რატომ უნდა გააგრძელოს დასავლეთმა რუსეთზე დაწესებული სანქციები და როგორ
აისახება ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა რუსეთზე და ევროპაზე? ამ თემას ეძღვნება ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.
ანგარიშს ამერიკული რადიოსადგური „Radio Voice of America“ აქვეყნებს.
სანქციებმა რუსეთის დამატებითი აგრესია აღკვეთა, ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნა და რუსეთის ეკონომიკური ზრდა შეაჩერა - ეს არის სამი მიზეზი, რის გამოც ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს: „სანქციების მოხსნით ან შემსუბუქებით ჩვენ რუსეთზე ყველანაირ ბერკეტს დავკარგავთ. ამიტომაც, სულ მცირე, სანქციები უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მათ უარყოფითი გავლენა ამერიკის ეკონომიკაზე არ მოუხდენია“. ამასთან, ანდერს ფოგ რასმუსენს არ აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი სანქციებს გაამკაცრებს.
კითხვაზე, წაახალისა თუ არა დასავლეთმა რუსეთი 2008 წელს, როცა საქართველოს და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარი უთხრა, ანდერს ფოგ რასმუსენი პასუხობს, რომ ორ ქვეყანას მაშინ „მაპ“-ი უნდა მიეღო.
„2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიგვეცა. ეს კრემლს აჩვენებდა, რომ საქართველოში შეჭრა ცუდი იდეა იქნებოდა. 2008 წელს ალიანსმა გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა თქვენი ნება და აუცილებელი კრიტერიუმების შესრულება. ახლა ამ კრიტერიუმებზე ვმუშაობთ. წევრობის ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვით, მაგრამ რაც მეტს გააკეთებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მოვა გაწევრიანების დრო.“
ანდერს ფოგ რასმუსენი ასევე ამბობს, რომ ალიანსში ჩერნოგორიის მიწვევა იმის მაგალითია, რომ ნატოს წევრობას თავად ალიანსი წყვეტს და არა ვლადიმირ პუტინის რუსეთი.

















