სომხეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას თქვა ის, რაც, ალბათ, თვითონ სალომე
ზურაბიშვილს უნდა ეთქვა: არმენ სარქისიანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის განხილვა სხვა კონფლიქტებთან (მაგალითად, საქართველოში არსებულ აფხაზურ და სამხრეთოსურთან) საერთო კონტექსტში არ შეიძლებაო. მან ისიც დაამატა, რომ კონფლიქტის მოგვარების მეთოდები საერთაშორისო სამართლის სფეროში და თვითგამორკვევის პრინციპში უნდა ვეძებოთო. სხვათა შორის, ქალბატონი პრეზიდენტი სომეხ კოლეგას დაეთანხმა.
ამის შესახებ სომხური გამოცემა, «Lragir»-ი პოლიტიკური მიმომხილველის, ნაირა აირუმიანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
ქართველ ლიდერს ერევანში ყოფნისას უკვე არაფერი უთქვამს თვითგამორკვევაზე, თუმცა ორიოდე დრის წინათ ბაქოში მან დაჩივლა - საქართველოსა და აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვთო და იმედი გამოხატა, რომ მთლიანობა მალე აღდგება.
ერევანში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩაკიც იმყოფება, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი სამი პრინციპის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის თვითგამორკვევის უფლების შესაბამისად. ასეთი ფორმულირება ყველა საერთაშორისო დოკუმენტშია დაფიქსირებული. საეჭვოა, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ეს არ სცოდნოდა. ამიტომაც იბადება კითხვა: თუ ბაქოში მის მიერ გაკეთებული განცხადება აზერბაიჯანისთვის ე.წ. „დიპლომატიური ხარკის“ გადახდას წარმოადგენდა, მაშინ რატომ არ უხდის იგივე „ხარკს“ სომხეთს?
სომხურ-ქართული ურთიერთობა, ჩინოვნიკების პოზიტიური ტონის მიუხედავად, საკმაოდ დიდი სირთულეებით ვითარდება. შიდა წინააღმდეგობებთან ერთად, რომლებიც ისტორიული კომპლექსებითაა გამოწვეული, ამ ურთიერთობებს ხელს უშლიან გარეშე ძალებიც, პირველ რიგში თურქულ-აზერბაიჯანული. თუმცა ბოლო დროს სულ უფრო იკვეთება რუსეთის გავლენაც, რომელსაც არ სურს სომხურ-ქართული ღერძის შექმნა უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სფეროში. ამ მიზნის განსახორციელებლად მოსკოვი ძალისხმევას არ იშურებს - ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტამდე სულ რაღაც ორიოდე დღის წინ რუსეთმა თავისი გაზის გაძვირება გამოაცხადა - იმ გაზისა, რომელსაც საქართველოს გავლით სომხეთს აწოდებს. იმავდროულად, თბილისმა და „გაზპრომმა“ წარმატებით მოილაპარაკეს ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე, რითაც, ფაქტიურად, ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანის მონოპოლია დაირღვა.
სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, აღნიშნული შეთანხმება ორივე მხარისათვის - თბილისისა და მოსკოვისათვის - მომგებიანია, მაგრამ გეოპოლიტიკური გაგებით, ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩვეულებრივად, სხვადასხვა მიზეზები განაპირობებს. მაგალითად, შეიძლება შევნიშნოთ რუსულ-ქართული ურთიერთობის გააქტიურება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის საზიანოდ. თანაც, რუსულ-ქართული თანამშრომლობა გამიზნულია სომხეთისა და საქართველოს ერთმანეთთან დისტანცირებისთვისაც.
დიახ, აშკარაა, რომ რუსეთი ერევანშიც ცდილობს არ დაუშვას სომხურ-ქართული ღერძის შექმნის შესაძლებლობა. შემთხვევითი არაა, რომ სომხეთი არ იღებს მონაწილეობას ნატოს წრთვნებში, რომლებიც 17 მარტს უნდა დაიწყოს საქართველოში. რამდენიმე კვირის წინ, ერევანში ყოფნისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომხეთი ნატოს წრთვნებში ოფიციალურად მიიწვია, მაგრამ ერევანმა, რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო, სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა მიზანშეუწონლად ჩათვალა. სხვათა შორის, ასე მოხდა 2018 წელსაც.
სომხეთს და საქართველოს ერთმანეთთან ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, თან მესამე ქვეყნებისაკენ არ უნდა იხედებოდნენ და ძველი კომპლექსებიც უნდა მოიშორონ.
------------
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტს რუსული პრესაც ეხმაურება: «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ერევანში სალომე ზურაბიშვილმა რეგიონული ურთიერთობები დააბალანსა // სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს ერთმანეთთან შეკვეცილი უფლებამოსილებაც აახლოვებთ“ (ავტორი - იური როქსი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია ქართველი ლიდერის ვიზიტის პირველი დღის შედეგები, მისი შეხვედრა სომეხ კოლეგასთან არმენ სარქისიანთან. რადგანაც ბაქოში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დროს გაკეთებულმა მისმა განცხადებამ კონფლიქტების მსგავსებასთან დაკავშირებით სომხურ საზოგადოებაში გარკვეული წყენა გამოიწვია, ავტორი ყურადღებას ამახვილებს სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: „არმენ სარქისიანმა, თავის მხრივ, შენიშნა, რომ ყოველ კონფლიქტს თავისი ბუნება და მიზეზები აქვს, ამიტომაც მათი მოგვარებისათვის უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. მან ისიც დაამატა, რომ საკითხის ასე დაყენებას სალომე ზურაბიშვილიც ეთანხმება. არცხის (მთიანი ყარაბაღის) შემთხვევაში კონფლიქტის დარეგულირების მცდელობა უნდა ეფუძნებოდეს ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპისადმი პატივისცემას.
საერთოდ, არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. აშკარაა, რომ ასეთია იმ ქვეყნების ხვედრი, რომლებსაც მეზობლებთან ერთნაირად კარგი ურთიერთობა სურთ, ამ შემთხვევაში საქართველოს - სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ბაქოში სალომე ზურაბიშვილს შაჰიდების ხეივანის მონახულება მოუწია და ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი, ერევანში კი პატივი მიაგო გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და ისაუბრა კონფლიქტების მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებაზე. და ასე იქნება მუდამ, სანამ ყარაბაღის კონფლიქტის პრობლემა არ გადაწყდება“, - ნათქვამია სტატიაში (წყარო: http://www.ng.ru/cis/2019-03-13/6_7529_visit.html).

















