ბრიტანულ გამოცემა „BBC“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ის ფაქტები და მოვლენები,
რომლებიც უკრაინაში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავებას უკავშირდება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საკითხის ისტორიას: ვინ არის თვითონ გია ცერცვაძე (გადმოცემულია ცნობები საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებში მონაწილეობის თაობაზე), რატომ ითხოვს რუსეთი მის ექსტრადირებას ინტერპოლის ხაზით (გ.ცერცვაძეს ბრალად აქვს წაყენებული სოჭში ჩადენილი მკვლელობა, რაც, ოპოზიციის მტკიცებით, ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება), როგორია მისი გათავისუფლების შანსები და ა.შ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ ოფიციალური თბილისის არაფერს აკეთებს საქართველოს მოქალაქის დასაცავად, რომელიც შეიძლება რუსეთს გადაეცეს. „ნაციონალები“ აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარგანზრახულად არ გააფრთხილა გია ცერცვაძე, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, თორემ ეს რომ სცოდნოდა, იგი საქართველოს საზღვრებს არ დატოვებდაო. ანუ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისადმი ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
„ნაციონალების“ თვალსაზრისს ეთანხმება გია ცერცვაძის უკრაინელი ადვოკატი ქსენია პროკონოვა, რომელიც „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბრისას ქართველ მესაზღვრეებს საყვედურობს: „ინტერპოლის ბარათები ქართველ მესაზღვრეებს აუცილებლად ეცოდინებოდათ. მათ შეეძლოთ გია ცერცვაძე საზღვრის გადაკვეთის დროს გაეფრთხილებინათ ამის შესახებ... მესაზღვრეებმა კი თავისუფლად გაუშვეს მესამე ქვეყანაში [უკრაინაში], რომლის ხელისუფლება ვალდებული იყო იგი დაეკავებინა“, - ამბობს ადვოკატი. მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ უკრაინის პროკურატურა გია ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემს და იგი სასამართლოს მიერ მალე იქნება გათავისუფლებული.
მმართველ „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ისტერიული განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა, ოპოზიცია ხელოვნურად ამწვავებს საზოგადოების ვნებათაღელვას. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ოფიციალური თბილისი ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვისათვის, მათ შორის გია ცერცვაძისთვისაც, რათა იგი რუსეთს არ გადაეცეს. ჩვენ უშუალოდ უკრაინასთან ვთანამშრომლობთ, ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან, რათა ჩვენი მოქალაქის, თანამემამულის უფლებები დაცული იყოს. ეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საკითხიც არის“. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გია ცერცვაძის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
http://www.bbc.com/russian/features-38742039

















