ჩეხეთის გაზეთ Lidové noviny-ში დაიბეჭდა ინტერვიუ რუს სამხედრო ჟურნალისტთან ალექსანდრე ბაბიცკისთან, რომელიც
ადრე რადიო „თავისუფალი ევროპის“ თანამშრომელი იყო. ინტერვიუში ალექსანდრე ბაბიცკი საუბრობს რუსეთის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, დემოკრატიული ქვეყანაა. იგი ეხება რუსეთ-უკრაინის დამოკიდებულებას და აღიარებს, რომ რუსეთი დონბასის კონფლიქტურ სიტუაციაში, რასაკვირველია, ჩარეულია, ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებას და მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიურად ეხმარება, პენსიებს უხდის, უგზავნის საკვებ პროდუქტს, რადგან დონბასის ტერიტორია რუსული ტერიტორიაა, ყირიმის ჩათვლით. ალექსანდრე ბაბიცკი ხაზს უსვამს, რომ დონბასში რუსეთის არმიის რეგულარული ქვედანაყოფები არ იმყოფებიან.
ინტერვიუ გაზეთის ვებ-გვერდზე (Lidovky.cz) შემოკლებითაა გამოქვეყნებული, თუმცა იქვე მითითებულია, რომ სრული ტექსტის წაკითხვის მსურველებმა ან გაზეთი უნდა შეიძინონ, ან ელექტრონული ვერსიისთვის გარკვეული თანხა უნდა გადაიხადონ
რუსულმა გამოცემამ „ინოსმი.რუ“-მ გამოაქვეყნა ინტერვიუს სრული ტექსტი, რუსულ ენაზე გადათარგმნილი სახით, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ალექსანდრე ბაბიცკი გაზეთ Lidové noviny-ის კორესპონდენტ პეტრა პროხაზკოვასთან საქართველოს შესახებაც საუბრობს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენი პოზიცია ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე თქვენ ჩეხეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეჟიმს გამოექეცით, რადგან მოსკოვს თქვენი მოკვლა სურდა. შემდეგ თქვენ ამერიკულ რადიოსადგურში [„თავისუფლებაში“] მუშაობდით, პრაღაში ნორმალურად ცხოვრობდით... ახლა რატომ შეიცვალა თქვენი პოზიცია?
- ჩემი პოზიციის შეცვლა მაშინ დაიწყო, როცა მე საქართველოზე მასალების წერას შევუდექი და ვხედავდი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტირანულად მოქმედებდა, მან ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა. ჩემი კოლეგები კი რადიო „თავისუფლებიდან“ [იმდროინდელ] საქართველოს აქებდნენ და ადიდებდნენ, როგორც დემოკრატიიის ნიმუშს. შემდეგ მოხდა ყირიმის მოვლენები და რადიო თავისუფლებაში“ ჩემი კარიერაც დასრულდა.
www.lidovky.cz/nejen-donbas-bude-soucasti-ruska-dor-/zpravy-svet.aspx?c=A170303_202959

















