გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Washington post»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი
დავით ბაქრაძე - საქართველოს ელჩი აშშ-ში - ეხება 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე მომხდარ სისხლიან დარბევას, რომელიც საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა ჩაიდინეს და რომელსაც 21 ქართველის, მათ შორის 17 ქალის სიცოცხლე შეეწირა:
„მე მაშინ ბავშვი ვიყავი, დედაქალაქის №1 საშუალო სკოლის მოსწავლე. სკოლის შენობა კი მიტინგის დარბევის ადგილთან ახლოს მდებარეობს“, - წერს საქართველოს ელჩი და იმდროინდელ ტრაგიკულ ფაქტებს იხსენებს: მშვიდობიანი მიტინგის დაშლა ნიჩბებით, მომწამლავი გაზის გამოყენებით...
„1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლის შემდეგ კი საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჩვენთვის 9 აპრილის შედეგად ის ღერძი შეიცვალა, რის ირგვლივაც ქართული სამყარო ტრიალებდა. დადგა რთული დრო: ჩვენ კავშირი უნდა გაგვეწყვიტა თავსმოხვეული პოლიტიკური რეჟიმისაგან და ევროპულ ცივილიზაციასთან ძველი ურთიერთობები უნდა აღვედგინა... დღეს, როცა ჩემს ძველ სკოლას ვეწვევი ხოლმე - მას ახლა „კლასიკურ გიმნაზიას“ უწოდებენ - ვხედავ მოსწავლეებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ეზიარებიან. დემოკრატიის იმ ატრიბუტების დაუფლებას, რასაც ჩვენ 30 წლის წინ ვესწრაფვოდით, დღეს უკვე რეალურია: თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი მასმედია, ადამიანის უფლებების დაცვა, გადაადგილების თავისუფლება... ეს ყველაფერი დღეს საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებისათვის ჩვეულებრივი მოვლენებს წარმოადგენს. ისინი თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას. თბილისში ამჟამად უამრავი თანამედროვე დაწესებულებაა - საწარმოები, ბანკები, რესტორნები, მაღაზიები, რომლებმაც ძველი საბჭოური შეუხედავი წინამორბედები შეცვვალეს. დღეს როცა მოსწავლე-სტუდენტები ჯარისკაცებს ხედავენ, ეს ჯარისკაცები ქართული არმიის სამხედრო მოსამსახურეები არიან, ნატოს მიერ გაწრთვნილ-აღჭურვილნი, რომლებმაც საბრძოლო ნათლობა თავიანთ ამერიკელ ძმებთან მიიღეს ერაყსა და ავღანეთში.
ბევრი ახალგაზრდა სწავლის დაუფლებას საზღვარგარეთ აგრძელებს, აშშ-ში და ევროპაში. ევროკავშირთან დადებულმა ასოცირების შეთანხმებამ საქართველოს დახურული კარი გაუხსნა. ჩვენს ქვეყანას სურს ნატოში გაწევრიანებაც - საქართველო ევროატლანტიკურ ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. საქართველო ამერიკული ბიზნესისთვისაც ის ჭიშკარი ხდება, რომელიც მას აუთვისებელ ევრაზიულ და რეგიონულ ბაზრებზე გაიყვანს - შავი ზღვის ნავსადგურების დახმარებით. ამას ხელს უწყობს საქართველოს მიერ ევროკავშირტან და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიც.
1989 წლის 9 აპრილი ჩემი ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს. 9 აპრილმა გამოიწვია დრამატული ცივილიზაციური არჩევანი, რომელსაც ვერავინ უარყოფს - იმის მიუხედავად, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. იმ დროს დღევანდელი მდგომარეობა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თარიღმა ყველა ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის სამომავლო ბედი განაპირობა: სახელმწიფო აღორძინდა, თავისუფლებამ იზეიმა, არავინ და არაფერი არ დარრჩენილა ძველებურად“, - წერს დავით ბაქრაძე.

















