„გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად მოიმატებს რუსეთისაკენ სომხეთის ტვირთების ნაკადი და პირიქით: საქმე ეხება იმ
ტვირთებს, რომლებიც ერთადერთი სახმელეთო გზით იგზავნება, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. საგაზაფხულო მატება, ტრადიციულად, 40%-ში გამოიხატება და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც ეს სეზონი არ იქნება. განმეორდება იგივე - ავტომანქანების უსასრულო რიგი, კლიმატისა და რელიეფის გამო. დღეს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ რაღაც ალტერნატიული გზის თაობაზე... მოესწრება თუ არა სიტუაციის გაუმჯობესება გაზაფხულისათვის? ჩვენ გადავწყვიტეთ ტვირთის გადამზიდავებს გავსაუბრებოდით“, - წერს სომხური გაზეთის „ნოვოე ვრემიას“ კორესპონდენტი ასია ცატუროვა.
ტვირთების გადამზიდავების აზრით, ამ სფეროში „რევოლუცია“ უახლოეს მომავალში არ მოხდება და თუ მართლაც რაიმე რეალურ ალტერნატივაზეა საუბარი, ამაში, ალბათ, უფრო მეტად მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე გამავალი გზა („ტრანსკამი“) იგულისხმება. ეს ძალზე რთული საკითხია და პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. არაღიარებული რესპუბლიკის ჭიშკარი სომეხი თვირთის გადამზიდავებისთვის დახურულია. გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინათ მომხდარი ინციდენტი, როცა საქმეს სომხეთის პრემიერის პირადმა მოლაპარაკებამაც ვერ უშველა: სომეხი მძღოლები, რომლებმაც „ტრანსკამით“ მოახერხეს სწრაფფუჭებადი ტვირთის (გარგარის) გატანა რუსეთში, უკან დაბრუნებისას ქართველებმა მაინც დააკავეს: ასეთია ჩვენი კანონმდებლობაო.
არადა, ფაქტები ადასტურებენ, რომ სწორედ სამხრეთ ოსური „ტრანზიტია“ ყველაზე ოპტიმალური: „ტრანსკამი“, საქართველოს სამხედრო გზისაგან განსხვავებით, უფრო კარგადაა დაცული ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან. მძღოლების თქმით, ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გაფართოება ამჟამად უკვე შეუძლებელია, რელიეფის გამო შექმნილი სივიწროვის გამო. რაც შეეხება „ტრანსკამზე“ საბაჟო პუნქტის მოწყობას, ამ საკითხზე ყველა მხარემ უნდა იფიქროს.
გამოითქვა მოსაზრება საბორნე მიმოსვლაზეც: „ბორანით ტვირთის გადატანის ფასი იზრდება თითქმის 40%-ით. არაფერს ვამბობთ დროის გაჭიანურების შესახებ... ბულგარეთისკენ ბორანი მხოლოდ კვირაში ერთხელ დადის“.
მოკლედ, სამხრეთ ოსეთის მიმართულებას ბევრად მეტი პლუსები აქვს, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ უახლოეს ხანში „ტრანსკამის“ გახსნა საეჭვოა: „ბევრი დახურული კარის გაღებაა საჭირო, მოსაგვარებელია ბევრი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, იგივე საბაჟო პუნქტის მდებარეობის პრობლემა... ეს მომავალში, ალბათ, გადაწყდება, მაგრამ დღეს ჩვენ ვინ გვიშველის? ისევ მრავალდღიანი მოლოდინი, კილომეტრიანი რიგი, ნერვიულობა, კლიენტებთან პრობლემები... მოკლედ, დავიღალეთ ასეთი პრობლემური ბიზნესით! ახლა რაღაც იმედი გაჩნდა პრემიერის თბილისში ვიზიტის შედეგად. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ყოველ შემთხვევაში, უკვე ხმები დადის, რომ ყველაფერი საქართველოს პრემიერის საპასუხო ვიზიტის შემდეგ გაირკვევაო, ერევანში“, - ასეთ დასკვნას აკეთებენ ტვირთის გადამზიდავები.
http://nv.am/news/56371?task=view

















