თურქული გამოცემის, «Hürriyet»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატია გადმოცემულია თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელთან,
მდინარე ჭოროხზე ქვეყნის ყველაზე დიდი კაშხლის მშენებლობის პროცესი, პერსპექტივები და მისი მნიშვნელობა თურქეთისათვის.
„270-მეტრიანი იუსუფელის კაშხალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰიდროტექნიკური ნაგებობა იქნება. პირველი ადგილი უკავია ჩინეთში მდებარე 292 მეტრიან კაშხალს, მეორე კი საქართველოშია - 272 მეტრიანი. იუსუფელის თაღოვანი კაშხალი განკუთვნილია 558 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურისთვის, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქალაქი 650 ათასზე მეტი მოსახლეობით“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. მასში ხაზგასმულია, რომ კაშხალი თურქი ინჟინრების მიერ დაპროექტდა და შენდება მხოლოდ თურქეთის სახელმწიფოს ეროვნული რესურსებით. კაშხლის მშენებლობის მნიშვნელობა ბევრად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მისი საფუძველის ჩაყრაში, 2013 წლის 26 თებერვალს, მონაწილეობა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმაც მიიღო
თუ რას წარმოადგენს იუსუფელის კაშხალი, მკითხველმა უფრო კარგად რომ გაიგოს, გაზეთი ასეთი შედარებას აკეთებს: „მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი სიმაღლე 100 სართულიანი ცათამბჯენისას გაუტოლდება, კაშხალში ჩასახმელი 4 მილიონი კუბური მეტრი ბეტონით შესაძლებელია ართვინიდან ედირნემდე 13 მეტრის სიგანის მქონე საავტომობილო გზა ან 60 ათასი საცხოვრებელი ბინა აშენდეს. კაშხალში ყოველდღიურად 6500 კუბური მეტრი ბეტონი ისხმება. ბეტონი სამი საბაგირო გზით გადაიტანება“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კაშხლის მშენებლობის შემდეგ, 2020 წლის ივნისისათვის, როცა წყალსაცავში ჭოროხის წყალი დაგუბდება (2130 მილიონი კუბმეტრი), დაბა იუსუფელი და კიდევ ახლო-მახლო მდებარე ოთხი სოფელი წყალქვეშ მოექცევა. ამიტომ გადაწყვეტილია დასახლებული პუნქტების სხვა ადგილზე გადატანა.
„დღეისათვის კაშხლის მშენებლობაზე 4500 ადამიანი და 500-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა მუშაობს, 24-საათიანი რეჟიმით. ასე რომ, იუსუფელის კაშხლის აგება უწყვეტად მიმდინარეობს“, - ამბობს გენერალური მენეჯერი ჯალალ ტოკალაკი.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მდინარე ჭოროხი თურქეთის ყველაზე სწრაფი მდინარეა, რომლის წყლის საშუალო ხარჯი თურქეთ-საქართველოს საზღვართან წამში 192 კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებლი - 6,3 მილიარდ კუბურ მეტრს. ჭოროხის სიგრძე თურქეთის ტერიტორიაზე 431 კილომეტრია, საქართველოში - 21 კმ.
ჭოროხზე 1985 წელს აგებული ჰესების სიმძლავრე საერთო ჯამში 2632 მეგავატს შეადგენს, საბოლოოდ კი, იუსუფელის ჰესთან ერთად, ელექტროენერგიის გამომუშავება წელიწადში 8631 გიგავატს მიაღწევს. მდინარე ჭოროხზე და მის შენაკადებზე დაგეგმილია 143 კაშხლის მშენებლობა, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 14 552 გიგავატი იქნება.

















