სომხური გამოცემა «Lragir»-ი პრაღაში აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის შედეგებს ანალიტიკოს აკოფ ბადალიანის
სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
საქართველომ და რუსეთმა განაცხადეს, რომ პრაღაში მოლაპარაკების დროს, „სავაჭრო დერეფნების“ საკითხის განხილვისას, პროგრესს მიაღწიეს. მოგვიანებით, თბილისში ვიზიტით შემდეგ, სომხეთის პრემიერმაც აღნიშნა, რომ საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივა (ანუ „ზემო ლარსის“ გარდა) იქნებაო. ბუნებრივია, სომხეთი მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული ამ საკითხით, მაგრამ მას სიტუაციაზე ზეგავლენის მოსახდენად ბევრი შესაძლებლობა არ აქვს. პრობლემა კი დელიკატურია და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსთან რუსეთ-საქართველოს სხვადასხვანაირ მიდგომებს უკავშირდება. მართალია, ყველა მხარე ხაზს უსვამს, რომ „მხოლოდ ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა გვინდაო“, გვერდს უვლიან პოლიტიკურ ბარიერებს, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ პოლიტიკა ახდენს გავლენას მოვლენების დინამიკაზე.
რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება, რასაკვირველია, თურქეთს და აზერბაიჯანს არ მოეწონება: სომხეთისთვის ამ მოლაპარაკებით სატრანსპორტო პერსპექტივა იხსნება, ბაქო და ანკარა კი ერევნის შეზღუდვა-იზოლირებას ცდილობენ. გარდა ამისა, ფაქტია, რომ თურქეთს და აზერბაიჯანს საქართველოც მარწუხებით ჰყავთ გამოჭერილი - მართალია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეკონომიკურად, მაგრამ თბილისი კარგად ხვდება, რომ ეკონომიკურს პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება, ამიტომაც საქართველო რუსეთთან სიტუაციის გარკვევას ცდილობს.
საქართველოს ამ მოლაპარაკებით საკუთარი უსაფრთხოების საკითხის გადაჭრაც სურს: ჯერ ერთი, ჰგონია, რომ ამით რუსეთს აგრესიული გამოხტომებისათვის ნიადაგი აღარ ექნება და მეორე - მოახდენს იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის რისკების ნიველირებას, რომლებიც აზერბაიჯანთან და თურქეთთანაა დაკავშირებული. ეს კარგად ჩანს დასავლეთიდანაც, სადაც საქართველოზე თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გაძლიერებას სასურველ ვარიანტად არ მიიჩნევენ. იმიტომ, რომ დასავლეთს არ აწყობს ანკარა-ბაქოს ტანდემის გავლენის გავრცელება მთელ კავკასიაზე. ეს გარემოება, ანუ რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულების ახალი ფორმულა მიმზიდველია დასავლეთისთვისაც: ეკონომიკური შეთანხმება პოლიტიკური პრობლემების გვერდის ავლით არამარტო ქმნის ახალ სიტუაციას ორ სახელმწიფოს შორის, არამედ შეიძლება კარგის მომტანი იყოს მთელი კავკასიისთვისაც და რეგიონული კონფლიქტების დარეგულირების ფორმულად იქცეს. ამ გარემოებას სომხეთისთვისაც უკიდურესი მნიშვნელობა აქვს: ერევანმა 15 წლის წინათ შესთავაზა ეს მოდელი აზერბაიჯანს და მოუწოდა, კომუნიკაციების ამოქმედება პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე მოეხდინა, მაგრამ ბაქომ წინადადება უარყო. მოკლედ, კონფლიქტების მოგვარების ასეთი ფორმულა რეგიონში მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს არ აწყობთ, ყველა დანარჩენისთვის კი მისაღებია.
http://lragir.am/index/rus/0/comments/view/54050

















