„არჩევნებისშემდგომ სიტუაციას, რომელიც მეზობელ საქართველოში შეიქმნა, მშვიდს ვერ უწოდებ - შედეგებით
უკმაყოფილო ოპოზიცია ცდილობს ვითარება აურიოს და საპროტესტო აქციები მოაწყოს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ «Каспiй»-ში დაბეჭდილ სტატიაში.
რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პროცედურა თელავში (სტუმრები, პრეზიდენტის სიტყვა...) და ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და პოლიციის დაპირისპირება ქალაქის მისადგომებთან.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ოპოზიციის წარუმეტებელი აქციის შემდეგ (გრიგოლ ვაშაძემ და მისმა მომხრეებმა თელავში შესვლა და ინაუგურაციისათვის ხელის შეშლა ვერ მოახერხეს) მათ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის მეშვეობით მიმართა და უწყვეტი აქციების დაწყებისაკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სუსტია და მშიშარაა, მისი დამხობა ადვილია და თუ ეს მოხდება, სალომე ზურაბიშვილიც თავისთავად გადადგება.
პარლამენტის წინ შეკრებილმა ოპოზიციამ კარვები გაშალა და კვლავ გაახსენა ხელისუფლებას ის მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს: პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით და მთავრობის გადადგომა.
„რა იქნება შემდეგ, ამის თქმა რთულია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, აქვს თუ არა ამ გამოსვლებს გაგრძელების შანსი და არის თუ არა მოსახლეობაში საპროტესტო განწყობა, რათა ოპოზიციას გარკვეული შედეგების იმედი ჰქონდეს“.
გაზეთმა კომენტარისათვის ქართველ პოლიტოლოგს, კავკასიის სტრატეგიუოლი კვლევების ინსტიტუტის პოლიტიკურ ანალიტიკოსს გელა ვასაძეს მიმართა, რომლის თქმით, „ამჟამად ოპოზიციის იმედი ხელისუფლების შეცვლაზე ფუჭია, თუმცა ცხადია, რომ უცხოელი ინვესტორების წინაშე მთავრობის რეპუტაცია დაზარალდება. გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაღრმავდება“.

















