ამერიკული გამოცემა «Atlantic Council»-ი, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზების მიღებასთან დაკავშირებით,
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, ალექსანდრა ჰოლ-ჰოლის სტატიას აქვენებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საქართველო 28 მარტს ევროკავშირის შენგენის უვიზო ზონას შეუერთდა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე თვით ევროკავშირისთვისაც. პირველ რიგში ეს ადასტურებს ევროკავშირის უნარს შეასრულოს თავისი დაპირება და ვალდებულება, მეორე მომენტი კი ისაა, რომ ბრიუსელი დაინტერესებულია მეზობლებში, შეუძლია რეფორმების სტიმულირება და ერთიანობის შენარჩუნება ყოველ პოლიტიკურ სიტუაციაში.. საქართველოს შესახებ ვიზალიბერალიზების გადაწყვეტილება ევროკავშირმა იმ დროს მიიღო, როცა დიდმა ბრიტანეთმა გაერთიანებიდან გასვლა დაიწყო. ასე რომ, საქართველოს სიხარულს იზიარებენ ისინი, ვისაც დღემდე სჯერა იდეალებისა „ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ შესახებ.
(...)
თუ მხედველობაში მივიღებთ ევროპელი ელექტორატის არასასიამოვნო განწყობას მიგრანტებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების მიმართ, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა. სწორედ ზემოთხსენებული ფაქტორებმა შეასრულეს დიდი როლი ბრიტანულ „ბრექსით“-ში. მსგავსი ანტიმიგრანტული და თავისუფალი გადაადგილების საწინააღმდეგო მოწოდებები ისმის ნიდერლანდების, გერმანიისა და საფრანგეთის საარჩევნო კამპანიებში. თავის მხრივ, საქართველომ ქება დაიმსახურა „საშინაო დავალების“ კარგად შესრულების გამო, ევროკავშირის კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით (უსაფრთხოება, საზღვრებისა და მიგრაციის კონტროლი...). გარდა ამისა, საქართველომ მოახერხა და დასძლია ორგანიზებული დამნაშავეობა და სავიზო დარღვევები, რისაც ევროპა ესოდენ იყო შეშფოთებული. პროცესმა საკმაოდ ბევრი სფეროს რეფორმირება მოითხოვა, მათ შორის ანტიდისკრიმანაციული კანონების მიღებაც, რაც საკმაოდ საჩოთირო საკითხი იყო ქართული კონსერვატიული საზოგადოებისათვის.
უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული მიგრაციული პროცესები ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან. ძირითადად მართლმადიდებელი საქართველო შედარებით ნაკლებ შეშფოთებას იწვევდა კულტურისა და უსაფრთხოების საკითხებში, რომლებიც მოგვიანებით სირიელ და ლიბიელ ემიგრანტებთან დაკავშირებით წარმოიქმნა. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობას (4 მლნ. მცხოვრები), იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ, მაინცდამაინც დიდი არ იქნება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ევროპაში მოგზაურობა ხომ მიუწვდომელია.
მართალია, ვიზალიბერალიზებას აქვს გარკვეული შეზღუდვები (განსაზღვრულია ევროკავშირში ყოფნის ვადები, არსებობს „შეჩერების მექანიზმი“ და ა.შ.), მაგრამ, ცხადია, საქართველომ მაინც უპირატესობაც მიიღო, უვიზო რეჟიმის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსთვის ბევრად მეტია.
პირველი - ვიზალიბერალიზებამ საქართველოს მოქალაქეებს აჩვენა, რომ მათი მცდელობა უშედეგო არაა და რომ ისინი ევროკავშირთან ასოცირებით იმედგაცრუებულნი არ რჩებიან, როგორც ბოლო დრომდე იყო (სკეპტიციზმის თვალსაზრისით). სავარაუდოდ, ქართველები რეფორმებს გააგრძელებენ. გარდა ამისა, ქართველ ლიდერებს რუსული პროპაგანდის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა გაუადვილდებათ: მოსკოვი ხომ მუდმივად ხაზს უსვამს, საქართველო პროევროპული ორიენტაციით არანაირ სარგებელს არ იღებსო;
მეორე - რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, მით უფრო გაუძნელდება ნატოს წევრ-ქვეყნებს იმის მტკიცება, რომ თბილისი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს არ აკმაყოფილებსო. მისი ბევრი მეგობარი ხომ სწორედ იმას ამტკიცებდა, რომ საქართველოს ნატოსაკენ მიმავალი გზა ევროკავშირზე გადისო;
მესამე - ის ფაქტი, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობა სეპარტისტული რეგიონების მოსახლეობასაც შეუძლია, პრორუსული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს, მათთვის ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გარდა არსებობს სხვა ორიენტირებიც, სხვა გამოსავალიც;
მეოთხე - უვიზო რეჟიმი, რომელიც საქართველომ მიიღო, კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებს აჩვენებს, რომ ევროკავშირს ვალდებულების შესრულება რთულ პოლიტიკური პირობებსა და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზეც შეუძლია. ასე ვერ იტყვი რუსეთზე, რომელიც მეზობლებთან კატა-თაგვობანას თამაშობს - ჯერ აძლევს „ტკბილეულს“, შემდეგ ართმევს და რომ უვიზო გადაადგილებები და რუსულ ბაზარზე დაშვება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი დამყოლი და მორჩილი იქნება მისი მეზობელი.
და ბოლოს, უვიზო რეჟიმი იმის იმედს იძლევა, რომ „ცივი ომის“ შემდეგ გაჩენილი ოცნება თავისუფალ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაზე ჯერ კიდევ ცოცხლობს. ბოლო დროინდელი პრობლემების ფონზე, რომლებსაც ევროკავშირი და ნატო დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეეჯახა, დაიბადა ეჭვები, რომ უვიზო რეჟიმი ის მაქსიმუმია, რისი მიცემაც ევროპას საქართველოსთვის შეუძლია. მაგრამ იმავდროულად ეს იმასაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ჯერ კიდევ მუშაობს. იგივე შეიძლება ითქვას ნატოზეც - მასში ჩერნოგორიის მიწვევასთან დაკავშირებით. ასე რომ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზება იმასაც აჩვენებს, რომ ევროკავშირში სამომავლო ინტეგრირების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. აშკარაა, რომ ქართველებიც სწორედ ასე ფიქრობენ: მათი ლიდერები ხომ დაუღალავად იმეორებენ - „ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება არისო“.
ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ზედმეტი აჩქარება საჭირო არ არის. ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ რეალური პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით პროცესი დროს მოითხოვს. ამასთან, თვით ის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი მისცა, იმის ნიშანია, რომ პროგრესი სახეზეა, რომ ევროპული იმედები ჯერ არ ამოწურულა. და თუ ევროკავშირის დატოვებას რომელიმე ევროპული სახელმწიფო განიზრახავს, ევროკავშირი მაინც სხვა ქვეყნებისთვის მანათობელ შუქურად დარჩება. ასე რომ, ქართველებს ზეიმის მიზეზი ნამდვილად აქვთ.
http://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/one-small-step-for-georgia-one-giant-leap-for-the-eu

















