ამერიკული გამოცემის, «The LaGRANGE Daily News»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია აშშ-ის ჯორჯიის
შტატის ქალაქ ლაგრანჟეს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრმლები შთაბეჭდილებები, რომლებიც მათ თბილისში ყოფნისას მიიღეს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
„ლაგრანჟელი პოლიციელები - ლეიტენანტი ერიკ ლორი და უფროსი ოფიცერი ჯიმ დევისონი ამას წინათ დაბრუნდნენ საქართველოდან, სადაც მათ თბილისში ქართული საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უსაფრთხოების საკითხებში ტრენინგი ჩაუტარეს სხვადასხვა თემაზე - პოლიციის მოქმედების ლეგიტიმურობა, სიტუაციის განმუხტვის მეთოდები, პოლიციელისა და მოქალაქის კონტაქტის დინამიკა, რისკები და ასე შემდეგ. გამოყენებული იყო სასწავლო თვალსაჩინოება და მოვლენათა სცენარები. კლასში 20 ქართველი პოლიციელი ირიცხებოდა.
ტრენინგი ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო ბიუროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტის საფუძველზე მიმდინარეობდა. სწავლების მთავარი მიზანი იყო დახმარება გაეწიათ საქართველოს რესპუბლიკის მართლწესრიგის დამცველი ორგანოებისათვის, კერძოდ, საპოლიციო ქვედანაყოფების ორგანიზებაში (ორკაციანიდან ერთკაციანზე გადასვლაში).
„ვიგრძენი, რომ სწავლების პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა. ქართველი ოფიცრები ნიჭიერები არიან და ყველაფერი სწრაფად აითვისეს“, - ამბობს ერიკ ლორი, - „ჩემთვის დიდი პატივი იყო მოწვევის მიღება და ტრენინგის ხელმძღვანელობა. მოუთმენლად ველოდები მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას, რომელიც ქართულ პოლიციას პოზიტიურ შედეგებს მოუტანს“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია ლაგრანჟეს მიმდინარე წლის დასაწყისში ეწვია იმ მიზნით, რომ ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის მუშაობის პრაქტიკას უფრო ახლოს გასცნობოდა.
„საქართველოს რესპუბლიკა ძალიან მშვენიერი ქვეყანანა, იქ ჩვენ თავს სასურველ და პატივცემულ სტუმრებად ვგრძნობდით. მოხარულნი ვართ, რომ საპატრულო პოლიციის სწავლებაში დახმარება გავუწიეთ“, - ამბობს ჯიმ დევისონი, - „ჩემთვისაც სასარგებლო იყო - ვნახე და შევაფასე, თუ როგორ მუშაობენ ქართველი პოლიციელები და ლაგრანჟეში ჩვენს საქმიანობას შევადარე“.
სავარაუდოდ, ლაგრანჟეს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქართულ პოლიციასთან 2019 წელსაც გააგრძელებენ თანამშრომლობას.

















