„31 წლის ჯეკ შეპარდი, „კატერით მკვლელი“, რომელიც ბრიტანულ მართლმსაჯულებას საქართველოში
გაექცა, როგორც იქნა, ინგლისური თემიდის წინაშე წარსდგება: მას ამ კვირაში, ოთხშაბათს, ექსტრადირების წესით დიდ ბრიტანეთს გადასცემენ და იგი ხუთშაბათს, „ოლდ ბეილის“ ანუ ლონდონის სისხლის სამართლის ცენტრალური სასამართლოს წინაშე წარსდგება“-წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა «Daily Mail».
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
შესაბამისად, 24 წლის შარლოტა ბრაუნის ოჯახის წევრებს შესაძლებლობა უჩნდებათ ჯეკ შეპარდს „თვალებში ჩახედონ“, პირველად მისი გაქცევისა და დაკავების შემდეგ.
შარლოტა ბრაუნი ტემზაზე კატერის გადაბრუნების შედეგად 2015 წელს დაიღუპა, კატერს ჯეკ შეპარდი მართავდა. იგი გასული წლის მარტში საქართველოში გაიქცა, სასამართლომდე რამდენიმე თვით ადრე, რომელსაც მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი - გაუფრთხილებელი მკვლელობის საქმე უნდა განეხილა. გაქცევისას მან მიატოვა ცოლი და ახლადადაბადებული შვილი, თუმცა, ამის მიუხედავად, შეეცადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - საქართველოში - ახალი ცხოვრება დაეწყო, ვებ-დიზაინერის პროფესიით. ლონდონის „ოლდ ბეილში“ სასამართლო სხდომა ჯეკ შეპარდის დაუსწრებლად გასული წლის ივლისში გაიმართა და იგი დამნაშავედ იქნა აღიარებული.
ჯეკ შეპარდის გაქცევამ ბრიტანული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მით უმეტეს, რომ მან ბოროტად ისარგებლა ბრიტანელი გადასახადის გადამხდელების ფულით, რათა იურიდიული დახმარება მიეღო (დაახლოებით 90 ათასი გირვანქა სტერლინგი).
მიმდინარე წლის იანვარში Daily Mail-მა დაიწყო კამპანია გაქცეული ჯეკ შეპარდის შესახებ, თუმცა ჩვენს მიერ მისი ცხოვრების რეალური ფაქტების გაშუქება მისთვის „ძალიან საწყენი“ აღმოჩნდა.
ჯეკ შეპარდი თბილისში, გლდანის მე-8 საპყრობილეში 10 თვის განმავლობაში იჯდა და თავდაპირველად ექსტრადიციას ეწინააღმდეგებოდა, ბოლოს კი სხვა არჩევანი რომ აღარ ჰქონდა, იძულებული გახდა დათანხმებულიყო.
ოთხშაბათს ჯეკ შეპარდს თბილისიდან ლონდონში ჩაიყვანენ.
როგორც მოსალოდნელია, ჯეკ შეპარდს ლონდონის სასამართლო პირდაპირ საპყრობილეში გაგზავნის სასჯელის მოსახდელად. არაა გამორიცხული, მას ერთწლიანი ვადა დაუმატონ გაქცევის გამო. გარდა მისა, მას ელოდება კიდევ ერთი სასამართლო, სასტუმრო „დევონში“ ბარმენის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.
„ლამაზ“ საქართველოში, თბილისში ჯეკ შეპარდი ვებ-დიზაინერად მუშაობდა, დროს კარგად ატარებდა, გაიჩინა მეგობარი ქალიც - 24 წლის მაიკო ჭ.
დიდი ბრიტანეთში ჯეკ შეპარდის ექსტრადირების შესახებ სკოტლანდ-იარდის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

















