ისრაელის ტელეარხის «i24news»-ისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ახლადაჩეული
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხება ქერჩის სრუტესთან მომხდარ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებას და ამბობს, რომ „ეს კრიზისი უკიდურესად მგრძნობიარე საკითხია საქართველოსთვისაც. ამიტომ ჩვენ უკრაინას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ორი რეგიონი დაიპყრო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან რეზიუმეს:
„რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რაც საქართველოში და უკრაინაში ხდება. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ როცა საერთაშორისო საზოგადოების წევრი ხარ, ეს ნიშნავს, რომ მხარი უნდა დაუჭირო სტაბილურობას და ისეთი პოლიტიკა არ უნდა გაატარო, როგორსაც ყოფილი საბჭოთა კავშირი ატარებდა“, - თვლის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. „საქართველო რუსეთის მეზობელია, მაგრამ მას არ შეიძლება სულ იმის შიშში ცხოვრობდე, რომ მეზობელი არასტაბილურობას მოგიწყობს“, - ხაზს უსვამს პოლიტიკოსი.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე საქართველოსათვის, ანუ იმ ქვეყნისათვის, რომლის მიზანს ევროკავშირისა და ნატოს წევრობა წარმოადგენს: „ჩვენ გვჭირდება, რომ შავ ზღვაზე სტაბილური გარემო იყოს. განზრახული გვაქვს ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ - ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან დაადასტურა ქართველი ხალხის სურვილი „ევროკავშირშთან ინტეგრირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის განმტკიცებას უკრაინა-რუსეთის კრიზისთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისით ქვეყნის ახლადარჩეულ ლიდერს იმედი აქვს, რომ ამ საკითხში მას ისრაელი დაეხმარება, „რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორია“: „ჩვენ ძალიან გვჭირდება ძლიერი პარტნიორები, რათა ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები განვამტკიცოთ როგორც ზღვაზე, ასევე ჰაერშიც“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს და ისრაელს ბევრი რამ აერთიანებთ, მათ შორის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავდაცვისათვის არამეგობრულად განწყობილ მეზობლებისაგან.
პრეზიდენტმა პასუხი გასცა აგრეთვე კითხვას საქართველოს საელჩოს გადატანის თაობაზე იერუსალიმში. მისი თქმით, ეს საკითხი საქართველოს მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს.

















