რუსულ გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ბოლო დღეების
განმავლობაში მომხდარი მოვლენები, განსაკუთრებით კი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით: ვრცლადაა გადმოცემული სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისათვის ტელეარხის მიკუთვნების თაობაზე დროებით, რვა მარტამდე შეჩერებულია. გარდა ამისა, პუბლიკაცია ეხება აგრეთვე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომელიც მან გერმანული გაზეთის „ბილდ ამ ზონტაგის“ კორესპონდენტთან საუბრის დროს გააკეთა - საქართველოში ლიბიელ-სირიელ ლტოლვილთა ბანაკების შესაძლო შექმნის თაობაზე (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
ა) „რუსთავი-2“-ის საქმე
როგორც სტატიაშია აღნიშნული, დასავლეთის რეაქცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ საკმაოდ არასასიამოვნოა - ევროპელ-ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა „რუსთავი-2“-ის ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემას ეჭვის თვალით შეხედეს, რასაც სტრასბურის სასამართლოს შესაბამისი დადგენილებაც მოჰყვა. გარდა ამისა, ევროპარლამენტის წევრმა იაცეკ სიარუშ-ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ტელერარხის ყოფილი მფლობელისადმი დაბრუნება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა საქართველოში ასეთი გადაწყვეტილეები გამოაქვთ ვიზალიბერალიზების შემდეგ, ეს ევროკავშირისადმი დაცინვაა“. მისი თქმით, ევროკავშირი იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით: ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, რაც არ შეიძლება ითქვას ამ ქვეყნის მთავრობის მიმართ, რომლის არაფორმალურ ლიდერად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ითვლება. „მე განზრახული მაქვს განცხადებით მივმართო ევროკომისიას შეაჩეროს დოკუმენტის გამოქვეყნება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ“, - აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.
საქართველოს ხელისუფლებამ საგრძნობი დარტყმა მიიღო, განსაკუთრებით, ცხადია, ევროკავშირისგან. ევროდეპუტატიების განცხადებებში გამოსჭვივის, რომ თბილისმა ხელი აღმართა წმინდათა-წმინდაზე - სიტყვის თავისუფლებაზე. დარჩენილ დღეებში საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება დაარწმუნოს როგორც სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ასევე ევროპელი დეპუტატებიც, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხოლოდ სამეურნეო დავის მოგვარებასა და სამართლიანობის აღდგენას წარმოადგენს: მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქიბარ ხალვაშისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. რასაკვირველია, ტელეარხის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, მისი მომხრეები და განსაკუთრებით ოპოზიციური „ნაცმოძრაობა“ საქმის ასე დატოვებას არ აპირებენ, ისინი „გრანდიოზული აქციების“ გამართვას გეგმავენ, - წერს სტატიის ავტორი.
ბ) სირიელი ლტოლვილების ბანაკი... საქართველოში?
მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი-2“-ის თემა ქართულ საზოგადოებაში დომინირებს, თბილისმა ყურადღება მიაქცია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ზემოთ ხსენებულ განცხადებასაც, რომელშიც მან ლიბიელი და სირიელი ლტოლვილების განთავსების ერთ-ერთ ადგილად საქართველოც დაასახელა. მინისტრის განცხადებას ჩაეჭიდნენ ქართული კონსერვატიული წრეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დასვეს საკითხი - რამდენად აუცილებელია პროევროპული კურსი საქართველოსთვის როგორც უძველესი თვითმყოფადი ტრადიციების მქონე მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ქვეყნისათვის, თუ ევროპის მხრიდან ასეთი კარნახის პირობებში ცხოვრება მოგვიწევს? თბილისური წყაროების აზრით, სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია: აშკარაა, რომ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება ღრმავდება.
http://www.ng.ru/cis/2017-03-06/7_6942_gorgia.html

















