„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი მისი პირველი რეგიონული ვიზიტს
წარმოადგენს, ქვეყნის მეთაურის პოსტზე მისი არჩევის შემდეგ. ბაქოსა და თბილისის კეთილმეზობლური ურთიერთობის მიუხედავად, ქართველი ლიდერის აზერბაიჯანული შეხვედრები შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს“-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული რამდენიმეწლიანი გაურკვევლობების ფონზე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები თითქმის სამაგალითო გახდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს მოხდა მას შემდეგ, როცა ორ მეზობელ რესპუბლიკას სათავეში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები - ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი ჩაუდგნენ. მათ ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ, შესაბამასად, შეძლეს უპრობლემო სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების აწყობა. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებში მთავარ როლს ასრულებდა ნავთობითა და გაზით მდიდარი აზერბაიჯანი, რომელიც, იმავდროულად, ღირსეულად აფასებდა საქართველოს [პოლიტიკურ] ლოიალობას, მის გეოგრაფიულ მდებარეობას და გარკვეულ კომპრომისზე მიდიოდა სატარიფო საკითხებში - მის ტერიტორიაზე ენერგოშემცველების ტრანზიტის გამო (ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, გაზსადენი “ბაქო-თბილისი-ერზერუმი“, სამხრეთკავკასიური მილსადენი და სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციები). უფრო მეტიც - ჰეიდარ ალიევი გაგებით მოეკიდა ედურად შევარდნაძის თხოვნას და როცა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ მწყობრში ჩადგა, ექსპლოატაციაში დატოვა და არ გააუქმა შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენი, რითაც მეზობელს დამატებითი შემოსავლების მიღების საშუალება მისცა.
ალბათ, სწორედ ეკონომიკურ საკითხებში ბაქოს დამყოლი პოზიციის წყალობით, თბილისმა აზერბაიჯანი, თურქეთთან და აშშ-სთან ერთად, თავის სტრატეგიულ პარტნიორთა სიაში შეიყვანა. თუმცა ამას არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური საკითხების გათვალისწინებითაც: დიდი ხნის განმავლობაში მეზობლებს შორის მცირე უთანხმოებაც კი არ არსებობდა. საქართველო და აზერბაიჯანი თითქმის ერთდროულად გახდნენ ეუთოს, ევროსაბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები და ერთად შექმნეს „სუამ“-ის (საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდოვა) ბლოკიც, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ამერიკელი კურატორების მიერ დსთ-ის ერთგვარ ალტერნატივად განიხილებოდა.
გარდა ამისა, აზერბაიჯანი და საქართველო, რომლებსაც მსგავსი ტერიტორიული პრობლემები აქვთ, ცდილობდნენ, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთმანეთისთვის მხარი დაეჭირათ საერთაშორისო არენაზეც, კერძოდ, გაეროს გენასამბლეის სხდომაზე კენჭისყრის დროს.
მაგრამ თანდათანობით ორი სახელმწიფოს საგარეოპოლიტიკურ ვექტორებში თავი იჩინა განსხვავებულმა მიდგომებმა: საქართველო საბოლოოდ წაეჩხუბა რუსეთს და კურსი მტკიცედ აიღო დასავლეთისაკენ, აზერბაიჯანმა კი - პირიქით, რუსეთთან დაახლოების გზების ძებნა დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც. იმავდროულად ბაქოს პოლიტიკაში ნელ-ნელა დასავლეთისგან დისტანცირებაც შესამჩნევი გახდა: აზერბაიჯანი დასავლეთს, მჭიდრო ეკონომიკური კავშირების მიუხედავად, პოლიტიკურად მაინცდამაინც არ ენდობოდა. ბაქოს ამგვარ კურსს მხარს უჭერდა თურქეთი, რომელიც მისი სტრატეგიული მოკავშირე გახდა და აზერბაიჯანის მდგომარეობას სტაბილურობას აძლევდა. ბაქო-ანკარას დაახლოება სამხედრო სფეროშიც გამოიკვეთა, რომელსაც თბილისიც შეუერთდა: სამი მეზობლის თავდაცვის მინისტრების ხშირი შეხვედრები, ერთობლივი სამხედრო სწავლებები, თანამშრომლობის მემორანდუმები იმას ნიშნავს, რომ ბაქო-ანკარა-თბილისის სამკუთხედი სამხრეთ კავკასიაში ერთგვარი მინი-სამხედრო ბლოკად შეიძლება განვიხილოთ.
ამის მიუხედავად, ბაქო-თბილისის ურთიერთობას დღეს იდეალურს და უღრუბლოს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ. სტრატეგიულ პარტნიორ-მოკავშირეებს შორის ნელ-ნელა მატულობს გამაღიზიანებელი „ხორკლები“... ამიტომაც უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი შეიძლება ისეთი მსუბუქი და სასიამოვნო არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.
ცხადია, მასპინძლები სტუმარს, თუნდაც ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, არ დაუსვამენ კითხვას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას რეგიონის მესამე „საუკუნის პროექტის“ - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართ. მკითხველს შევახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს, შემდეგ კი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც, ამ პროექტის თანმიმდევრული კრიტიკოსი იყო და თვლიდა, რომ მასში საქართველოს მონაწილეობა არსებული პირობებით წამგებიანი იყო თბილისისათვის. მისი არგუმენტები ასეთი იყო: პირველი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შემოსავლებს შეუმცირებდა საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურებს - ბათუმს და ფოთს და მეორე - რამდენადაც რკინიგზის მშენებლობა უმთავრესად აზერბაიჯანს ჭირდება, საქართველოს ტერიტორიაზე მისი მშენებლობის დაფინანსება ბაქომ უნდა განახორციელოს, თანაც კრედიტი უპროცენტო უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის არგუმენტები, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გაიმეორა ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო - იმ დროისათვის რკინიგზის მშენებლობა, ფაქტიურად, უკვე მთავრდებოდა.
ცხადია, ახლა წარსულის „ქექვას“ არავინ არ დაიწყებს. დღეს ბაქოს უსიამოვნო კითხვები თბილისის მიმართ შეიძლება სხვა სიბრტყეში იყოს. აზერბაიჯანის ხელისუფლება, ადგილობრივი პრესის პუბლიკაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს კვლავ თავს აფარებენ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები. გავიხსენოთ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე, რომელიც თბილისის „ცენტრში“ დაიკარგა და ცოტა ხნის შემდეგ ბაქოს საპყრობილეში აღმოჩნდა. ეს ინციდენტი, ერთი მხრივ, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის გამოვლინება იყო, მეორე მხრივ კი - იმ კრიტიკის საფუძველი გახდა, რომელიც დასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ორივე მეზობლის მიმართ დაიწყეს. ამის მიუხედავად, ბაქოს პროსამთავრობო გაზეთები პერიოდულად წერენ, რომ აფგან მუხთარლის დაჭერით თბილისში მოკალათებული აზერბაიჯანელ ოპოზიციონერთა სამე არ დახურულა და მათი ანტიაზერბაიჯანული საქმიანობა კეთილმეზობლობას ზიანს აყენებსო. ალბათ, ბაქო ასევე გაიხსენებს ახალქალაქში მომხდარ მისთვის უსიამოვნო ამბავს, რომელიც მთიან ყარაბაღში ნაბრძოლი საქართველოს სომხურენოვანი მოქალაქის ბიუსტის რეკონსტრუქციას უკავშირდება. მართალია, ძეგლის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეკრებილი ფულით განხორციელდა, მაგრამ მის საზეიმო გახსნაში სომხეთის ელჩისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა მონაწილეობამ აზერბაიჯანის აღშფოთება გამოიწვია.
და ბოლოს, ბაქოს შეუძლია დაინტერესდეს, თუ რითაა გამოწვეული საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობა „გაზპრომ“-თან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, რომელიც დღეს მხოლოდ სომხეთთან გაზის მიწოდებით შემოიფარგლება. ერთი წლის წინ ქართული მხარის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ბაქო კიდეც გააკვირვა და იმავდროულადაც გაანაწყენა: აზერბაიჯანი იძულებული გახდა შეეხსენებინა საქართველოსთვის, რომ ენერგომომარაგების საკითხში ბაქო თბილისს არცერთ თხოვნაზე უარს არ ეუბნებოდა.
ამიტომაც, პრობლემების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში ვიზიტის დროს, რომელსაც „მეზობლის გაცნობის“ ფორმალურ ხასიათი აქვს, შეეცდება ორმხრივ ურთიერთობაში გაჩენილი „ხიწვები“და „ხორკლები“ მოიშოროს.

















