მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს
მამუკა ბახტაძეს ინტერვიუ ჩამოართვა გერმანული გაზეთის Süddeutsche Zeitung-ის კორესპონდენტმა დანიელ ბროსლერმა. ინტერვიუს მოკლე შინაარსი გაზეთმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
„მამუკა ბახტაძე თვლის, რომ იგი კმაყოფილი იმით, რაც მან კონფერენციაზე მოისმინა: „ჩვენ მოვისმინეთ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აშშ თავის გადაწყვეტილებებს ყოველთვის მტკიცე არგუმენტების საფუძველზე იღებს“, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მხედველობაში აქვს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ავღანეთიდან ამერიკის ნაწილობრივ გამოყვანის თაობაზე და რომელიც საქართველოსაც უკავშირდება. მამუკა ბახტაძე „აბსოლუტურად“ არის დარწმუნებული იმაში, რომ ასეთი გადაწყვეტილებები დიდი პასუხისმგებლობით მიიღება.
როგორც ცნობილია, ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიის ჩარჩოებში საქართველოც მონაწილეობს: შავიზღვისპირა პატარა სახელმწიფომ ჰინდუყუშის მთების ქვეყანაში 870 ჯარისკაცი გაგზავნა, რაც, რიცხოვნობის მიხედვით, მეხუთე კონტინგენტია ამერიკელების, გერმანელების, ბრიტანელებისა და იტალიელების შემდეგ, 17 ათას ძლიერ მამაკაცებსა და ქალებს შორის. „მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით“, - ხაზს უსვამს მამუკა ბახტაძე, „საქართველომ საკუთარ თავზე ყველაზე დიდი ტვირთი აიღო“.
ავღანეთის მისიაში თავისი მონაწილეობით საქართველოს სურს აჩვენოს, თუ როგორი დიდი სურვილი აქვს ნატოში გაწევრიანდეს. საქართველოს ალიანსის საიმედო პარტნიორად თვლიან, მაგრამ თბილისი დღეს, ისევე როგორც მისიაში მონაწილე თითქმის 40 ქვეყანა, პრობლემის წინაშე დგას: არავინ არ იცის, როდის და რამდენ ჯარს გაიყვანს ავღანეთიდან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. არსებობს საფრთხე, რომ [ავღანეთში] სირიის მსგავსი სცენარი განმეორდეს. სწორედ ამიტომ გამოხატა თხოვნა ანგელა მერკელმა კონფერენციაზე, რომ ეს საკითხი „ერთმანეთთან მოთათბირებით“ გადაწყდეს. ინტერვიუში მამუკა ბახტაძეც იმედოვნებს, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ან მისი შემცირების საკითხი კონსენსუსით მოგვარდება.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ [ალიანსთან თანამშრომლობაში] „ჩადებული ინვესტიციები“ უშედეგო არ ყოფილა და აცხადებს, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ამასთან, იგი აღიარებს, რომ ნატოს წევრ-სახელმწიფოებს შორის არსებობს განსხვავებული თვალსაზრისები ალიანსში საქართველოს მიღების თაობაზე, განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან, ღია ტერიტორიული კონფლიქტის არსებობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საერთაშორისო დონეზე საქართველოს შემადგენლობაში აღიარებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დღეს რუსეთი აკონტროლებს:
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბარიერები არსებობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს მომავალს არ განსაზღვრავს“, - ამბობს პრემიერი მამუკა ბახტაძე ინტერვიუში.

















