გერმანული გამოცემა «Waiblinger Kreiszeitung», გერმანიის ქალაქ ბაკნანგის (შტუტჰარტის ახლოს) პოლიციის მიერ, მოპარული
ნივთებითურთ, სამი ქართველი ქურდის დაკავების შესახებ წერს. მათ სავაჭრო ცენტრიდან კოსმეტიკური საშუალებები და პრინტერის კერტრიჯები მოიპარეს. ორი 28 წლის და ერთი 29 წლის ქართველი ამჟამად საგამოძიებო იზოლატორში არიან მოთავსებულნი.
რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით დილის ცხრა საათზე პოლიციელებმა საეჭვო მსუბუქი ავტომობილი შენიშნეს სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ნახევრად ღია კარით, სადაც მანქანის ასამუშავებელი გასაღებიც კი დატოვებული იყო. გარდა ამისა, ავტომობილს სატრანზიტო ნომრები ჰქონდა. წესრიგის დამცველებმა ახლო-მახლო მანქანის პატრონი რომ ვერ ნახეს, სალონის კარი დახურეს და თვალ-თვალი დაუწყეს. სწორედ ამ დროს სუპერმარკეტიდან პირი გამოვიდა და მანქანისაკენ გაემართა. პოლიციელების დანახვისთანავე მან მიმართულება შეიცვალა და გაიქცა. ეჭვმიტანილს წესრიგის დამცველები დაედევნენ და დააკავეს. ჩხრეკისას მას მაღაზიიდან მოპარული კოსმეტიკური საშუალებები აღმოაჩნდა.
პოლიციამ სავაჭრო ცენტრშივე დააკავა მეორე ქურდიც, 28 წლის პიროვნება, რომელმაც მოახერხა სალაროსათვის გვერდის ავლა და ნაქურდალით გასასვლელისაკენ მიდიოდა. მესამე პიროვნება, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ქურდებს ეხმარებოდა, პოლიციელებმა ავტოსადგომზე აიყვანეს. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დაკითხვისას აღიარა, რომ ავტომანქანა მათ გასაქცევად ჰქონდათ გამზადებული, ამიტომ ღიად იყო დატოვებული, ასამუშავებელ გასაღებთან ერთად.
ნაქურდალი ნივთების საერთო ღირებულება დაახლოებით 1000 ევროს შეადგენს. შტუტჰარტის პროკურატურის გადაწყვეტილებით, ორი ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშეა წარდგენილი, მესამე კი დროებით გაათავისუფლეს.
http://www.zvw.de/inhalt.backnang-drei-diebe-aus-georgien-ertappt.0a961809-73d2-4fa2-b1c1-4ed629be51f3.html

















