მეტსახელად „ცალხელამ“, ერთი ხელი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაკარგა. 37 წლის ტერორისტს, რომელიც „კავკასიის იმარატის“ ემირის ექს-მოადგილეს, „ევროპული საქმიანობის“ უდიდესი გამოცდილება აქვს. იგი ჩეჩნეთის ომიდან გამოქცევის შემდეგ ჯერ ავსტრიაში იმალებოდა, მაგრამ პრობლემები გაუჩნდა იარაღით ვაჭრობის საქმეში. 2008 წელს აჰმედ ჩატაევი შვედეთში გადადის, მაგრამ იქაც პრობლემები აქვს ჩეჩენი ბოევიკებისათვის იარაღის არალეგალურად მიწოდების გამო. დააპატიმრეს, ციხეში ერთი წელი იჯდა, შემდეგ მიდის საქართველოში, სადაც ჩეჩნების ჯგუფთან ერთად, სამი პოლიციელის მკვლელობაში მონაწილეობს. ამის მიუხედავად, „წყლიდან მაინც მშრალად გამოდის“ და რუსეთში ექსტრადირებას თავიდან იცილებს.
„ცალხელა“ დროებით პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში გადაბარგდა. სხვათა შორის, დუისი „დაიშ“-ის („ისლამური სახელმწიფოს“) ყველაზე დაუნდობელი და იმავდროულად ჭკვიანი საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის (იგივე ომარ ალ-შიშანის) მშობლიური სოფელია. აჰმად ჩატაევი თარხან ბათირაშვილის თანამოაზრეებს სირიაში 2015 წელს შეუერთდა და იმ პერიოდიდან იგი „საგარეო ოპერაციების“ განხორციელებას იწყებს“.
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული აგრეთვე „ცალხელას“ მიერ ორგანიზებული ტერაქტები ევროპაში და მისი თანამზრახველი ტერორისტების ვინაობა.

















