ინტერვიუში, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს პოლონური
საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტმა ლუკას ოსინსკიმ ჩამოართვა (დაიბეჭდა გაზეთ «Dziennik Cazeta Prawna»-ში), საუბარია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისაგან ემუქრება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან რეზიუმეს:
ალექსანდრე რაქვიაშვილი ვარშავაში თავისი კოლეგის - პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის პაველ სოლოხის მიწვევით იმყოფებოდა. მათ ისაუბრეს იმ საშიშროებებზე, რომლებიც პოლონეთს და საქართველოს ეხება. იმსჯელეს აგრეთვე საქართველოს ლტოლვაზე ნატოში გაწევრიანების მიზნით და იმ დახმარებაზე, რომელსაც პოლონეთის მთავრობა უწევს საქართველოს.
ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, „თუ ვლადიმირ პუტინს ახლა ვერ შევაჩერებთ, მერე მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება“. მან მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე და მოსკოვი აიძულონ გავიდეს საქართველოდან (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიდან) და უკრაინიდან (ყირიმ-დონბასიდან). „საქართველოში რუსეთის აგრესია კვლავ გრძელდება, ხოლო სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უარესდება.. რუსების იქ ყოფნა რეგიონის ეკონომიკას არანაირად არ ავითარებს. აფხაზეთში რუსები ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლას უკრძალავენ და აუქმებენ ე.წ. საკონტროლო პუნქტებს, რაც ჰუმანიტარულ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის. უფრო ცუდი მდგომარეობაა სამხრეთ ოსეთში“, - განაცხადა ინტერვიუში ალექსანდრე რაქვიაშვილმა, - „ეს პირველი მოქმედება არ არის, რომელსაც მოსკოვი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახორციელებს. უფრო ადრე რუსეთმა ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა სოხუმელ და ცხინვალელ სეპარატისტებთან, რომელიც მათი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს ეხება - საზოგადოებრივს, ეკონომიკურს, სამხედროს, განათლებას... რუსეთის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება საეჭვო გახადოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა“.
„რუსეთის მოქმედება მხოლოდ საქართველოს არ ეხება. მოსკოვის ნაბიჯები დასავლური სამყაროს წინააღმდეგაცაა მიმართული: „როგორც გვინდა, ჩვენ ისე ვაკეთებთ. მსოფლიო წესრიგს ყურადღებას არ ვაქცევთ, არ გვეხება არანაირი საერთაშორისო პრინციპები“ - ასეთია რუსეთის პოლიტიკის არსი. ასეთი მოქმედება მსოფლიოს ბუჩად აგდებაა“, - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი ინტერვიუში.
„ევროპა დიდი ხნის განმავლობაში რუსებს წინააღმდეგობას არ უწევდა. ამით მოსკოვი კარგად სარგებლობდა. დადგა დრო, რომ დასავლეთმა ვლადიმირ პუტინი შეაჩეროს. ჩვენ სერიოზული საფრთხე გველოდება რუსეთის მხრიდან.... კარგია, რომ ევროპული დედაქალაქები რუსეთს ნელ-ნელა რევანშისტულ ძალად აღიქვამენ, რომელიც მსოფლიო წესრიგის დარღვევას ცდილობს. 2008 წელს, როცა ჩვენ რუსეთი თავს დაგვესხა, საქართველო ყველას აფრთხილებდა, რომ რუსეთი არ გაჩერდებოდა, თუმცა ევროპელებმა ჩვენი ნათქვამი, პრინციპში, აინუნშიაც არ ჩააგდეს. ჩვენ ასევე ვამბობთ იმასაც, რომ გაჭირვების დროს ევროპა მაინც გვერდით დაგვიდგა. დიდად მადლობლები ვართ ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისა, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად გამოვიდნენ. საქართველო არსებობს და ეს ჩვენი მეგობრების დიდი დამსახურებაა, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისა. აქ, პოლონეთის დედაქალაქში იყო ერთი ძალიან გაბედული და მამაცი ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოფრინდა და სხვა პრეზიდენტებიც ჩამოიყვანა. უმძიმეს დროს ისინი ჩვენ გვერდით დაგვიდგნენ. არასოდეს არ დავივიწყებთ იმ დახმარებას, რომელიც პოლონეთმა და პოლონელებმა გავიწიეს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის“, - ამბობს ინტერვიუში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ამ სიტყვების წარმოთქმისას მას მხედველობაში ჰყავს პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც 2010 წელს, რუსეთში, სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
„ის, რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენი აზრით, შემდეგში გამოიხატება - ერთობლივი, მკაცრი და ძლიერი განცხადება, რომელსაც პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. ამ მოქმედების მიზანი უნდა იყოს რუსეთის გაფრთხილება, რომ მოსკოვმა აგრესია აღარ გააგრძელოს, რომ რუსეთი გავიდეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს ინტერვიუს დასასრულს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
http://www.pap.pl/aktualnosci/news,870776,rakwiaszwili-nigdy-nie-zapomnimy-polakom-ze-wsparli-gruzje-w-ciezki-czasach.html

















