„უძველესი ეკლესია-მონასტრები... თხილამურებით სრიალი თოვლში, მაღალ მთებში... ვინც დაინტერესებულია ასეთი სამთო მოგზაურობით, ის
კავკასიაში უნდა ჩავიდეს. [ვენიდან] 4 საათის ფრენა და თქვენ უკვე ევროპის საზღვარზე ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში!“ - ასე იწყება ვენის გაზეთ „კრონენ ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებია გადმოცემული (ავტორი - ჰანა ვლანერი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„მოგზაურობა იწყება საქართველოს დედაქალაქის დათვალიერებით, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს და სადაც განმაცვიფრებელი ადამიანები ცხოვრობენ. თბილისში ძალიან ბევრი მუზეუმია უძველესი არტეფაქტებით, აქვეა მეტეხთან, მდინარე მტკვარზე გადებული „მშვიდობის ხიდი“. თბილისს ზემოდან „ქართლის დედა“ გადმოჰყურებს... თბილისში ცხოვრება დუღს, დღისით და ღამით, მაგრამ ჩვენ თოვლი გვინდა: ვჯდებით „მარშრუტკაში“ (Marschrutka - მცირე სამაშრუტო ტაქსი) და გეზს გუდაურისაკენ - სამხრეთ კავკასიის ყველაზე ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტისაკენ ვიღებთ“, - წერს ავტორი და ავსტრიელ მკითხველს თავის საგზაო შთაბეჭდილებებს უზიარებს: „მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი, თავისი მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტრებით. აქაა სვეტიცხოვლის ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი... აქაა ჯვრის მონასტერი, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეშია აგებული. საქართველოს სამხედრო გზის 120-კილომეტრიანი ოღრო-ჩოღრო მონაკვეთი და ჩვენ უკვე გუდაურში ვართ... ირგვლივ ერთმეტრიანი თოვლია“.
სტატიაში აღწერილია გუდაურში ყოფნით მიღებული სასიამოვნო გრძნობები (როგორც ცნობილია, ამ კურორტის განვითარებაში ავსტრიამაც დიდი როლი შეასრულა, დამონტაჟდა საბაგირო გზები). „თუ ორი ათას მეტრამდე სიმაღლეზე ახვალთ, იქ ლომისის მონასტერის დათვალიერებაც შეიძლება, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოს რეგიონის - სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარეობს. მონასტერში სიმბოლურად ცოდვების მონანიებაც შეგიძლიათ - კისერზე 25-კილოგრამიან დიდ ჯაჭვს ჩამოიცმევ და ეკლესიას ირგვლივ სამჯერ შემოუვლი“.
ავსტრიელი ჟურნალისტი გუდაურიდან სვანეთში, მესტიაში მიემგზავრება, უშბისა და თეთნულდის მოსანახულებლად. იგი აღწერს სვანური კოშკების დანიშნულებას, სვანების ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებს და, რასაკვირველია, ქართულ სუფრას, განთქმულ სამზარეულოს - ხინკალს, ხაჭაპურს, მწვადებს... სადღეგრძელოებს (უფლის, სამშობლოს, ქალების, შვილების სადიდებლად), ქართულ სიმღერებს...
შემდეგ ავსტრიელი ჟურნალისტი ტურისტებთან ერთად ისევ თბილისში ბრუნდება, ამჯერად ისინი ქალაქს მთლიანად ათვალიერებენ - მთაწმინდა, ნარიყალა, გოგირდის აბანოები (რომელსაც რუსმა პოეტმა ალექსანდრე პუშკინმა ლექსიც მიუძღვნა), მეტეხი...
უკან, ავსტრიაში დაბრუნებამდე ჩვენ, პროგრამის თანახმად, ვათვალიერებთ გორს, რომელიც დიქტატორ იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქია, აქ მისი სახლ-მუზეუმი მუშაობს. ვათვალიერებთ უფლისციხეს - კლდეში გამოკვეთილ მღვიმოვან ქალაქს. უფლისციხე სავაჭრო ცენტრიც ყოფილა, აქ ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდნენ. მოკლედ, საქართველო თავისი მრავალფეროვნებით გასაოცარი ქვეყანაა“, - ასკვნის ჟურნალისტი.
-------
p.s. «Kronen Zeitung» - ავსტრიის უდიდესი გაზეთი, რომელსაც მკითხველთა თითქმის სამმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. დაარსებულია 1900 წელს. ტირაჟი - 1 მილიონი ეგზემპლარი.
http://www.krone.at/reisen-urlaub/georgien-kirchen-kloester-pulverschnee-hochgebirgsflair-story-556944

















