„როგორც ჩანს, საქართველო ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მორიგ ნაბიჯს დგამს. თბილისის განზრახვა - გახსნას
სავაჭრო დერეფნები და საბაჟო პუნქტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან, რუსეთთან 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების საფუძველზე - ფაქტიურად სომხეთის სატრანსპორტო იზოლაციიდან გამოსვლას ნიშნავს: იმ სომხეთისა, რომელსაც აზერბაიჯანის მიწები აქვს ოკუპირებული“, - ასეთი შესავალით აქვს გაზეთ «Азербайджанские известия»-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა გაკრიტიკებული.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ნატიგ ნაზიმოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
მასალაში განხილულია საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ე.წ. სავაჭრო დერეფნების გახსნის თაობაზე, ანუ საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და სამხ.ოსეთის გავლით - საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების მოძრაობის მონიტორინგის შესახებ, შვეიცარიული კომპანიის მონაწილეობით.
„საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე ახალი საკონტროლო-გამსვლელი პუნქტების გახსნა ხელს შეუწყობს სომხეთის მიერ სატრანსპორტო ბლოკადის გადალახვას. ერევანში იმედს არ მალავენ, რომ შეიძლება სულ მალე რუსეთისაკენ (ასევე ევროკავშირისაკენ და პირიქით) გაგზავნილმა ტვირთებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გაიარონ. ნიშანდოფბლივია, რომ ამას წინათ სომხეთში ვიზიტით მყოფმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ „სომხეთის თხოვნა გზების გახსნაზე ნამდვილად არის“ და რუსეთი ამ საკითხს მხედველობაში იქონიებსო.
საქართველოს, როგორც ჩანს, განზრახული აქვს დიდი როლი შეასრულოს „სომხეთის თხოვნის“ შესრულებაში, რაც იმას ადასტურებს, რომ ბაქო-თბილისის ურთიერთობისათვის, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობასა და მოკავშირეობის პრინციპებს ემყარება, ძალიან რთული პერიოდი დგება. ჯერ იყო და სიტუაცია გაამწვავა ახალქალაქში სომეხი ბოევიკის, ყარაბაღის ბრძოლების მონაწილისათვის ბიუსტის დადგმამ, ახლა კიდევ ამ ე.წ. დერეფნების გახსნის საკითხმა. სხვათა შორის, რუსეთის გარკვეულ სამთავრობო წრეებში აცხადებენ, რომ 2011 წლის შეთანხმების პირობების რეალიზება აიძულებს საქართველოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისგან დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად აღიაროსო. ალბათ, ამიტომაც არ უნდა იყოს გასაკვირი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, რვა წლის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის პირობების რეალიზება საქართველოს სახელმწიფოსათვის კატასტროფა იქნებაო. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამაც ასევე აღნიშნა, რომ სატრანსპორტო დერეფნების გახსნა დაუშვებელია: „როგორც ყოველთვის, რუსეთის ისევ ცდილობს საერთაშორისო მექანიზმები გამოიყენოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზნით“, - ამბობს იგი.
იბადება ლოგიკური კითხვა: რის მიღწევას ცდილობს საქართველოს მთავრობა, როცა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც მიმართულია როგორც თბილისის, ასევე მისი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ?
რაც შეეხება ბაქოს, მან თბილისს მკაფიოდ მიანიშნა: მეგობრული, პარტნიორული და მოკავშირუიული ურთიერთობები ვერ იტანს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს აქსიომა თბილისმა განსაკუთრებით უნდა გააცნობიეროს, რადგან აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი კეთილდღეობა.
--------------
საქართველოს შესახებ მასალები გამოქვეყნებულია აგრეთვე აზერბაიჯანის სხვა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებშიც:
გაზეთ «Каспий»-ში სათაურით „ბუნდოვანი პერსპექტივა: არავის არ შეუძლია ზუსტად იმის თქმა, მართლაც გაიხსნება თუ არა დერეფნები რუსეთიდან საქართველოში“ (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ). მასში გამოთქმული აზრის მიხედვით, მართალია, ჟენევაში მოლაპარაკება კი გაიმართა, მაგრამ ჯერ-ჯერობით გაუგებარია, მართლაც დაეთანხმა თუ არა საქართველო რუსეთისა და სომხეთის სურვილს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე მოძრაობის გახსნის მიზნით (წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf)
ყოველკვირეულ ჟურნალ «Region Plus»-ში სათაურით „საქართველოს სომხურმა „კობრამ“ უკბინა: ერევანი ცდილობს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებში განხეთქილება შეიტანოს“ (ავტორი - ნატიგ მამედზადე). მასალაში საუბარია როგორც ახალქალაქში სომეხი მებრძოლისათვის (მეტსახელად „კობრა“, რომელმაც ყარაბაღში დანაშაული ჩაიდინა) ბიუსტის დადგმაზე, ასევე სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების სავარაუდო გახსნაზე (წყარო: http://regionplus.az/ru/articles/view/6728
გაზეთ «Xalq qəzeti»-ში - „აზერბაიჯანელებმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია ჩაატარეს“, რომელშიც საუბარია აქციის მიზეზზე (ახალქალაქში ბიუსტის დადგმა), ჩამოთვლილია მონაწილეები, მიმოხილულია აქციის მიმდინარეობა, მოცემულია დეპუტატ აზერ სულეიმანოვის კომენტარი (წყარო: http://xalqqazeti.com/az/news/15260).

















