რუსულ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“
წინასაარჩევნო კამპანია, სადაც 9 აპრილს „პრეზიდენტის არჩევნები“ და „რეფერენდუმი“ უნდა გაიმართოს სახელწოდების შეცვლის თაობაზე („სამხრეთ ოსეთი - ალანეთი“). პუბლიკაციაში ვრცლად არის საუბარი ცხინვალში მიმდინარე იმ აქციის თაობაზე, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა მიერაა მოწყობილი (მას კვლავ სურს „რესპუბლიკის მეთაურობა“). აღწერილია ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ არჩევნებისა და რეწფერენდუმის წინ სუფევს (ავტორი - ნატალია კორჩენკოვა).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
„სამხრეთ ოსეთი უკვე მესამე ათეული წელია გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსით ცხოვრობს: მისი დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ სამმა სახელმწიფომ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა - ნაურუმ და ტუვალუმ აღიარეს. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ ვენესუელასა და ნიკარაგუაში ელჩებიც კი ჰყავს დანიშნული, მაგრამ ერთგვარი პარადოქსია, რომ ელჩები და საელჩოები, ფულის ეკონომიის მიზნით, ცხინვალში საქმიანობენ“, - აღნიშნავს ავტორი, რომელიც მკითხველის ყურადღებას „რესპუბლიკის“ სახელწოდების გადარქმევაზეც მიაპყრობს და წერს, რომ მოქმედი „პრეზიდენტის“ ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებამ სამხრეთ ოსეთისათვის „ალანეთის“ დარქმევაზე ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოსები თავს ალანეთის ადრეფეოდალური სახელმწიფოს მემკვიდრეებად მიიჩნევენ, მაგრამ იმავდროულად ალანებს თავიანთ წინაპრებად ინგუშებიც თვლიან. ვლადიკავკაზი ინგუშების პოზიციას მიუღებლად თვლის. ოსი მეცნიერების აზრით, ალანები ის ოსები არიან, რომლებიც კავკასიის ქედის ორივე მხარეზე - ჩრდილოეთით და სამხრეთით ცხოვრობენ.
ლეონიდ თიბილოვის საბოლოო მიზანს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ორი ოსეთის გაერთიანება წარმოადგენს, თუმცა „კომერსანტის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ცხინვალელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან: რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში „რესპუბლიკის“ შესვლის საკითხი ამ ეტაპზე განუხორციელებელია: მოსკოვს ამჟამად არ სურს ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი დაძაბულობის კერის შექმნა და არც დასავლეთის სანქციების დამატება. სამხრეთ ოსეთი, პრინციპში, ისედაც თითქმის ყველა რუსული სოციალ-ეკონომიკური სიკეთით სარგებლობს, ამას წინათ კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებაც მოხდა.
პუბლიკაციის დასასრულს მკითხველი ეცნობა იმ გახმაურებული სკანდალების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში“ მოხდა 2008 წლის შემდეგ, რუსეთიდან გადმორიცხული საბიუჯეტო თანხების განიავებასთან დაკავშირებით. ასევე გამოქვეყნებულია ქრონიკა სათაურით „როგორ მიდიოდა სამხრეთ ოსეთი 1990 წლიდან დამოუკიდებლობისაკენ“.
http://www.kommersant.ru/doc/3254177

















