რუსული გამოცემის, «Россия в глобальной политике»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში
გაანალიზებულია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა - როგორი იქნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და ა.შ.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მიხეილ ვიგნანსკის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის შინაარსს:
დამდეგ ახალ 2019 წელს საქართველო თბილისში, რუსთაველის გამზირზე 1989 წლის აპრილში მომხდარი სისხლიანი მოვლენის 30 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ცხრა აპრილი ითვლება ქვეყნის უახლესი სიტორიაში რუბიკონად, მთავარ მომენტად. საბჭოთა კავშირის დაშლა მხოლოდ სიმბოლური გაფორმება იყო საქართველოს კავშირის გაწყვეტისა საბჭოურ წარსულთან. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ამ სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველომ ბევრი საშინელება გამოიარა, ყველაფერი გამოსცადა საკუთარ თავზე - ისეთი უბედურებები, რაც ბევრ სახელმწიფოს სამ საუკუნეში არ უნახავს: თბილისის ცენტრში მომხდარი სამხედრო შეტაკება და ავტონომიებში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტები, რუსეთთან ომი და დემოკრატიული მშენებლობის მყიფე პროცესი, რომელიც საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის კოლოსალურ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც ირგვლივ მტაცებლებია. ეს უდიდესი გამოწვევაა და გადარჩენის შანსი მხოლოდ მის განვითარებაშია.
2019 წელი გვაჩვენებს, შევა თუ არა საქართველო სიმწიფის ასაკში, გაამართლებს თუ არა ხელისუფლებისათვის მიცემული ავანსები. ეს ეხება როგორც საგარეოპოლიტიკურ კურსს (ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია), ასევე საშინაოპოლიტიკურს (რეფორმების განხორციელება). გამოცდა ძალიან რთული იქნება და შეიძლება კრიტიკულიც კი ქვეყნისათვის.
2018 წლის დასასრულს მომხდარმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგში არ არის. მხედველობაში გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები. მართალია, პრეზიდენტის პოსტი საპარლამენტო რესპუბლიკაში მაინცდამაინც დიდმნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია თვითონ არჩევნების მიმდინარეობა და პროცესის შედეგი, რომელიც ქვეყნის მმართველი პარტიისათვის - „ქართული ოცნებისათვის“ ეკლიანი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, არჩევნები და მისი შედეგი შეიძლება დემოკრატიის გადასახედიდან შევაფასოთ: ხმის მიცემა ორ ეტაპად ჩატარდა, პრეზიდენტი ქალი გახდა... ეს ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინათ დაუჯერებელი იქნებოდა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირველი ტურის შედგები „ოცნებისათვის“ სილის გაწვნას ნიშნავდა მოსახლეობის მხრიდან.
ამასთან, საქართველოს ხელმძღვანელობისათვის 2019 წელს მთავარი გამოწვევა საშინაო პოლიტიკაში ოპოზიციის მოქმედება არ იქნება. ოპოზიცია, ანუ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია თითქმის მარგინალები ხდებიან. დღეს საქართველოში ავტორიტეტული ოპოზიცია არ არსებობს. შესაბამისად, მთავარი საშინაოპოლიტიკური გამოწვევებია ფრუსტრაცია, სკეპსისი და ნიჰილიზმი. თუ მათ ხელისუფლება დაძლევს, მაშინ საქართველო თავის პოზიციებს საერთაშორისო არენაზეც განამტკიცებს. სისუსტეს გამოიჩენს? - ისე მოუვა, როგორც სომხეთის ხელისუფლებას მოუვიდა. ყურადღება უნდა მიექცეს საპარლამენტო უმრავლესობის როლსაც და მნიშვნელობას - გავიხსენოთ, სადამდე მიიყვანა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალები“ საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელსაც, საერთოდ, დადებითი როლის შესრრულებაც შეუძლია და უარყოფითისაც. ამჟამად „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ჰყავს, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ხაფანგად არ ექცეს. ცხადია, ასეთ სიამოვნებაზე უარის თქმა ძნელია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხშირად მას ჟანგი უჩნდება და ჩამოიქცევა ხოლმე.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ლიდერმა საფრთხე იგრძნო. მაგრამ საკითხავია, ეს „ინექცია“ საკმარისია თუ არა სიტუაციის გასაჯანსაღებლად? სერიოზული საკადრო ცვლილებების გარეშე ქვეყანა კრიზისებს ძნელად გადაურჩება. 2019 წელი, საბედნიეროდ, საარჩევნო წელი არ არის, ახალ პარლამენტს საქართველო 2020 წელს აირჩევს. ამრიგად, დრო ჯერ კიდევ რჩება.
ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რეალიზების მიხედვით, საქართველო ყველაზე მოწინავე ქვეყნად ითვლება. ეს კარგი მიღწევაა. თბილისმა სხვები საკმაოდ უკან ჩამოიტოვა. ცოტა ცინიკურად ნათქვამი გამოვა, მაგრამ ფაქტია - საქართველომ, როგორც იქნა, უკრაინა „მხრებიდან მოიშორა“. ნატოელი ჩინოვნიკებიც ამას ამბობენ, რომ საქართველო უკვე „ზღურბლზე დგას“, უკრაინას კი „ჯერ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი“. საქართველოსთვის ამ უპირატესობის დაკარგვა ძალზე წამგებიანი იქნება.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, არაა გამორიცხული, რომ დამდეგმა ახალმა წელმა მას გარკვეული დინამიკა მისცეს. დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთვის მეორე ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს: რუსი ტურისტების რაოდენობით, 2017 წელთან შედარებით, უკვე რეკორდი დამყარდა. გაზაფხულზე ორი ქვეყნის ურთიერთობას, შეიძლება ითქვას, ინტრიგა დაემატება: შვეიცარიული კომპანია მარტის თვიდან იმ ტვირთების მონიტორინგს იწყებს, რომლებმაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სატრანსპორტო დერეფნებზე უნდა გაიაროს. საკითხი უკვე 7 წელზე მეტია იხილება და თუ შეთანხმების იმპლემენტაცია საბოლოოდ მოხდება, ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იქნება არა მხოლოდ თბილის-მოსკოვის ურთიერთობასათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის.

















