„ყარაბაღელი სეპარატისტების მსგავსად, „თავიანთი სახელმწიფოსათვის“ სახელის გადარქმევა მათმა უბედურმა მეგობრებმაც - ე.წ. „სამხრეთ ოსებმაც“
მოისურვეს“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც აზერბაიჯანელი მკითხველი საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში (ცხინვალის რეგიონში) ოსი სეპარატისტების მიერ ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებისა და სახელწოდების შეცვლის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეცნობა (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სახელის გადარქმევის იდეის წინაისტორია, ოსი სეპარატისტების ჩანაფიქრი, საერთშორისო თანამეგობრობის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის მიმართ გამოხატული ნეგატიური რეაქცია, მომხდარი ფაქტების დაგმობა და სხვა მომენტები. ხაზგასმულია ოსი სეპარატისტების ამორალური ქცევა, რომლებმაც თავიანთი არჩევნები და რეფერენდუმი ქართველი ხალხისათვის მნიშვნელოვან დღეს - ცხრა აპრილს დაამთხვიეს.
„აქვე იმასაც ვიტყვით, რომ სახელწოდების შეცვლა უფრო ადრე ყარაბაღელმა სომხებმაც მოისურვეს და მათ 20 თებერვალს რეფერენდუმი ჩაატარეს, რომლის მიხედვით, „მთიან ყარაბაღს“ „არცახის რესპუბლიკა“ უწოდეს, „თუმცა ეს ცვლილება მხოლოდ სეპარატისტთა ცხელ თავებში დარჩება“. საინტერესოა, რაში ჭირდებათ მათ ეს რეფერენდუმები? გასაგებია, რომ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც თვითგამოცხადებული წარმონაქმნების ხელმძღვანელები არიან, თავიანთი ამბიციები აქვთ, მაგრამ ღონისძიებების ორგანიზაციას ხომ თანხები ჭირდება? რატომ ხარჯავენ ისინი ფულს ამ უსარგებლო ხმის მიცემებზე, არჩევნებსა და რეფერენდუმებზე? ამგვარ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია, - აღნიშნავს «Каспiй»-ს კორესპონდენტი და კომენტარისათვის კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პოლიტიკურ ანალიტიკოსს გელა ვასაძეს მიმართავს:
„რეფერენდუმი ყირიმული ანექსიის გაგრძელებაა. ცხინვალელ კოლაბორაციონისტებს ძალიან უნდათ რუსული ელიტის ნაწილი გახდნენ და მათი თამაშის წესებით ითამაშონ. მაგრამ კრემლს ეს არ სურს, რადგან რუსეთს ისედაც რთული საერთაშორისო მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმწვავდება. არაა გამორიცხული დამატებითი სანქციების გამოცხადებაც. საერთოდ კი, მოსკოვს ცხინვალის რეგიონის ანექსია რომ სდომებოდა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა და არც არავის შეეკითხებოდა. ასე რომ, ეს უფრო ადგილობრივი ინიციატივა მგონია და საეჭვოა, მას კრემლმა მხარი დაუჭიროს. სიტუაცია მხოლოდ დასავლეთთან ურთიერთობის მკვეთრად გაურესებამ შეცვალოს, რაც, პრინციპში, მოსალოდნელიც კი არის“, - ამბობს გელა ვასაძე.
როგორც პოლიტოლოგმა თენგიზ აბლოთიამ გვითხრა, იგი სამხრეთ ოსეთისათვის სახელწოდების „ალანეთად“ გადარქმევაში რაიმე მნიშვნელოვან აზრს ვერ ხედავს:
„უბრალოდ, ოსები თვლიან, რომ ძველი ალანების სთამომავლები არიან. ჩრდილოეთ ოსეთმა ჯერ კიდევ წლების წინ დაირქვა ასეთი სახელი - „ჩრდილოეთ ოსეთი - ალანეთი“. ჰოდა, სამხრეთელებმაც იგივე მოისურვეს, ანუ, ასე ვთქვათ, „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“. პრაქტიკული შედეგი ამგვარი გადაწყვეტილებისგან იგივეა, რაც ქალაქის სახელის შეცვლას მოსდევს, ანუ ძალიან პირობითი და სიმბოლური. ალბათ, ოსებისთვის ეს ამას აქვს მნიშვნელობა ჩვენს დროში სიმბოლოებიც საჭიროა“.

















