„სომხეთის, საქართველოს და რუსეთის საექსპერტო წრეებში კვლავ გრძელდება ცხარე დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა
ჰქონდა მხედველობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს, როცა განაცხადა - „თბილისში ვიზიტის დროს სომხეთისთვის ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფნის საკითხი გადაწყდაო“. ტრანსპორტის მინისტრის განმარტებების თანახმად, პირველ რიგში საქმე ეხება საბორნე მოძრაობას საქართველოს ფოთი ნავსადგურიდან რუსეთის პორტ „კავკაზ“-ამდე, რომელიც კრასნოდარის მხარეში, ტამანის ნახევარკუნძულზე, ქერჩის სრუტეში მდებარეობს. თუმცა არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში, შესაძლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი ამოქმედდეს - ავარეთ-კახეთის გზა“, - ნათქვამია სომხურ გამოცემა „ნოვოე ვრემიას“ მიერ არტემ ერკანიანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„საზღვაო-საბორნე გადასასვ-ლელს თავისი აშკარა უპირატესობები აქვს, მაგრამ გააჩნია სერიოზული ნაკლოვანებებიც. ამიტომ უპრიანი იქნება კიდევ ერთ სახმელეთო დერეფნის შექმნაზე ვიფიქროთ. ზოგადად, დღეს არჩევანი დიდი არ არის: ან საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი-ვლადიკავკაზი), ან სამხრეთ ოსეთის (ცხინვალი-როკის გვირაბი-ალაგირი), ან აფხაზეთის მიმართულებით (ზუგდიდი-სოხუმი-გაგრა-სოჭი). თუმცა არის მეოთხე ვარიანტიც, რომელსაც ხშირად ივიწყებენ - ავარეთ-კახეთის გზა, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს კახეთის პროვინციასა და დაღესტნის (რუსეთი) ავარელებით დასახლებულ რეგიონს აკავშირებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. როგორც ავტორი წერს, რუსი პოლიტოლოგი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ ევსეევი დარწმუნებულია, რომ ეს მარშრუტი გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დროსაც განიხილეს.
სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა საუბრაი ავარეთ-კახეთის გზის ისტორიაზე, რომელიც 1850 წელს, იმდროინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით (მხედველობაშია რუსეთ-თურქეთის ომები) აშენდა, მაგრამ მოგვიანებით, სხვა კავკასიური კომუნიკაციების განვითარების კვალობაზე, განსაკუთრებით ჯერ შავიზღვისპირა რკინიგზისა და გზატკეცილის, შემდეგ კი „ტრანსკამის“ (ტრანსკავკასიის მაგისტრალის) ამოქმედების შემდეგ, ავარეთ-კახეთის გზამ მნიშვნელობა დაკარგა და მიმოსვლისათვის უვარგისი გახდა.
„დღეს საქართველოდან დაღესტანში და პირიქით ავტომობილის მეშვეობით გავლა შეუძლებელია... თუმცა უნდა ითქვას, რომ 2013 წელს რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ავარეთ-კახეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას, უფრო ზუსტად კი გზის აგებას საქართველოს საზღვრამდე. მალე მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ პროექტის რეალიზებას არაკეთილმსურველები გამოუჩნდნენ: 2014 წლის სექტემბერში უცნობი შეიარაღებული პირები მეგზევეებს თავს დაესხნენ, მძევლებად აიყვანეს, მათი ბაზა გაანადგურეს და მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. მაშინ მძევლები გათავისუფლება კი მოხერხდა, მაგრამ ვინ იდგა ამ დივერსიის უკან, გამოძიებამ ვერ დაადგინა. თუმცა იმის გარკვევა, თუ ვის არ აწყობდა და ვის უშლიდა ხელს ამ გზის მშენებლობა, რთული არ არის: სავსებით შესაძლებელია, რომ დანაშაულის კვალი ბაქოში მიდიოდეს. აზერბაიჯანი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ახალი ტრანსკავკასიური მაგისტრალის ამოქმედება სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევის შესაძლებლობას მისცემს.
ავარეთ-კახეთის გზის სიგრძე 83 კილომეტრია, მარშრუტი კავკასიის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გადის და, შესაბამისად, რთულ პროექტს წარმოადგენს: ასაგებია 25 ხიდი და ხუთი გვირაბი. თუმცა, როგორც კომპანია „დაგესტანავტოდორი“ აცხადებს, თუ დაფინანსება იქნება, პროექტის რეალიზებას ორი წელიც არ დასჭირდება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკური ნებაც აუცილებელია. არადა, თუ ავარეთ-კახეთის მაგისტრალი აშენდება, ამით საქართველოს სამხედრო გზაც განიტვირთება, დაჩქარდება ტვირთების გადატანა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. მთავარი კი ისაა, რომ ეს გზა ისე ხშირად არ ჩაიკეტება, როგორც ეს დღეს ზემო ლარსთან ხდება ხოლმე.
და მაინც რითაა ავარეთ-კახეთის გზა აფხაზურზე და ოსურზე უკეთესი? კაცმა რომ თქვას, დიდი ვერაფრით, რადგან ისიც სახიფათოა, თანაც ვიწრო და მის მშენებლობას დიდი ფული ჭირდება. თუ უპირატესობაზე ვისაუბრებთ, მხოლოდ ისაა, რომ მის ამოქმედებას ხელს პოლიტიკური ფაქტორები არ უშლის. აფხაზურ-ოსურისაგან განსხვავებით, ავარეთ-კახეთის გზის მარშრუტი საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის მონაკვეტზე გადის. ანუ წესით არც ქართულ ოპოზიციას და არც არაღიარებულ რესპუბლიკებს არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. ესაა მთავარი და, ალბათ, ერთადერთი არგუმენტი დაღესტნის მარშრუტის სასარგებლოდ.
ქართული წყაროები მოწმობენ, რომ ოფიციალური თბილისი ამ მარშრუტს უფრო მეტი მზადყოფნით განიხილავდა, ვიდრე აფხაზურს და ოსურს. თავის დროზე საქარტველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მაია ფანჯიკიძე ადასტურებდა, რომ 2015 წელს გრიგორი კარასინს და ზურაბ აბაშიძეს ამ გზის შესახებაც ულაპარაკნიათ. ახლანდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სამი წლის წინათ, როცა იგი ეკონომიკის მინისტრი იყო, ღიად ესალმებოდა ამ პროექტს. ასე რომ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დაღესტნის მიმართულება დღის წესრიგში რჩება და ერთ-ერთ პერსპექტიულ მარშრუტრად განიხილება. პრობლემა მხოლოდ იმაშია, სად უნდა მოიძებნოს ერთი მილიარდი დოლარი მშენებლობისთვის.... თუმცა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ჩვენს დროში არაფერი შეუძლებელი არაა, მით უმეტეს, ფულის შოვნა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
http://www.nv.am/politika/56491-2017-03-04-07-07-34

















