logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ბუნტი ბათუმში
«Radio Voice of America» (აშშ): ბუნტი ბათუმში
10:06 14.03.2017
35 დაშავებული მოქალაქე, მათ შორის 15 პოლიციელი, 10-მდე დამწვარი ავტომანქანა, განადგურებული შუქ- და საგზაო ნიშნები, მოგლეჯილი დეკორატიული ღობეები, აყრილი ქვაფენილი, ჩამტვრეული მინები მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებში, დაზიანებული სანათები და სარეკლამო აბრები, ჯამში - 150 000 ლარის ზარალი, დაკავებული 40-მდე პირი, რომელთაგან ხუთდღიანი პატიმრობა მხოლოდ შვიდს მიესაჯა - ასეთია მოკლედ ბათუმის დრამატული მოვლენების შედეგები, რომელიც შავიზღვისპირეთის მთავარ ქალაქში 11-12 მარტს განვითარდა.

პროტესტი სპონტანურად მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციამ მოქალაქე ჯიმი ვარშანიძე ავტომანქანის არასწორი გაჩერებისთვის ჯერ დააჯარიმა, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ კი მამასთან ერთად დააკავა. ინციდენტში კიდევ რამდენიმე ბათუმელი ჩაერთო და პოლიციამ ისინიც აიყვანა.

ორი პარალელური აქცია თავიდან მშვიდობიან სახეს ინარჩუნებდა, ხალხი მხოლოდ დაკავებულების გათავისუფლებას და აჭარის საპატრულოს უფროსის გადაყენებას ითხოვდა, შემდეგ კი პროცესი უკვე უმართავი გახდა. პოლიციელებiსა და მოქალაქეების ღია შეტაკების მთავარ არენად ტბელ აბუსერიძის ქუჩა იქცა, სადაც აჭარის ავტონომიის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი ოფისი მდებარეობს.

მიუხედავად დაპირებისა, რომ დაკავებულები გათავისუფლდებოდნენ, აქციაში ჩართულებმა, ძირითადად, ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, პიროტექნიკის გამოყენებით კი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მდგომი ავტომობილები დაწვეს. საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე საათის მანძილზე ვერ შეძლო. 11 მარტს, საღამოს 4 საათზე დაწყებული ქაოსის აღკვეთა, ხელისუფლებამ მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმის დახმარების შემდეგ 12 მარტის დილის 5 საათისთვის მოახერხა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამდენი დროის მანძილზე, პოლიციის მხრიდან უმოქმედობა შეცდომა იყო: „პროპორციული ძალის გამოყენება იყო აუცილებელი. ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ქმედება, რომელიც ამოვარდნილი იყო ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან, არ საჭიროებდა თმენის ვალდებულების აღებას სამართალდამცველთა მხრიდან. ამან გამოიწვია დაუცველობის და უსუსურობის განცდა საზოგადოებაში, ვინაიდან პოლიციამ არ გასცა ადექვატური პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ქმედებაც უკვე შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“.

ბათუმში ვნებათა ჩაცხრობის შემდეგ ხელისუფლებისთვის კომფორტულია, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე ისაუბროს, რომელმაც პროცესში ჩართვით ნამდვილად სცადა პოლიტიკური ქულების დაწერა. თუმცა, ექსპერტების აზრით, ბათუმის კრიზისის ფორმულა სინამდვილეში გაცილებით ღრმა და მრავალვექტორიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

კონფლიქტის მიზეზი სათავეს 2017 წლის 7 იანვარიდან იღებს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა. იგი ბათუმში, საკუთარი გუნდით ჩავიდა, რომელთან ერთადაც მანამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ამას მოჰყვა უკმაყოფილება როგორც აჭარის მთავრობაში, სადაც განაცხადეს, რომ ეს საკადრო ცვლილება ცენტრს ბათუმთან არ შეუთანხმებია, ისე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდანაც.

„დემოკრატიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, მას პატრულის რამდენიმე თანამშრომელმა „რეგიონალური დისკრიმინაციის“ გამო მიმართა.

კახა ბუხრაძის დანიშვნისთანავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის მერაბ ღოღობერიძის „ანტიკორუფციულმა ცენტრმა“ აჭარის მთავარი პოლიციელის წინააღმდეგ ღია კამპანია წამოიწყო. მას „ნეპოტიზმში“, „ქსენოფობიაში“, "ძალაუფლების გადამეტებაში" ადანაშაულებდნენ და ბათუმის საზოგადოების ნაწილი, პატრულის ახალი შემადგენლობის წინააღმდეგ განაწყვეს.

საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მძღოლების დაჯარიმების გარდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ინფორმაციამ, თითქოს, პატრულის ახალი თანამშრომლები ბათუმის მოსახლეობას „თათრებად“ მოიხსენიებდნენ. ეს ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე არ დასტურდება, მერაბ ღოღობერიძემ სოციალური ქსელით ჯერ კიდევ 28 თებერვალს გაავრცელა, 9 მარტს კი პოლიციის წინ აქციაც გამართა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომელიც თავად ბათუმელია, არ გამორიცხავს, რომ მთელი ეს პროცესი მართული ყოფილიყო, იმ ძალების მიერ, რომლებიც აჭარის საპატრულოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს არ მიესალმნენ. ხათუნა სამნიძის მტკიცებით, თავად მერაბ ღოღობერიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) მჭირდოდ დაკავშირებული პირია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისთანავე განაცხადა, რომ კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე რჩება, თუმცა, ბრალდებები მის წინააღმდეგ გამოძიებული იქნება: „შესაძლებელია, რომ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია პოლიციის ახალი უფროსის მიმართ, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს სცდება და დაუშვებელია პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა. ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც მისი მისამართით გამოთქვამენ, ამ ეტაპზე მე აჭარაში საკანდრო ცვლილების აუცილებლობას ვერ ვხედავ“.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქაოტური პროტესტის დამატებით მაპროვოცირებელ ფაქტორებად, რომელიც ბათუმის ქუჩებში აშკარა ვანდალიზმში გადაიზარდა, ექსპერტები ასევე მიიჩნევენ: უმძიმესს სოციალურ გაჭირვებას, უმუშევრობას, უიმედობას, ნიჰილიზმს, რელიგიურ და პოლიტიკურ შეუწყნარებლობას, განათლების უმწვავეს პრობლემას, ნეპოტიზმს საჯარო სამსახურებში, ავტონომიისა და თვითმმართველობის ფორმალურ სახეს, არაფორმალურ მართვას, ოპოზიციის ნაწილის უპასუხისმგებლობასა და მმართველი ძალის თვითკმაყოფილებას.

უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ბათუმის კრიზისის ფორმირების ანალიზი, რათა ასეთმა დამანგრეველმა პროცესებმა სხვა რეგიონებში არ იჩინოს თავი.


http://www.amerikiskhma.com/a/georgia-unrest-in-batumi-ends-with-detentions/3763337.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა