გერმანული ყოველკვირეული ჟურნალის «Der Spiegel»-ის მე-14 ნომერში დაბეჭდილია
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი ლაპარაკობს ვლადიმერ პუტინზე, საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირის წევრობისაკენ და იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ფრანგი ქალი კავკასიური ქვეყნის პრეზიდენტი (ესაუბრება ქრისტინა ეში, Der Spiegel-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას:
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო - ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს - ევროპას აღფრთოვანებით და იმედის თვალიათ უყურებს. ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შესაძლებელია საქართველოში არსებული მდგომარეობით კმაყოფილნი არ არიან. პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისაკენ სწრაფვა მხოლოდ ქართულ ელიტის სურვილით კი არაა განპირობებული, არამედ იმითაც, რომ ევროპული ფასეულობები სავსებით შეესაბამება ქართულ ფასეულობებს და მას მხარს მოსახლეობაც უჭერს.
სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ ევროკავშირის გაფართოება უახლოეს მომავალში არ მოხდება, მაგრამ, როგორც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ამბობს, ბრიუსელი ხშირად გადაწყვეტილების მიღების დროს სირთულეებს განიცდის ხოლმე და ეს ადრეც მომხდარა. ამჟამად ევროპა კრიზისში იმყოფება, რომელიც „ბრექსითით“ და პოპულიზმითაა გამოწვეული და ამ მომენტში საქართველოს შანსები ევროპასთან ინტეგრაციაზე უფრო მეტია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, - თვლის პრეზიდენტი.
რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოსკოვის მიზანს ნატოში და ევროკავშირში საქართველოს მიღების ხელის შეშლა წარმოადგენს, თუმცა, მისი თქმით, დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა მაინც ვერ შეძლო საქართველოს დასავლური კურსის შეცვლა: „2008 წლის ომი, ბაზების შექმნა, აფხაზეთის რუსიფიკაცია და საოკუპაციო საზღვრების მუდმივი მცოცავი“ პროცესი - ამ ყველაფერმა ჩვენი განზრახვა ვერ შეცვალა“. ამასთან, პრეზიდენტის აზრით, რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა უფრო ნაკლებად პრაგმატული და იდეოლოგიაზე უფრო მეტად დამოკიდებული გახდა.
სალომე ზურაბიშვილმა თვალსაზრისი გამოხატა აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც: მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული რეფორმები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შემდეგ ექს-პრეზიდენტი მმართველობის ავტორიტარულ გზას დაადგა. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტი იმაშიც დაადანაშაულა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო რუსეთის პროვოკაციების თავიდან აცილება 2008 წლის ომის დროს“.
პრეზიდენტმა კომენტარი გაუკეთა თავის ნათქვამსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა მან განაცხადა - საქართველოც პასუხისმგებელია 2008 წლის ომის დაწყების საკითხშიო და ხაზი გაუსვა, რომ არ თვლის საქართველოს დამნაშავედ კონფლიქტის დაწყებაში, თუმცა აშკარაა, რომ თბილისი უუნარო აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა რუსული პროვოკაციები“. მისი თქმით, ამჟამადაც იგივე ხდება: „ყოველდღიურად ხდება ჩვენი პროვოცირება, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა ავყვეთ - იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთთან ომში ვერ გავიმარჯვებთ“.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო უფრო მეტად დემოკრატიულია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო - კერძოდ, ქვეყანაში პრესა სრულიად თავისუფალია, ოპოზიციური მასმედია კი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ გამოცემებზე პრევალირებს.

















