საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის 60 პროცენტის
მესაკუთრედ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და დარჩენილი 40 პროცენტის მესაკუთრედ შპს „პანორამას“ გამოცხადების შესახებ ტელეკომპანიის ფაქტობრივი მფლობელები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში ხელისუფლების უხეში ჩარევით გამოიტანა მოპასუხე მხარის საწინააღმდეგო განაჩენი და სამართლებრივი დავაც უკვე საერთაშორისო მექანიზმის ჩარევით უნდა გაგრძელდეს.
რას გეგმავენ „რუსთავი 2“-ის ძველი და ახალი მფლობელები და როგორ წარიმართება სამართლებრივი პროცესი?
„რუსთავი-2“-ის მფლობელები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავენ. სარჩელით, რომელიც მზადების პროცესშია, ისინი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ორი მარტის გადაწყვეტილების შეცვლას და „რუსთავი-2“-ის მოქმედი მფლობელებისთვის საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვენ. თუმცა, როგორც ბიზნესმენი გიორგი ყარამანაშვილი ამბობს მოდავე მხარის სახელით, სასურველია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ სარჩელის შეტანამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩეროს: „ჩვენი უფლების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები; მივმართავთ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება“.
„რუსთავი-2“-მა უზენაესი სასამართლოს ორი მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულ სასამართლოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ამ ნორმის აქამდე გამოყენების პრაქტიკა არ ყოფილა, ტელევიზიაში შანსებს ოპტიმისტურად არ აფასებენ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ „რუსთავი-2“-ის საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს ადვოკატი ლია მუხაშავრიაც. იგი ამბობს, რომ ეს არის მკაცრად განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მაშინ გამოიყენება, როცა პირის სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, ანუ როდესაც ექსტრადიციას მოჰყვება პირის იმ ქვეყანაში დასჯა, სადაც მისი ექსტრადირება ხდება. მეორე გამონაკლისი, როდესაც სასამართლო 24 საათის განმავლობაში დროებითი შეჩერების ღონისძიებას მიმართავს, მისი განმარტებით, არის გარემოება, როდესაც ექსტრადიციის შემთხვევაში პირი წამების მსხვერპლი შეიძლება გახდეს.
„ყველა სხვა შემთხვევაში ასეთი საკითხის დაყენება, რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების და, მით უფრო, პლენუმის გადაწყვეტილების შეჩერება მოხდეს, მე ვფიქრობ, თუ პრეცედენტული ახალი რაიმე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პრაქტიკა ისეთია, რომ ასეთი რამ არ ხდება, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლოს ხაზგასმით აქვს ნათქვამი, რომ მედია არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი, ასეთ პირდაპირ ჩარევას ევროსასამართლო, მე ვფიქრობ, არ განახორციელებს“, - ამბობს ლია მუხაშავრია.
ადვოკატი თამთა მურადაშვილი კი, თავის მხრივ, დასძენს, რომ „რუსთავი-2“ ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებას ცდილობს. მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გარდა, სამართლებრივი დავის ერთ-ერთ მთავარ შემადგენლად რჩება ასევე საკონსტიტუციო სასამართლო: “გარკვეულწილად ბერკეტად რჩება საკონსტიტუციო სასამართლო, რომელშიც შეტანილი გვაქვს საჩივრები, რომლებიც ორჯერ იქნა განხილული. ფაქტობრივად, უკვე მესამე შემადგენლობა იხილავს ამ საქმეს. მოლოდინში ვართ. შესაძლებელია მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომ სასამართლომ თქვას, რომ ის ნორმა, რომელსაც ურთმელიძე დაეყრდნო და განმარტა, იყო ანტიკონსტიტუციური“.
(...)
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ორი მარტის გადაწყვეტილებას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ამერიკისა და საფრანგეთის საელჩოებიდან, ევროკავშირიდან, „ფრიდომ ჰაუსიდან“ და სხვა. აღინიშნა, რომ შემაშფოთებელია თავისუფალი მედიაგარემოს შეზღუდვის საფრთხე, რომელიც „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ გააჩინა.
„რუსთავი-2“-ის მესაკუთრის შეცვლის ფაქტზე საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამაც. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ იგი აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ამავე განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ქიბარ ხალვაში კი, თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის, სავარაუდოდ, 6 მარტს წარადგენს, რასაც ერთ სამუშაო დღეში მოჰყვება წილების ასახვა სასამართლოს მიერ დადგენილ მესაკუთრეებზე. ახალი მესაკუთრეები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილების ძალისმიერი აღსრულება არ გახდება საჭირო. ცნობილია ისიც, რომ ქიბარ ხალვაში არ ღებულობს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, შეთავაზებას და არ აპირებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მოქმედ კოლექტივს მიჰყიდოს.

















