სტატიაში, რომელიც რუსული პოპულარული გაზეთის «Аргументы и факты»-ს უკრაინულ ვერსიაში გამოქვეყნდა,
ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია, მისი ცხოვრების გზა, დიპლომატიური კარიერა და სხვა მომენტები. ყურადღება ეთმობა მის განცხადებებს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ - როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის გატარების საკითხებში. ხაზგასმულია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტია ისტორიაში და იმავდროულად უკანასკნელი პრეზდენტიც, რომელიც საყოველთაო ხმის მიცემით არის არჩეული.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ირინა ვანდას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ციტირებულია პოლიტოლოგთა მიერ გამოხატული თვალსაზრისები. უკრაინელი ექსპერტი პავლე ხუდიაკოვი ამბობს, რომ „სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის გავლენას გააძლიერებს, თუმცა ამ საკითხზე მხოლოდ თეორიულად შეიძლება ვისაუბროთ“. რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას, სალომე ზურაბიშვილი ამ სფეროში ვერაფერს გააკეთებს: საქართველოს პრეზიდენტი ისეთი პოლიტიკური ფიგურა არ არის, რომ რაიმეს ინიცირება და რეალიზება შეძლოს. კიევ-თბილისის ურთიერთობა „ლატენტურად გრილი“ დარჩება და შეიძლება საქართველომ დისტანცირებაც კი მოახდინოს: „იმიტომ, რომ ჩვენ პრობლემურები ვართ“.
როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრეს-ატაშე ბაჩო ქორჩილავა ამბობს გაზეთის თხოვნით გაკეთებულ კომენტარში, პირველი ორი-სამი თვე სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდეს შეინარჩუნებს, შემდეგ კი თანდათან თავის ხასიათსაც გამოაჩენს.
„როგორ წარმოუდგენია საქართველოს პერსპექტივა სალომე ზურაბიშვილს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ვფიქრობ, იგი გარკვეულწილად რეალურ პროცესებისაგან დაშორებულია. მან აფხაზეთს „განგრენა“ უწოდა, განგრენის დროს კი სხეულის ნაწილი უნდა მოიკვეთოს... გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება სალომე ზურაბიშვილის გაკონტროლებას, მაგრამ იგი თავისებური ქალია - ასე ვთქვათ, თავშეუკავებელი. მიუხედავვად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს მცირე უფლებამოსილებები აქვს, ჩემი აზრით, გარკვეული დროის შემდეგ მათ შორის კონფლიქტი დაიწყება. რაც შეეხება იმ გუნდს, რომელსაც მხარს მიხეილ სააკაშვილი უჭერდა, ის მთავრობის პოლიტიკური პრესინგის ქვეშ აღმოჩნდება, თუმცა საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას მაინც შეძლებენ“, - ამბობს ბაჩო ქორჩილავა.

















