სომხური გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია სიტუაცია რუსეთსა და
საქართველოს შორის 2011 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზებასთან დაკავშირებით, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებასა და ტვირთების მონიტორინგს ითვალისწინებს, აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ არტემ ერკანიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„ჟენევაში რუსეთ-საქართველოს უწყებათაშორისო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა, რომლის დროსაც ტრანსკავკასიური სავაჭრო დერეფნების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოზიტიური საქმე ადგილიდან დაიძრა. სავარაუდოდ, უახლოეს ხანში, საქართველოს ყოფილი ავტონომიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით, სომხეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი მიმოსვლა აღდგება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ავტორი მიმოიხილავს 2011 წლის შეთანხმების ისტორიას, მის დებულებებს, შვეიცარიული კომპანიის მონაწილეობას და იმ ხელშემშლელ მომენტებს, რაც მის რეალიზებას უკავშირდებოდა ბოლო რვა წლის განმავლობაში, მათ შორის აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსის პრობლემას. „მოლაპარაკება მძიმე და ხანგრძლივი იყო. საბოლოოდ მხარეებმა შეძლეს და მოახერხეს ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მოძებნა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
„შეთანხმების რეალიზებაში, ბუნებრივია, სომხეთი ძალიან არის დაინტერესებული. მართალია, ერევანი მოლაპარაკების მხარე არ არის, მაგრამ მაინც მოახდინა ირიბი გავლენა მის მიმდინარეობასა და შედეგებზე. სომხეთისთვის სახმელეთო სავაჭრო დერეფნების საკითხი პრიორიტეტულია, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ერევანი ბოლო დროს ყურადღებას აღარ აქცევდა საზღვაო მიმართულებას, აქცენტი მთიანად აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალ დერეფნებზე იყო გადატანილი, რაც სომხეთს მისცემს სატრანსპორტო ბლოკადიდან საბოლოოდ გამოსვლის შესაძლებლობას, გაიზრდება იმპორტ-ექსპორტი, საქონელთბრუნვა რუსეთთან და ევროკავშირთან“, - წერს ავტორი.
„გასაგებია, რომ ასეთი პერსპექტივა არ აწყობთ აზერბაიჯანის მმართველებს. ბაქოში აცნობიერებენ, რომ ბლოკადის გარღვევა აუცილებლად გამოიწვევს ერევნის პოზიციების განმტკიცებას ყარაბაღის საკითხში და საერთოდ, გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანი ყველა ხერხს და მეთოდს იყენებს, ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ საქართველოზე გავლენა მოახდინოს და თბილისმა უარი თქვას დერეფნების გახსნაზე. ბაქო იმ მიზნით, რომ სომხებზე შური იძიოს, თბილისის მიმართ ღია მუქარებზე და შანტაჟზეც კი მიდის... აზერბაიჯანის მიერ საქართველოზე ზეწოლის მოხდენისათვის მთავარი ბერკეტი ენერგეტიკაა, რაც იმაში გამოიხარტება, რომ თბილისი ბაქოსაგან გაზს იაფად ყიდულობს. ცხადია, თუ საქართველო შლაგბაუმს ასწევს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისაკენ მიმავალ გზებზე, მაშინ ბუნებრივ გაზს ბაქოსაგან იაფად ვეღარ მიიღებს. სხვათა შორის, არაა გამორიცხული, რომ „სოკარის“ მიერ ამასწინანდელი ტარიფის მომატება ქართული კერძო კომპანიებისათვის ოფიციალური ბაქოს ერთგვარ რეაქციას - [გაფრთხილებას] წარმოადგენს.
მაგრამ საქართველო პერსპექტივაში მაინც მოგებული დარჩება: მოსალოდნე პლუსებს შორის არამარტო მრავალმილიონიანი საბაჟო შემოსავლები იქნება, არამედ ისიც, რომ დღემდე უქმად არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციები გლობალური არტერიის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ შემადგენელი ნაწილები გახდებიან - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისაკენ ირანული ავტოტრეილერები და რეფრიჟერატორებიც გაემართებიან. გზების გახსნა კარგი იქნება თვით ქართველი ფერმერებისათვის, რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანის მიზნით.
სასწორის საპირისპირო მხარეს კი მხოლოდ იაფი ბუნებრივი გაზი დევს. კიდევ რამდენ ხანს მოითმენს თბილისი ალიევის პოლიტიკურ დიქტატს, რომელსაც საქართველო მოკლე სადავით ჰყავს დაჭერილი და ონკანის გადაკეტვის“ უფლებით აშანტაჟებს?“, - ასეთი რიტორიკული კითხვაა დასმული სტატიის დასასრულს.

















