რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ
მომზადებულ შეთანხმების აქტს, ალექსეი ნოკოლსკისა და ვლადიმირ პურინის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მოიწონა თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შეთანხმების პროექტი სამხრეთ ოსეთთან, რომლის თანახმად, „რესპუბლიკის“ მოქალაქეებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახური შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტის საფუძველზე, ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაში სამსახურის უფლება აქვთ, ანუ ფულად ანაზღაურებასაც რუსული ნორმების შესაბამისად მიიღებენ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები კი იმდენივე სამხედრო პერსონალით შემცირდება, რამდენიც რუსულ ბაზაზე გადავა.
არ დაელოდა რა დონალდ ტრამპთან „დიდი გარიგების“ დადებას და დარწმუნდა რა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ახლა რუსეთის დარდი არ აქვს, მოსკოვმა მეზობელ ტერიტორიებზე „საქმეების დალაგება“ განიზრახა - იმ ადგილებში, რომლებსაც კრემლი თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევს. გავლენის გაძლიერების ამსახველი პროექტების გააქტიურება თვალშისაცემია: მაგალითად, „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ პასპორტების აღიარება, იმავე რესპუბლიკებში სამრეწველო საწარმოების ნაციონალიზების დაწყება ახალ, მაგრამ გაურკვეველ მფლობელთა ინტერესების შესაბამისად (ვინ არიან ისინი, რუსები ხომ არა?), მოქალაქეობის კანონში შეტანილი ცვლილებები (რომელიც უკვე მოიწონეს სათათბიროს კომიტეტებმა), სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების მიღება რუსეთის შეაიარაღებული ძალების სიტემაში და კიდევ ბევრი სხვა ამის მსგავსი ფაქტი. მათ ყველას თავისი ისტორია და თავისი ლობისტები ჰყავთ, მაგრამ აშკარაა, რომ ბოლო დროს ამგვარი ტენდენცია შესამჩნევია, თემა და მიზანი ერთია.
სამხრეთ ოსეთის სამხედროების ინტეგრირება რუსეთის არმიაში მოსალოდნელიც იყო, ჩვენ ამის შესახებ ადრეც ვწერდით, თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა ვთქვათ, რომ მათ ახალ სტატუსს რუსეთისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. „რუსეთი ვალდებული იქნება, რომ სამართლებრივ-სოციალური დაცვის საერთორუსული დონის შესაბამისად, მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელი იყოს“, - ამბობს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვლადიმირ ფროლოვი, რაც, მისი აზრით, „შეიარაღებული კონფლიქტის რისკებს ზრდის“. ამჟამად საქართველოსთან სიტუაციის გამწვავება ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ პერპსექტივაში, როცა იქ ნატოს სამხედრო მოსამსახურეები გამოჩნდებიან, მოსკოვის მიერ გადადგმულ ზემოთ ხსენებულ ნაბიჯს გარკევული გართულებების გამოწვევა შეუძლია. ამით გზა ეხსნებათ ანალოგიურ პრეტენზიებს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა არაღიარებულ რესპუბლიკათა მხრიდანაც. მათ ხელმძღვანელები შეიძლება მოსკოვს დაემდურონ: ჩვენი მებრძოლებიც ხომ რუსეთის მტრებს ებრძვიან? რით არიან ისინი სამხრეთ ოსებზე ნაკლებნი?
http://www.vedomosti.ru/politics/articles/2017/03/14/681019-yuzhnoi-osetii

















