საქართველო-სომხეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით სომხური გამოცემა «Lragir»-ი, ანალიტიკოს იგორ მურადიანის
სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა ზოგჯერ საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა ხოლმე, მაგრამ მათი გაუმჯობესების იმედი ყოველთვის არსებობდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შესამჩნევი იყო, რომ თბილისი ორმაგ პოლიტიკას ატარებდა: ერთი მხრივ, საქართველოში თითქოსდა დემოკრატიული სტანდარტები ვრცელდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დემოკრატია ძირითადად მხოლოდ ქართველებისთვის იყო განკუთვნილი, ანუ „ქართული დემოკრატია“ ეთნიკური გახდა. ამასთან, 2006 წელს, როცა სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობამ იმატა, განსაკუთრებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, აგრეთვე თურქეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური ამბიციების ზრდის გამო, გამოიკვეთა რეალური პერსპექტივები ქართულ-სომხური ურთიერთობებისთვის. ნათელი გახდა, რომ სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ერევანს მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური დარგებისათვის ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. თავის მხრივ, საქართველომაც გააცნობიერა, რომ თუ სომხეთის ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას მოახდენდა, თბილისი ამით საკუთარ თავს უფრო მეტად აზარალებდა: ეკონომიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, პოლიტიკური დესტაბილიზება თვით საქართველოს შიგნითაც მოხდებოდა. ანუ ცხადი გახდა, რომ პერსპექტივა საქართველოსთვის მომგებიანი არ იქნებოდა.
მოგვიანებით საქართველო შეეცადა სომხეთთან პარტნიორობა ალტერნატიული პროექტების რეალიზებისათვის გამოეყენებინა. თბილისი მიხვდა, რომ ერთვექტორული კურსი საკმაოდ მოწყვლადია და საგარეო პოლიტიკას დააზარალებდა. ამ ფონზე საქართველო საკმაოდ თავშეკავებით მიუდგა ზოგიერთ კონფლიქტურ მომენტს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში მოხდა: თბილისს ეშინოდა, რომ ვაითუ სიტუაცია არაპროგნოზირებადი შედეგებით დასრულდესო.
საქართველო მნიშვნელოვანწილად უფრთხის რუსეთისა და დასავლეთის რეაქციას იმ შემთხვევაში, თუ სომხეთთან ურთიერთობას გაუარესდება. არაა გამორიცხული, რომ რუსეთი ამ გარემოებას დემაგოგიურად გამოიყენებს და სიტუაციაში ჩაერევა. თუმცა, ისე ჩანს, რომ ძლიერი და აქტიური ჩარევა არ მოხდება. ამერიკელები თითქმის მთელი 2000-ანი წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ არ ყოფილიყო დაშვებული საქართველო-სომხეთის ურთიერთობების გაურესება. აქვე შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველო დაინტერესებულია სომხეთისა და ირანის ურთიერთობებით ეკონომიკურ სფეროში, რომელიც თბილისსაც წაადგება.
კიდევ ერთი მომენტია აღსანიშნავი: ქართულ საზოგადოებაში, მთიანი ყარაბაღის ომის დასრულებისთანავე, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ფობიები (შიშები) სომხეთის მიმართ, მათ შორის იმაშიც, რომ ქართული ჯარი წინ ვერ აღუდგებოდა სომხეთის არმიას. გარდა ამისა, ქართველი პოლიტიკოსები სერიოზული შეშფოთებით უყურებდნენ სომხური ლობის საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც საკმაო წარმატებას მიაღწია: ამერიკელმა სომხებმა შეძლეს ის, რომ ამერიკას მონაწილეობა მიეღო იმ პოლიტიკის გაკონტროლებაში, რომელსაც თბილისი საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართ ახორციელებდა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო თბილისისათვის რუსეთის ჩაურევლობა ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, რაც ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ამასთან, თავი არავინ უნდა მოიტყუოს და უნდა გააცნობიეროს ის, რომ სომხეთი საქართველოს მიმართ, რომელიც რეალურად გახდა ნატოსა და აშშ-ის პარტნიორი, პრაქტიკულად მტრის როლში გამოდის, ხოლო თვით ნატოსა და აშშ-სთვის, ტაქტის დაცვით თუ ვიტყვით, მოწინააღმდეგეა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვისაკენ იყო მიმართული და რომელმაც ქართული პოლიტიკის კორექტირება და მისი ხელმძღვანელების თავშეკავება გამოიწვია (არმიის სარდლობის ჩათვლით), სომხეთზე პოზიტიურად აისახა, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების საკითხში. იმავდროულად, აშკარაა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციამ სომხეთის ეკონომიკა საკმაოდ დააზარალა. საიდუმლო არ არის, რომ ბევრმა სომეხმა მსხვილმა ბიზნესმენმა სომხური ეკონომიკის ინვესტირების საკითხში თავიანთი გეგმები შეცვალა და დაელოდნენ, სანამ თბილის-მოსკოვის კონფრონტაცია განიმუხტებოდა.
ამჟამად სომეხი მეწარმეების გეგმები რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანის გაზრდის შესახებ საკმაოდ შეზღუდულნი არიან სატრანსპორტო პრობლემებით. მაგრამ პრობლემა უფრო ფართო სპექტრით უნდა განვიხილოთ, სამხედრო-ტექნიკური საკითხების ჩათვლით.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“-ის, რუსული აბრევიატურით) წევრობამ სომხეთი სიღარიბემდე და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა, გაქრა განვითარების იმედი... ბოლო ხანებში საქართველო ამჩნევს, რომ სომხეთში ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გრძნობა იღვიძებს (თუმცა ისიც ცხადია, რომ ასეთი გრძნობები ყოველთვის არ გადაიზრდება ხოლმე რეალურ პოლიტიკაში). ფაქტია, რომ სომხეთს ძალიან უჭირს რუსეთის ვასალობიდან თავის დაღწევა - იმის მიუხედავად, რომ სახელისუფლო სტრუქტურებში ეს საკმაოდ ბევრ სურს. ისიც აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში საქართველოც ძალიან „ბერავს“ საკუთარ შესაძლებლობებს აშშ-სთან და საერთოდ დასავლეთთან თანამშრომლობის საკითხებში. ამ ეტაპზე ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველმხრივ ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში დუალისტურ პარტნიორობას, საქართველოს და სომხეთის ჩათვლით, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მხოლოდ თვითონ „ფრონტის ხაზის“ დაცვა არ შეუძლია, თურქეთმა კი ნატოსთან პარტნიორობა თითქმის შეწყვიტა. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს უახლოესი კვირეების განმავლობაში: ამერიკელები ცდილობენ კვლავ „მიიჩვიონ“ თურქეთი (როგორიც არ უნდა იყოს ანკარის პოლიტიკა), თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი სრულად დაივიწყებს იმას, რაც თურქეთმა ბოლო 20 წლის მანძილზე ჩაიდინა. ამერიკას ახალი პარტნიორები ჭირდება, მით უმეტეს ახლა, როცა თურქეთმა და რუსეთმა რაღაც ჩაიფიქრეს, რაღაცაზე მოლაპარაკება გადაწყვიტეს, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუგებარზე.
ახლო აღმოსავლეთში ყველაფერი გეგმიურად მიმდინარეობს. ბალკანეთში ყველაფერი აქაური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებით დასრულდა. აი, რაც შეეხება შავი ზღვა - კავკასიის რეგიონს, აქ ჯერ-ჯერობით ბევრი რამ გაურკვეველია. ამ საკითხში საქართველო, ისევე როგორც ადრე, შეეცდება, კავასიაში ნატოსა და აშშ-ის ერთადერთ პარტნიორად დარჩეს, მაგრამ თბილისზე დღეს ცოტა რამ არის დამოკიდებული. ბევრი რამეა დამოკიდებული სომხეთის როლზე, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პრაგმატიზმზე. სამწუხაროდ, სომხეთი თავის შანსებსა და შესაძლებლობებს ვერ იყენებს. ერევანი კვლავ ეხვეწება რუსებს, იარაღი მომეციო, რუსეთი კი ძველ შეიარაღებაში ოთუზბირს (ძვირს) ახდევინებს.
სომეხი ოფიცრები, რომლებიც მატერიალურად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, გაიძახიან, რომ დასავლეთი მსგავს იარაღში უფრო მეტს გადაგვახდევინებსო, მაგრამ ასეთი პოზიცია სამშობლოს ღალატის ტოლფასია. სომხები კვლავ თვალს ხუჭავენ საქართველოს წარმატებებზე თვადაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
http://lragir.am/index/rus/0/comments/view/54105

















