გერმანული რადიოს Deutschlanfunkveb-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია-რეპორტაჟი ეხება რუსეთ-უკრაინის
დაპირისპირებას ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვის აკვატორიაში. მასალში აღწერილია აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე უკრაინის ნავსადგურის მარიუპოლის მდგომარეობა, რომელიც რუსული საზღვაო ბლოკადის გამო ფაქტიურად ტვირთების გარეშეა დატოვებული. განხილულია ორივე მხარის პოზიციები და მიზნები, უკრაინელი პოლიტოლოგების თვალსაზრისები: „შავ ზღვაში აუცილებლად უნდა შემოვიდეს ნატოს ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ფლოტი, თორემ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ზღვიდანაც განახორციელებს“. მაგრამ შემოვა კი? გადადგამს ნატო ამ ნაბიჯს? არსებობს თუ არა რაიმე გამოცდილება ამ მიმართულებით?
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს თომას ფრანკეს ავტორობით გამოქვეყნებული ვრცელი სტატიიდან:
რუსეთი და საქართველო: რას გვასწავლის ისტორია
გადავიხედოთ ახლო წარსულში: 2008 წლის აგვისტო. საქართველო რუსეთს ეომება, ამ დროს კი ფოთის ნავსადგურში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკვე ფსკერზე განისვენებს: რვა სამხედრო ხომალდი რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად რამდენიმე წუთში ჩაიძირა. ფოთისაკენ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები სახმელეთო გზებითაც მიდიან, გზადაგზა კი ყველაფერს ძარცვავენ და საკონტროლო-გამსვლელ პუნქტებს აწყობენ. ფოთის სამხრეთით კი, 70 კილომეტრზე, შავი ზღვის კიდევ ერთ სანავსადგურო ქალაქ ბათუმში აშშ-ის უზარმაზარი ნაღმოსანი დგას, რომელმაც რუსეთთან მეომარ ქართველებს... ამერიკიდან ჰუმანიტარული დახმარება ჩამოუტანა.
მცურავი ამწის თმაჭაღარა კაპიტანი შიშველ ტორსზე ზოლებიან პერანგს იცვამს. 2008 წლის აგვისტოში მისი ამწის ეკიპაჟი მთელი დღე ამერიკული ნაღმოსნის მიერ ჩამოტანილი ჰუმანიტარული ტვირთის ნაპირზე გადმოტანით იყო დაკავებული. „იცით, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ დიდი სახელმწიფოები იმას გვიკეთებენ, რასაც თვითონ მოისურვებენ. არ მინდა ვინმემ უხეშობა დამწამოს, რუსეთში მე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ რუსების მხრიდან ძალის ასეთი სახით გამოყენება არასწორი იყო“, - ამბობს კაპიტანი.
ათი წლის წინ მცურავი ამწის ეკიპაჟი ვარაუდობდა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამერიკის სამხედრო ხომალდის წინააღმდეგ შეტევას ვერ გაბედავდა. ისინი მართლები აღმოჩნდნენ. უფრო მეტიც - ამერიკამ განაცხადა, რომ საქართველოში კიდევ ორ სამხედრო ხომალდს გაგზავნიდა ჰუმანიტარული დახმარებით. გარდა ამისა, იმ დროს შავ ზღვაში გერმანიისა და ესპანეთის ხომალდებიც იმყოფებოდნენ.
თუმცა ეს იყო და ეს. ამით ყველაფერი დასრულდა. ქართველებს 2008 წლის აგვისტოში - ისევე როგორც დღეს უკრაინელებს - აშშ-საგან და ნატოსაგან უფრო აქტიური ჩარევის იმედი ჰქონდათ, მათ შორის „მაპ“-ის მიღების იმედიც, მაგრამ რად გინდა - 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ორივე ქვეყნისადმი ნატოს მიერ მიცემული დაპირება დღემდე შეუსრულებელია.
NATO ანუ No Action, Talking only
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმერ ომელიანი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა რუსეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისათვის უნდა მოემზადოს:
„უინსტონ ჩერჩილს უთქვამს: დიახ, მშვიდობა მაშინ დაისადგურებს, როცა ჩვენ ომს მოვიგებთო. ჩვენც ეს ომი [მეგობრების დახმარებით] უნდა მოვიგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ უკრაინა რუსეთში შეჭრილიყო. უკრაინას რუსეთის ტერიტორიები არ დაუკავებია. პირიქით - რუსეთმა მიიტაცა ყირიმი და დონბასის რეგიონი. მოსკოვი ასეთნაირად მოექცა საქართველოს 2008 წელს და დაინახა, რომ დასავლეთმა ამაზე ძალზე თავშეკავებული რეაგირება გამოხატა. ჰოდა, რუსეთმაც იფიქრა - არაფერი არ მოხდება თუ დღეს ჩვენ საქართველოს დავიკავებთ, ხვალ უკრაინას და შემდეგ შეიძლება ბალტიისპირეთსაც. არავინ არაფერს იტყვის“, - ამბობს მინისტრი.
დღეს ბევრი უკრაინელისათვის აბრევიატურა NATO ასე იშიფრება - No Action, Talking Only („არავითარი მოქმედება, მხოლოდ ლაპარაკი“), ანუ ნატოელები მხოლოდ ყბედობენ და რეალურად არაფერს აკეთებენ. და მართლაც გავიხსენოთ - ერთი წელიც არ იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგა სერეგი ლავროვთან ერთად თითი დააჭირა „ურთიერთობების გადატვირთვის“ ამსახველ სიმბოლურ ღილაკს...
დასავლეთის გაუბედაობამ რუსეთის მიმართ ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობას სამხედრო მზადყოფნის გაძლირებისაკენ უბიძგა. რუსეთის მოსაზღვრე რეგიონების მცხოვრებლებმა საკუთარი ოჯახებისათვის ბუნკერების მშენებლობა დაიწყეს, რადგან რუსეთის მთავრობისაგან ყველაფერია მოსალოდნელი. მით უმეტეს, რომ ესტონეთი ლატვია და ლიეტუვა ნატოს წევრები არიან. ისინი შეშფოთებულები არიან იმით, რასაც დამკვირვებლები ვარაუდობენ: რუსეთმა ნატოს თავდაცვის სიმტკიცე შეიძლება ბალტიის ქვეყნებისმაგალითზე შეამოწმოს, ნაკლებმნიშვნელოვანი ხანმოკლე შეტევით, რომლის შედეგად რუსეთი, ვთქვათ საზღვარს ორასიოდე მეტრით გადასწევს.

















