სტატიის ავტორი ნურანი (ტოფიგა კასიმოვა) აზერბაიჯანში ერთ-ერთ პოპულარულ და მაღალი დონის პროფესიონალ
ჟურნალისტად ითვლება. მისი პუბლიკაციების მუდმივ თემატიკას საქართველოში შექმნილი ვითარება, აზერბაიჯან-საქართველოს და საქართველო-სომხეთის ურთიერთობები წარმოადგენს. ამ სტატიაშიც ტოფიგა კასიმოვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისში გამართულ ოპოზიციურ მიტინგს ეხება და გარკვეულ დასკვნა-კომენტარებს აკეთებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
„თბილისიდან ისევ მოდის დრამატული შეტყობინებები: რამდენიმე დღის მაცდური არჩევნებისშემდგომი სიჩუმის შემდეგ საქართველოს დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე მიხეილ სააკაშვილის პარტიის მომხრეებმა მიტინგი გამართეს, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით“, - წერს ავტორი, - „მართალია, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ მისი გამარჯვების „სიწმინდე“ ბევრში ეჭვებს იწვევს. ალბათ, შეიძლება დავინტერესდეთ, თუ რა როლი შეასრულა მის გამარჯვებაში საქართველოს ხელისუფლების დაპირებამ საბანკო ვალების ჩამოწერის თაობაზე - არის თუ არა ეს ფაქტი ამომრჩევლის ბანალური მოსყიდვა? სხვათა შორის, მთავრობის მიერ გადადგმული „მომქრთამავი“ ნაბიჯის გამო უკმაყოფილება გამოხატეს ევროპელმა დამკვირვებლებმაც, მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, მართალია, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ იმავდროულად არჩევნების მიმდინარეობა ნეგატიურად შეაფასა - „ამგვარი სტანდარტები საქართველოსთვის მიუღებელიაო“.
მოკლედ, მეორე ტური უკან დარჩა, გამარჯვებულად სალომე ზურაბიშვილი აღიარეს, მაგრამ გამოთქმა - „გამარჯვებულებს არ ასამართლებენო“, მას არ ეხება. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, საჭადრაკო „ცუგცვანგის“ მსგავს სიტუაციაში მოხვდა, როცა ფიგურებით ყოველი სვლა მოთამაშის პოზიციებს აუარესებს. მაგალითად, იგი შეეცადა ეჭვების გაფანტვას კრემლთან მისი სიახლოვის თაობაზე და განაცხადა, რომ „ამჟამად რუსეთთან თანამშრომლობის დრო არ არის“, თუმცა იქვე „შეასწორა“ – „თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო გვერდზე არ დარჩებაო“. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გრიგოლ ვაშაძის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა: „არცერთი პასუხისმგებელი დიპლომატი ასეთ სისულელეს არ იტყვის, ამით იგი რუსეთს ეთანხმება, რომელიც ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს - საქართველო თითქოს დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის და საგარეო პოლიტიკას ვაშინგტონი და ბრიუსელი გვკარნახობს“. გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება არ შეუძლია, „მის ირგვლივ არავინაა ისეთი, რომელიც ეტყვის, რომ სანამ რაიმეს განაცხადებდეს, უმჯობესია ჯერ მრჩევლებთან განიხილოს. ყოველი მისი სიტყვა უკვე საქართველოს ოფიციალურ პოზიციას ნიშნავს“.
შესაძლოა სხვა სიტუაციაში ეს განცხადება შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩენილიყო, ანდა მისთვის „ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა“ გვეწოდებინა, მაგრამ იმ დროს, როცა თბილისის ქუჩებში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები გამოვიდნენ და არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოთა რაოდენობა სახიფათოდ მატულობს, „საკითხის ფასი“ სალომე ზურაბიშვილისათვის უკვე იცვლება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როცა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს ფარულად ბიძინა ივანიშვილი მართავსო.
დღეს, როცა ოპოზიცია მიტინგების ფაზაში გადადის, ხელისუფლებას წაუგებელი მოქმედების ვარიანტები აღარ აქვს. რა გააკეთოს მთავრობამ? პროტესტები ძალის მეშვეობით ჩაახშოს? ეს ძალიან სარისკოა. საქმე საქართველოს დემოკრატიულ იმიჯშიც კი არ არის, არამედ იმაში, რომ უკრაინის მსგავსად, „ძალით ჩახშობამ“ „მაიდანი“ არ გამოიწვიოს. მაშ, მოიცადოს ხელისუფლებამ, სანამ მიტინგები თვითონ არ „გაიწოვება“? ეს უფრო სარისკო საქმეა, რადგან შეიძლება პირიქით მოხდეს და აქციების მუხტი გაძლიერდეს. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილს „მაიდნების“ გამოცდილება აქვს. კი, „მიხომაიდნის“ მოწყობის მცდელობა მას უკრაინაში არ გამოუვიდა, მაგრამ მშობლიურ საქართველოში მოახერხებს. დათანხმდეს მთავრობა არჩევნების საეჭვო გარემოებების გამოძიებაზე? ამას შეუძლია მიტინგების მუხტი შეამციროს, მაგრამ მაშინ კითხვის ქვეშ დადგება თვითონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება. რომელ გზას აირჩევს თბილისი, ძნელი სათქმელია, თუმცა ჯერ-ჯერობით „მესამე ტურისა“ და „მეორე რევოლუციის“ გამორიცხვა ნაადრევია“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

















