აზერბაიჯანულ გამოცემა «kaspiy»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში
მომხდარი მოვლენები - ლიბერალური სავიზო რეჟიმის ძალაში შესვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, სიტუაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიდა ქართლში, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები და ამ მოვლენების ურთიერთკავშირი (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის რეზიუმეს:
ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ანუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა გატაცება-დაკავება გახშირდა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მოსკოვის ერთგვარი „შურისძიებით“ ხდება, რომელიც გაღიზიანებულია ქვეყნის წარმატებებით, მაგალითად, ვიზალიბერალიზებით. რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა გავლენას ახდენს ქართული საზოგადოების პოზიციაზე: აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში პროდასავლური კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა 53%-ია, პრორუსულისა კი მხოლოდ 12%.
პუბლიკაციის ავტორმა კომენტარისთვის მიმართა პოლიტოლოგ გელა ვასაძეს, რომლის აზრით, გამოკითხვის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ერთი კვირის წინათ ძალაში შესულმა ლიბერალურმა სავიზო რეჟიმმა ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან:
„მიმაჩნია, რომ IRI-ს გამოკითხვის შედეგები სრულიად ბუნებრივია. საქართველოს მოსახლეობამ პირველად იგრძნო საკუთარ თავზე პროდასავლური კურსის სიკეთე - იმ კურსისა, რომელსაც ქვეყანა 25 წლის მანძილზე ატარებს. ამ კურსმა საქართველო საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ზრდამდე უნდა მიიყვანოს, უსაფრთხოების განმტკიცებამდე და ა.შ. ვიზალიბერალიზების დადებითი ეფექტი აბსტრაქტული კი არა, სრულიად რეალური და ხელშესახებია: იღებ ავიაბილეთს და პრაქტიკულად ევროპის ყველა სასურველ ქვეყანაში მიდიხარ. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქისათვის ეს არის ევროპის მხარდაჭერის რეალური დადასტურება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

















