ირანის ისლამური რესპუბლიკის რადიოსადგურმა «Iran Russian Radio // ParsToday» სარედაქციო კომენტარი გაუკეთა სალომე
ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგების თაობაზე, რომელიც მან „ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. რადიოკომენტარში, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან ერთად, ყურადღება ეთმობა ქართული ოპოზიციის რეაქციასაც: ციტირებულია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თვალსაზრისი („სალომე ზურაბიშვილი წყალს ვლადიმერ პუტინის წისქვილზე ასხამს, რომელიც ასევე გამოდის საქართველოში აშშ-ის ბაზების განლაგების წინააღმდეგ“).
„საინტერესოა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზის მშენებლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკას ძალიან ავნებს: იმიტომ, რომ ამერიკული ბაზის არსებობა კონფლიქტის ალბათობას კი არ ამცირებს, არამედ უფრო აძლიერებს. შესაბამისად, ბაზების განლაგებით გამოწვეული [რთული] სიტუაცია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების დაბანდებას მკვეთრად შეამცირებს. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს ბაზის მუდმივი არსებობა ქვეყანას საფრთხეს უქმნის და საზიანოა კულტურის თვალსაზრისითაც: გაიზრდება დამნაშავეობა და უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების სხვა უკანონო ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.
როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი მაიკლ ალენი აღნიშნავს, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზის არსებობა არა მარტო იმპერიული კოლონიალიზმის გამოვლენაა, არამედ ზიანს ააყენებს ბაზის მიმღები ქვეყნის ეკონომიკას, ზრდის მის ხარჯებს. გარდა ამისა, მატულობს დაძაბულობის დონე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც... მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველოს ხელმძღვანელის მიერ გამოხატული უარი აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების იდეის მიმართ შესაძლოა დადებითად აისახოს კავკასიის რეგიონისა და მსოფლიოს სტაბილურობაზე“, - ხაზგასმულია ირანის ისლამური რესპუბლიკის რადიოს კომენტარში..

















