„თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს
შეხვდა“, - იუწყება თურქული გაზეთი Star და აზუსტებს, რომ ბაშბაკანი ბინალი ილდირიმი ბათუმში ართვინიდან ჩავიდა, სადაც იგი საკონსტიტუციო რეფერენდუმის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის მიტინგში მონაწილეობდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„პრემიერ-მინისტრების რესტორანში ყოფნამ და მათმა საუბარმა საათნახევარს გასტანა. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა (ბაშბაკანმა) ბინალი ილდირიმმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „ართვინი და ბათუმი ერთმანეთთან გვერდი-გვერდ მდებარეობენ. ყოველდღიურად თურქეთიდან საქართველოში და საქართველოდან თურქეთში ინტენსიური მიმოსვლაა. ჩვენი ვაჭრობა საქართველოსთან, სიტუაციების მიუხედავად, პერმანენტულად იზრდება“. ბინალი ილდირიმის თქმით, რადგანაც იგი ართვინში იმყოფებოდა, დათანხმდა „ძვირფასი მეგობრის გიორგი კვირიკაშვილის მიპატიჟებას ბათუმში“.
თურქეთის პრემიერის განმარტებით, ბათუმში შეხვედრა წინასწარ არ დაგეგმილა, თუმცა „საუბრის დროს სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს“. პრემიერებმა ისაუბრეს აგრეთვე თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს (YDSK) მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებული მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
შეხვედრის დროს მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა რეგიონული მოვლენების შესახებაც.
http://www.star.com.tr/politika/gurcistanla-ticaretimiz-her-turlu-sarta-ragmen-artarak-devam-ediyor-haber-1197166/

















