„როგორც ჩანს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანდათანობით ითავისებს და ეჩვევა
სახელმწიფოს მეთაურის როლს. მან უკვე გააკეთა რამდენიმე განცხადება, თუმცა მათგან ზოგიერთი საკმაოდ მოულოდნელი იყო. სიურპრიზები არის მათთვისაც, ვინც სალომე ზურაბიშვილს არჩევნების დროს მხარს უჭერდა“, - წერს აზერბაიჯანის გაზეთი «Каспiй».
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის პარლამენტს მიმართა თხოვნით, რათა გაგრძელდეს გამოძიების ვადები საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, იწურება 25 წლიანი ვადა, რის შედეგადაც ზვიად გამსახურდიას მკვლელები აღარ გასამართლდებიან. რამდენიმე დღის წინ კი ზვიად გამსახურდიას შვილებმა - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა შიმშილობა დაიწყეს, რათა გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი.
მაგრამ გაჩერდება კი მხოლოდ ამ საქმეზე სალომე ზურაბიშვილი? რადგანაც კარგადაა ცნობილი მისი „თბილი“ ურთიერთობა თავის ყოფილ უფროსთან - მიხეილ სააკაშვილთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლადარცეული პრეზიდენტი გაიხსენებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილსაც, რომელსაც ბევრი „პოლიტიკურ მკვლელობად“ თვლის... და, ცხადია, ბრალს იმდროინდელ პრეზიდენტ-რეფორმატორს სდებენ - მით უმეტეს, რომ საბაბი უკვე არის: ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ზურაბ ჟვანიას ძმა - გოგლა ჟვანია ცხედრის ექსგუმაციას ითხოვს.
ასევე საინტერესოა, თუ რა საგარეოპოლიტიკურ კურსს გაატარებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მან „ბი-ბი-სი“-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში უკვე გააკეთა პროდასავლური და ანტირუსული განცხადებები, რომ თბილისი მოსკოვთან დიალოგისათვის მზად არ არისო. აშკარაა, მისი ასეთი პოზიცია მმართველი გუნდისა და მათ მხარდამჭერთა ნაწილს ნამდვილად არ მოეწონება, მათ შორის ყოფილ რუს მილიარდერს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერს წარმოადგენს.
სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები რუსი პოლიტიკოსებისთვისაც „ცივ შხაპის“ ტოლფასი იყო. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მთავარი ოპონენტი გრიგოლ ვაშაძე და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს „პრორუსულობას“ აბრალებდა, ახლა კი მათი „მტკიცებულებები“ არ დასტურდება... ისე, პარალელურად, უპრიანია გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ გენმდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებაც, რომელიც მან ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის წინ გააკეთა - სალომე კარგი პრეზიდენტი იქნება და რუსეთთან ურთიერთობაში დადებით როლს შეასრულებსო.
ალბათ, ისიც გასახსენებელია, რომ [მედასავლეთე] მიხეილ სააკაშვილმა, ახლა რომ თავს კრემლის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად გვაჩვენებს, როცა იგი პრეზიდენტად აირჩიეს, 2004 წელს, თავისი პირველი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, [„პრორუსმა“] სალომე ზურაბიშვილმა კი კურსი ბრიუსელისაკენ აიღო. თუ ამას საინაგურაციო სიტყვის ფრაზებსაც დავამატებთ („რუსეთი ოკუპანტია!“), ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება, რბილად რომ ვთქვათ, მოსალოდნელი არ არის. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობა სალომე ზურაბიშვილის მიზეზით არ გამწვავდება, თუმცა, ალბათ, „რბილი“ ანტირუსული რიტორიკა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ „ეტიკეტად“ მაინც დარჩება. უნდა ვივარაუდოთ, რომ გაგრძელდება შედარებითი სტაბილურობა - „არც მტრები და არც მეგობრები“. კაცმა რომ თქვას, ომს ეს სჯობია“, - წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

















