„საბჭოთა კავშირი „ბანქოს სახლივით დაიშალა... ვინაიდან ის ყოველთვის ბანქოს სახლი იყო“ - წერდა ისტორიკოსი მარტინ
მალია. შვიდი ათწლეულის მანძილზე არსებული წყობა რამდენიმე წელში ჩამოინგრა და ცოტა თუ ვარაუდობდა მის აღსასრულს. თხუთმეტმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სახელმწიფო ინტიტუტების მშენებლობა დაიწყო. საბჭოთა ძალადობრივი სისტემის დასასრულს დასავლეთში ცოტა რამ თუ იყო ცნობილი მის შემადგენლობაში არსებულ ერებზე.
საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე, მისი პოლიტიკა კავშირში შემავალი ხალხებისადმი ერთგვაროვანი არ ყოფილა და გარკვეულ ეტაპებს მოიცავდა - ნატივიზაციიდან რუსიფიკაციამდე. ამ მხრივ, სამხრეთ კავკასია კომუნისტი ლიდერებისთვის იყო ლაბორატორია, სადაც პირველად მოხდა მათი იდეების გამოცდა.
საბჭოთა იმპერიის აღზევებასა და დაცემაში სხვადასხვა ქვეყნებმა განსხვავებული როლი ითამაშეს. ქენანის ინსტიტუტში პროფესორმა ერიკ სკოტმა საქართველოს მაგალითი მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა საბჭოთა კავშირს, [1921 წლის] ოკუპაციის შემდგომ, ისე აღიქვამდა, როგორც უცხო სხეულს და „სხვას“. წიგნში „ახლობელი უცნობები“ რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონის ქენანის ინსტიტუტში გაიმართა, ავტორი საქართველოს საბჭოთა წარსულს მიმოიხილავს.
„ქართველები ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეები იყვნენ ბოლშევიკური რევოლუციის წამოწყებაში, თუმცა იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის საგარეო მინისტრად დანიშვნამდე, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მათ ცენტრში აღარ წყალობდნენ“, - ამბობს ერიკ სკოტი.
დასავლეთში, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის განხილვა ხშირად მხოლოდ ცენტრთან მიმართებით, „ორიენტალურ“ ჩარჩოში ხდება. სადაც ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდ აღიქმება და მათთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ამ პრიზმაში განიხილება. საქართველოს „ორიენტალური“ ხედვა მოსკოვის მიერ მისი ეთნო-კულტურული მახასიათებლების რომანტიზაციისა და ეგზოტიკურად წარმოდგენისგან შედგება.
„ამის ფესვები პირველ რიგში რუსულ ლიტერატურაში უნდა ვეძიოთ, ალექსანდრ პუშკინთან და მიხეილ ლერმონტოვთან“, - ფიქრობს ერიკ სტოკი. მისი თქმით, „ქართველები საბჭოთა კავშირში მოგვაგონებენ იტალიელებს ამერიკაში“.
„ქართველები იოსებ სტალინს ხელისუფლებაში მოსვლაში და სოციალისტური ქვეყნის მშენებლობაში დაეხმარნენ. ისინი კულინარიის სპეციალისტები იყვნენ, შექმნეს რეპერტუარი, რომელიც მულტიეთნიკურ საზოგადოებას სცენიდან და ეკრანებიდან ართობდა, საქართველოში ყვაოდა არაფორმალური ეკონომიკა, საქართველოს ჰყავდა ინტელექტუალები, რომლებმაც 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს“, - ამბობს ერიკ სკოტი. იგი საბჭოთა კავშირს ქართული პერსპექტივიდან უყურებს და მულტიეთნიკურ იმპერიაში უმცირესობის გამოცდილებაზე საუბრობს.
ამერიკისთვის საბჭოთა ცხოვრების და იმპერიის შესწავლის ერთ-ერთი წყარო, ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ ქენანის „გრძელი ტელეგრამა“ გახდა. ჯორჯ ქენანი საკუთარ დიპლომატიურ ტელეგრამებში ქართველებზე საუბრობდა როგორც „ზარმაც, ჭუჭყიან, გაქნილ, ძალიან ამაყ და თავზეხელაღებულ“ ადამიანებზე. მისი თქმით, „ქართველები თითქოს არასოდეს მუშაობდნენ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მათგან ამას მოითხოვდნენ“.
ერიკ სკოტი, საარქივო მასალაზე დაყრდნობით, წიგნში საქართველოს უახლეს ისტორიას მიმოიხილავს. მისი თქმით, ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპისკენ მიისწრაფის, საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობს და ეს ქართველებისთვის, საკუთარი თავის განსაზღვრისთვის, ამოსავალი წერტილია.
http://www.amerikiskhma.com/a/soviet-past-of-georgia/3770144.html

















