თურქული გამოცემა «Daily Sabah»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“
(ე.წ. ყარსის რესპუბლიკის) ისტორიას - დაარსების მიზეზებს, არსებობის პერიოდს და დასასრულს. პუბლიკაცია ეძღვნება „ყარსის რესპუბლიკის“ შექმნის მორიგ წლისთავს (ავტორი - აჰმედ გიუნჰენი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ტერიტორიას, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, „Elviye-i Selase“ (ანუ „სამი ქალაქი“) ეწოდებოდა - ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოლქები (ნახჭევნის ჩათვლით). აღნიშნული ტერიტორია რუსეთმა ხელში ჩაიგდო 1977-78 წლების ომში ოსმალეთის დამარცხების შედეგად, კომპენსაციის სახით. 40 წლის შემდეგ კი, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რუსეთი სწორედ ყარსის მხრიდან შეიჭრა ანატოლიის სიღრმეში... ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკში ერთი მხრივ რუსეთს და მეორე მხრივ - გერმანია-ავსტრო-უნგრეთ-ბულგარეთ-ოსმალეთს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედივით ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოლქებში პლებისციტი უნდა ჩატარებულიყო - იმის გასარკვევად, სურდა თუ არა მოსახლეობას ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლა ან რუსეთის იმპერიაში დარჩენა. პლებიციტის შედეგებით გაირკვა, რომ მოსახლეობამ თურქეთის შემადგენლობაში შესვლა ამჯობინა. შესაბამისად, სტამბოლმა დაიწყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ჩამოყალიბება.
პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ, მოკავშირეებმა 1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსში დადებული შეთანხმების ძალით, ოსმალეთის ხელისუფლება აიძულეს ყარსიდან, ბათუმიდან და არტაანიდან ჯარები გაეყვანა - მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოლქებში ძირითადად თურქულენოვანი და მუსულმანი მოსახლეობა ცხოვრობდა. ამრიგად, ანტანტამ, განსაკუთრებით კი დიდმა ბრიტანეთმა, ოსმალეთი პირველი მსოფლიო ომის წინ არსებულ საზღვრებში დააბრუნა.
თურქეთის ჯარების გაყვანამ და ხელისუფლების ვაკუუმის შექმნამ ბათუმი, არტაანი და ყარსის მოსახლეობა დაუცველი გახადა, ირგვლივ ქაოსური სიტუაცია გაბატონდა. ადგილობრივ მცხოვრებთ ხშირად მათ თავს ესხმოდნენ ქართველები და სომხები. ასეთი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ოსმალეთის არმიის გენერალმა იაკუბ შევქი-ფაშამ (ყარსის დაჯგუფების სარდალმა) გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელი მთავრობა ჩამოეყალიბებინა. მისი ბრძანების მიხედვით, Elviye-i Selase-ს ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა ადგილობრივი ადმინისტრაციები („ისლამური შურა“) შექმნეს. 1918 წლის სამ ნოემბერს ახალციხისა და ყარსის „შურები“ გაერთიანდნენ. 30 ნოემბერს ყარსში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა, ხოლო 1919 წლის 17 იანვარს 18 მუხლიანი კონსტიტუციაც იქნა მიღებული. არსებული დოკუმენტების მიხედვით, იმ დროისათვის მთავრობა აკონტროლებდა ტერიტორიას, სადაც 1 534 824 მუსულმანი და 227 324 ქრისტიანი ცხოვრობდა. მთავრობას 8000-იანი არმიაც ჰყავდა, საქართველოსა და სომხების აგრესიისაგან თავდაცვის მიზნით.
1919 წლის 25 მარტს სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა, რაც მსოფლიოს სახელმწიფოებსაც ეცნობა.
ყარსის რესპუბლიკის მთავრობის მიზანი იყო მთელი ანატოლიის გაერთიანება და იმის დადასტურება, რომ რეგიონის მოსახლეობა ძირითადად თურქული იყო და არა სომხური. ამის მიუხედავად, ანტანტამ გადაწყვიტა ყარსის ოლქი სომხეთისათვის მიერთებინა. 1919 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ნაწილებმა რესპუბლიკის დედაქალაქი ყარსი დაიკავეს, მთავრობა დაშალეს და მისი წევრები მალტაში გადაასახლეს. ასე სწრაფად დასრულდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის არსებობა. სომხეთმა ყარსის ოლქი [და არტაანის ოკრუგის სამხრეთი ნაწილი] მიიერთა. მოგვიანებით ანკარის (ქემალისტების) მთავრობის აღმოსავლეთის ფრონტის სარდალმა ქიაზიმ ყარაბექირმა ყარსი დაიბრუნა.
სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო, რომელიც ანატოლიის ტერიტორიაზე შეიქმნა. მართალია, მისი არსებობა ხანმოკლე იყო, მაგრამ მთავრობამ შეძლო ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზება თურქეთის სასარგებლოდ და გარკვეულწილად ხელი შეუშალა ანტანტის მიზნების განხორციელებას, რომელსაც ამ ტერიტორიების მთლიანად საქართველოსთვის და სომხეთისათვის მიერთება სურდა.
https://www.dailysabah.com/feature/2017/03/27/national-government-of-the-southwestern-caucasus-a-short-lived-republic-in-anatolia