რუსულ გამოცემა „КоммерсантЪ“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ძალაში შესვლაზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე: საზეიმო განწყობაზე, სამთავრობო ღონისძიებებზე, აგრეთვე მოქალაქეტა პასუხისმგებლობაზე შენგენის ზონის წესების დარღვევებისათვის.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 28 მარტს, ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების დასათვალიერებლად პირადად წაიყვანა სტუდენტები, აგრეთვე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოქალაქეები. საჩვენებელი ექსკურსიისათვის პირველ ქვეყნად საბერძნეთი შეირჩა, რადგან სწორედ ევროკავშირის ამ ქვეყანაშია ყველაზე დიდი ქართული დიასპორა, თანაც უმრავლესობა ნახევარლეგალურად და არალეგალურად ცხოვრობს. შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელს ეწვია, რათა მას პირადად ეთქვა „მადლობა ევროპელი კოლეგებისათვის“, უვიზო რეჟიმის გამო.
თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში, ვიზალიბერალიზებასთან დაკავშირებით. სამი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა - ბაზრობებით, ცეკვა-თამაშით, კონცერტებით და ფეირვერკ-სალუტებით. როგორც „კომერსანტის“ კორესპონდენტს ქართველმა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუმარტა, „საქართველოს ხელისუფლება ასეთი აქტიურობით ცდილობს უვიზო რეჟიმისაგან მაქსიმალური პოლიტიკური სარგებლობა მიიღოს... ამიერიდან მმართველი „ქართული ოცნება“ ყოველთვის ხაზს გაუსვამს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველომ სწორედ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო... თუმცა მიხეილ სააკაშვილის პარტიასაც შეუძლია მთავრობას გაახსენოს, რომ სწორედ „ნაციონალებმა“ მოახდინეს დასავლური კურსის ინიცირება თავის დროზე. გავიხსენოთ, რომ ვიზალიბერალიზების საკითხზე საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, როცა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, მმართველი პარტია კი „ნაცმოძრაობა“ გახლდათ“.
სტატიაში განხილულია უვიზო რეჟიმით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მხრიდან სავარაუდო სარგებლობის საკითხიც. „საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალური ბროშურა მოამზადა აფხაზურ-ოსურ ენებზე უვიზო რეჟიმით სარგებლობასთან დაკავშირებით. ამით თბილისმა მიანიშნა, რომ თუ ორი სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობა მოისურვებს, მათაც შეუძლიათ უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში წასვლა. მაგრამ როგორც „კომერსანტს“ აფხაზმა ისტორიკოსმა გიორგი ანჩაბაძემ განუცხადა (იგი თბილისში ცხოვრობს), „შესაძლოა ქართული პასპორტებით სარგებლობა აფხაზთა მიზერულმა რაოდენობამ მოისურვოს, მაგრამ ზოგადად ეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს“.
თავის მხრივ, დიმიტრი სანაკოევი (იგი სამხრეთ ოსეთის ექს-პრემიერია და ამჟამად ისიც თბილისში ცხოვრობს) ამბობს, რომ „ევროპაში წასასვლელად და ქართული პასპორტის მისაღებად რუსულ პასპორტზე უარს ძალიან ცოტა ოსი თუ იტყვის. ცხინვალში ხალხი ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს და მათთვის ევროპაში მოგზაურობა ძვირი სიამოვნებაა“.
უვიზო რეჟიმი საბიუჯეტო ტურისტებისთვის მისაღები აღმოჩნდა. ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ ბილეთები ევროპულ რეისებზე მთლიანად გაყიდულია. საქართველოს პროდასავლელი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმი ქართველებში ევროპისადმი სიმპათიებს გააძლიერებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში: „თვითონ განსაჯეთ: ქუთაისის აეროპორტიდან ლოუკოსტერით (საბიუჯეტო, იაფი ავიაკომპანიით) ბუდაპეშტში ჩაფრენას მხოლოდ 40 ევრო ჭირდება! იქიდან კი ავტოსტოპით მთელი ევროპის ნახვა შეგიძლია“, - ამბობს „კომერსანტის’ კორესპონდენტთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით, როცა ქართველი ახალგაზრდები საკუთარი თვალით ნახავენ ევროპულ ცივილიზაციას, ისინი პრორუსული პროპაგანდით აღარ მოტყუვდებიან“.
სტატიის დასასრულს ავტორი წერს იმ სავარაუდო დარღვევების პროფილაქტიკის შესახებაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება ჩაიდინონ. სწორედ ამიტომ ქართველი მესაზღვრეებმა მიიღეს დირექტივა, რომ საქართველოს აეროპორტებშივე მკაცრად შეამოწმონ ევროპაში წამსველთა დოკუმენტაცია და შეახსენონ მოგზაურობის მსურველთ, რომ ვიზალიბერალიზების წესების დამრღვევებს მკაცრი ჯარიმები და შეზღუდვები ელოდებათ.
----------
გაზეთ „კომერსანტის“ 29 მარტის ნომერში ასევე გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძესთან სატაურით „ევროკავშირში გაწევრიანების ვადებზე წინასწარმეტყველებას ვერ დავიწყებთ“, რომელშიც იგი გაზეთის კორესპონდენტს ოლღა ალენოვას უვიზო რეჟიმთან, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობაზე ესაუბრება.
ფრაგმენტები ინტერვიუდან:
„ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან თანასწორუფლებიანი და მეგობრული ურთიერთობა გვსურს, მაგრამ რეალური სიტუაცია აბსოლუტურად სხვაგვარია - გრძელდება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ ორმხრივ მოლაპარაკებას ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე აბაშიძე-კარასინის ფორმატით, ასევე მნიშვნელოვანია ჟენევის პროცესიც, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში არანაირი შესამჩნევი წინსვლა არ შეინიშნება. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეკონომიურად განვითარებული, ძლიერი და სტაბილური ევროპული საქართველო კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარანტი იქნება და ეს პირველ რიგში, სასარგებლო თვითონ რუსეთისთვის არის... რაც შეეხება იმას, დაგვეხმარება თუ არა ევროკავშირთან ინტეგრაცია აფხაზეთთან და სამხრეტ ოსეთთან ურთიერთობის დალაგების საკითხში, ცვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. მოლდოვას ექსპერიმენტმა კარგი შედეგი გამოიღო: ათასობით მოლდაველმა, რომლებიც დნესტრიპირეთში ცხოვრობენ, მოლდავური პასპორტები აიღეს. მართალია, ჩვენთან სიტუაცია აბსოლუტურად იდენტური არ არის, მაგრამ ჩვენც უნდა გავხდეთ მიმზიდველნი აფხაზებისა და ოსებისათვის, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის კონტაქტებს... და თუ ისინი უვიზო რეჟიმით სარგებლობის მიზნით ოფიციალურად გახდებიან საქართველოს მოქალაქეები, ეს შესანიშნავი იქნება“ (წყარო: http://www.kommersant.ru/doc/3255488).

















